რონი ო'სალივანი: მხოლოდ სტივენ ლი არ არის გასვრილი

AutoSharing Option
ადრე ვწერდით იმის შესახებ, რომ 38 წლის ბრიტანელი სნუკერისტი სტივენ ლი დამნაშავედ სცნეს ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაში.

მისი კარიერის ბედი 24 სექტემბერს გაირკვევა, როცა გამოცხადდება სასჯელის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ სნუკერის მმართველი ორგანიზაცია მოთამაშის სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს.

2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის აპრილის პერიოდში სტივენ ლის კონტაქტი ჰქონდა ადამიანების სამ სხვადასხვა ჯგუფთან. თითოეული ფსონს აკეთებდა ლის მატჩების შედეგებზე, ფრეიმების რაოდენობაზე ან სულაც ზუსტ ანგარიშზე. 2012 წლის 12 ოქტომბერს ბრიტანელი ჩამოაშორეს სნუკერის ოფიციალურ ტურნირებს.

ამ სკანდალს გამოეხმაურა მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული
რონი ო’სალივანი, რომელმაც თავის "ტვიტერზე" შემდეგი დაწერა:

"მე გავიგე, რომ ბევრი მოთამაშე მონაწილეობს ჩაწყობილ თამაშებში. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ლის არ გაუმართლა, რადგან ის გამოიჭირეს. მე, უბრალოდ, მინდა, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო და ოდნავი სიცხადე შევიტანო ამ საკითხში. შენ შეგიძლია არ ინერვიულო, თუ არაფერი გაქვს დასამალი, თუმცა ბევრი ორმაგ თამაშს ეწევა. ამიტომაც არ არის სნუკერში სიტყვის თავისუფლება. შესაძლოა, ამ განცხადებისთვის მათ დამაჯარიმონ. მათ მოსწონთ სიტუაციის მკაცრად გაკონტროლება და ყველაფრის დამალვა".


უფრო ადრე სტივენ ლისთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა კიდევ ერთმა ბრიტანელმა სნუკერისტმა მარკ ალენმა: "ამან დიდი დრო დაიკავა, მაგრამ სტივენ ლის საქმე დასასრულს მიუახლოვდა. მას ადგილი არ აქვს ჩვენს სპორტში! იმედია, მას სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის".

მოგვიანებით ვებგვერდ Worldsnooker.com-ზე გამოქვეყნდა კომპანია World Snooker Limited-ის პრეზიდენტის, ბარი ჰირნის რეაქცია ო’სალივანის განცხადებაზე.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გამონათქვამები ძალიან სერიოზულია. ვთხოვეთ რონის, განემარტა თავისი განცხადებები, მოეწოდებინა კონკრეტული ინფორმაცია ჩაწყობილ თამაშებზე და დაესახელებინა გვარები, რომლებსაც გულისხმობს. აშკარაა, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებ უმაღლეს ხელმძღვანელობას, სრული უპატივცემულობაა და არღვევს ჩვენს სპორტს. ჩვენ ველით პასუხს. არ გავაკეთებთ კომენტარს ახალი ინფორმაციის მიღებამდე", - ამბობს ჰირნი.

მალე გავრცელდა ო’სალივანის პასუხი, რომელმაც თავის "ტვიტერზე" დაწერა: "კონკრეტული მონაცემები ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით მე არ მაქვს, მაგრამ, როგორც ოფისის თანამშრომლებმა, მათ კარგად იციან, ვინ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შეუდარებელი რონი ო'სალივანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული