შარშან, ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ასოციაციამ დუბაიში ყოველწლიურ შეხვედრაზე პოკერი სპორტის ინტელექტუალურ სახეობად გამოაცხადა, რითაც ეს თამაში ბრიჯისა და ჭადრაკის გვერდით დააყენა. ამ საკითხის ლობირებით დიდი ხანი იყო დაკავებული პოკერის საერთაშორისო ფედერაცია. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ პოკერი წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ინტელექტიალურ თამაშებზე, რომელიც 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის პარალელურად გაიმართება.
ამასობაში, ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის თანამშრომლებმა რამდენიმე კვლევა ჩაატარეს იმის შესამოწმებლად, როგორ მოქმედებს პოკერი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სტრესი
კანადის მაკგილის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ ონლაინ-პოკერი სტრესის დონეს ადაბლებს. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს -
გონებრივი აქტივობა
იმავე კანადელი მეცნიერების მეორე გამოკვლევის შედეგად, პოკერი ხელს უწყობს ტვინის იმ ფუნქციის ამაღლებას, რომელიც მეხსიერებაზე, ყურადღებასა და აზროვნებაზეა "პასუხისმგებელი". პოკერში ყოველი სიტუაცია შეიძლება სხვადასხვა პოზიციიდან იქნას განხილული თამაშში, ამიტომაც მოთამაშეს მაქსიმალური აზროვნება და ცოდნა მოეთხოვება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტვინის შესანიშნავი ვარჯიშია, ხოლო ხშირი და ხანგრძლივი სესიები მაქსიმალურად ხსნის გონებას და თან მოთამაშის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
აზარტი
იელის უნივერსიტეტის სწავლულები ეყრდნობიან გამოკვლევას, რომელიც ამტკიცებს, რომ აზარტული მოთამაშეები უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც რისკი არ უყვარს. ფსიქიატრიის დოცენტის რანი დიზეს სიტყვებით, ამის მიზეზია სათამაშო სესიის დროს აქტიურობის, სოციალიზაციისა და გონებრივი სტიმულაციის ზრდა.
პოკერული დამოკიდებულება
Menta Research-ის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ პოკერმა შეიძლება მეტისმეტი დამოკიდებულება გამოიწვიოს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ თამაში აკრძალულია ბევრს ქვეყანასა და ამერიკის ბევრ შტატში. პოკერი ზუსტად იგივე შეგრძნებას იძლევა, რასაც ნარკოტიკი. მეცნიერები მოგვიწოდებენ, ყურადღება მივაქციოთ მოთამაშეთა უმრავლესობის მახასიათებლებს და შევადაროთ ის კოკაინით გატაცებულ ადამიანებს: მოუსვენრები, ნერვიულები, რომლებსაც დამოკიდებული საგნის გარდა არაფერზე ფიქრი არ შეუძლიათ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ დროულად არ ვუმკურნალეთ პოკერზე დამოკიდებულებას, ადამიანი შეიძლება გაგიჟდეს კიდეც.
დოპინგი
Nova Southeastern უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, პოკერის მოთამაშეთა დიდი ნაწილი თამაშის ეფექტურობას დოპინგის გამოყენებით ზრდის. გამოკითხულთა 28 პროცენტი რეგულარულად იღებს მინიმუმ ერთ ლეგალურ სამედიცინო საშუალებას, რომელიც ექიმის რეცეპტით არის დანიშნული. 34 პროცენტი მარიხუანას ეწევა და 8 პროცენტი კოკაინს ყნოსავს.
"როცა თამაში არ გამომდის, მარიხუანას ვეწევი. მოვწევ და გაცილებით უკეთ ვთამაშობ", - ასეთი კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა რესპოდენტმა. Nova Southeastern-ის პროფესორმა კევინ კლოუსონმა განაცხადა, რომ ლეგალური ან არალეგალური პრეპარატების მიღებით მოთამაშეები სერიოზულ უპირატესობას იღებენ, მაგრამ მოგვიანებით ამას ცუდი გამოვლინებები აქვს - გულის შეტევა, მხედველობის დაქვეითება, დაღლილობა, დეპრესია...
* * *
ცნობილია, რომ ბევრი ყოფილი თუ მოქმედი სპორტსმენი სერიოზულად არის დაკავებული პოკერით. დღეს რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
სებასტიან შაბალი
ეს გრძელთმიანი ფრანგი დიდი ხანია გახდა სარაგბო სამყაროს საკულტო ფიგურა და ახლა პოკერში აპირებს მწვერვალების დაპყრობას. თავის სპორტულ აგრესიასა და ჟინს პოკერში თავის მეტოქეებზე მიმართავს, რაც საკმაოდ მაღალი შედეგების მიღწევის საშუალებას აძლევს. შაბალს ინტერნეტში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის იყენებს "ცოცხალ" ტურნირებში გამოსვლის შანსს. მონახეთ თქვენს მონიტორზე მოთამაშე მეტსახელად Chabal და სცადეთ მისი დამარცხება.
ლენოქს ლუისი
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ხშირად ერთობა პოკერით. ბოლოს ლუისმა მონაწილეობა მიიღო ტურნირში, სადაც 9 ათასი ადამიანი შეიკრიბა და თითომ 10 ათასი დოლარი გადაიხადა. სამწუხაროდ, ლენოქსი პირველივე დღეს გამოეთიშა ბრძოლას და საპრიზოების გარეშე დარჩა. რაც ყველაზე საინტერესოა, ლენოქსი ქალთან - სესილ მორტენსენთან დამარცხდა. მართალია, ის პოკერში პროფესიონალი მოთამაშის კარლოს მორტენსენის მეუღლეა, მაგრამ მაინც გასაკვირი იყო ლენოქს ლუისის ეს "ნოკაუტი". "კრივში იცი როგორი ბანქო რიგდება, პოკერში - არა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა მსოფლიოს სერიაში თავის გამოსვლას ლუისმა.
ნიკო როსბერგი
მას არასოდეს დაუმალავს პოკერით თავისი გატაცება. რუბენს ბარიკელოსთან, რობერტ კუბიცასთან, ჯანკარლო ფიზიკელასთან, ნიკ ჰაიდფელდთან და ფერნანდო ალონსოსთან ერთად უყვარს პარასკევობით შეკრება და "ხურდაზე" თამაში - 500 ევროზე მეტი ამ კამპანიაში არავის წაუგია (ან მოუგია). გარდა ამისა, როსბერგი ხშირად თამაშობს ინტერნეტში. ამასთან, მხოლოდ უცნობ მეტოქეებს ირჩევს (ჩვენს დროში ამის გაკეთება საკმაოდ იოლია). თუ ვინმე ნახავთ პოკერის მაგიდასთან მეტსახელს - Nico Roastbeaf-ს, იცოდეთ, რომ ეს "მერსედეს გრან-პრის" პილოტია.
ტედი შერინგემი
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტედი შერინგემი მსოფლიო სერიის ტურნირების პრიზიორი ყოფილა და ევროპის ტურშიც გამოუჩენია თავი. ის თანაბრად ეთამაშება მსოფლიოს საუკეთესო პოკერისტებს. შერინგემს ბოლო წარმატება პორტუგალიის პატარა ქალაქ ვილამორაში ჰქონდა, სადაც ინგლისელმა მეხუთე ადგილი დაიკავა - თითქმის 400 მეტოქე დაამარცხა და 93 120 ევრო გამოიმუშავა.
ბორის ბეკერი
ბორის ბეკერს არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უნდა პოკერის სერიოზული მოთამაშე გახდეს. უკვე დიდი ხანია "ცოცხალი" ტურნირების ხშირი სტუმარია, მათ შორის პრესტიჟული ჩემპიონატების. ბეკერმა ერთხელ თქვა, რომ პოკერი ყოველთვის ეხმარებოდა უმნიშვნელოვანესი საჩოგბურთო მატჩებისთვის მოსამზადებლად. "პოკერსა და ჩოგბურთს ბევრი საერთო აქვს - ორივეგან უნდა შეგეძლოს ხანგრძლივი კონცენტრაცია. გამარჯვებისკენ გზაც თითქმის ერთნაირია. თუმცა განსხვავებაც არის. პოკერში მეტოქეს ყველა "ჩიპი" უნდა აართვა, თანაც შენი არ უნდა დაკარგო. ამ დროს, ჩოგბურთში არასოდეს დამისახავს მიზნად მეტოქისთვის მაინც და მაინც 6:0: 6:0 მომეგო", - გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას ლეგენდარული ჩოგბურთელი. ინტერნეტში ბორის ბეკერი "ორიგინალური" ფსევდონიმით თამაშობს - Boris Becker. ის არერთხელ მოხვედრილა სერიოზული ტურნირების პრიზიორებს შორის და პოკერისტთა წრეებში ნიჭიერ მოთამაშედ მიიჩნევა.