ქართველი ათლეტისთვის განსაკუთრებით წარმატებული წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა - იტალიის ქალაქ სეგრატეში 35 წელს გადაცილებულ სპორტსმენთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე 6 მედალი მოიხვეჭა. მსოფლიოზე მრავალჭიდსა და ფიგურულ სრიალში ოქროები ხვდა, სლალომში ვერცხლით დაკმაყოფილდა - მეტოქემ ნახევარი ტივტივათი აჯობა. ევროპაზეც მსგავს წარმატებას მიაღწია -
- საქართველოში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი, უცხოეთში წავსულიყავი სამუშაოდ, - მითხრა გუშინ გენადი გურალიამ სპორტის სამინისტროში, სადაც მას, მის ვაჟს ლევანს, წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ რომან მელიას მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურმა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა გია გალდავამ შეხვედრა მოუწყვეს. - რვა წელიწადი საბერძნეთის ნაკრებს ვავარჯიშებდი. ჩემი ხელმძღვანელობით ელადელებმა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე 30-მდე მედალი მოიპოვეს. ოთხი წელიწადია, იტალიის ქალაქ სან ჯერვასიოში, ბრეშიის რაიონში, ვცხოვრობ. იქაური კლუბის წევრებს ვწვრთნი. მაღალი შედეგებიც გვაქვს. უფროსები არ მიშლიან მნიშვნელოვან ტურნირებში ძალების მოსინჯვას, რადგან იქ მოპოვებული წარმატებები კლუბისთვის რეკლამაა. ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო.
ჩემთან ერთად ვარჯიშობს ჩემი ვაჟი ლევანი, რომელიც 15 წლისაა. წლეულს, ასაკთან წინმსწრებად სტუდენტი გახდა. შარშან მან იტალიის წყალსათხილამურო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ "მიკი მაუსის თასის" გათამაშებაზე 6 მედალი მოიპოვა, წლეულს კი ქვეყნის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში მე-3 ადგილი დაიკავა. ჯერ ახალგაზრდაა და გამოცდილება აკლია, თორემ უკეთესი შედეგების ჩვენებაც შეუძლია.
- ფოთის ბაზაზე რას იტყვით?
- შემთხვევითი არ იყო, რომ იქ 1991 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. შესანიშნავია ტბის განლაგება, კლიმატური პირობები. ახლა ფოთში დილა-საღამოს ისევე შეიძლება ვარჯიში, როგორც ზაფხულობით, ვთქვათ, შვედეთსა და ინგლისში. ამიტომაც იყო, რომ ყოფილი საბჭოეთის სპორტსმენები შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე ჩვენს ზღვისპირეთში იყრიდნენ თავს. უწყვეტად ვარჯიშობდნენ და კარგი შედეგებიც ჰქონდათ.
ევროპელები, მაგალითად, ზამთრობით ამერიკაში მიდიან საწვრთნელ შეკრებაზე. ჩვენ რომ სათანადო ინსფრასტრუქტურის ბაზა გვქონდეს, ბევრი სტუმარიც გვეყოლებოდა, რაც ქვეყნისთვის შემოსავლის წყაროც იქნებოდა, ეკონომიკურად - მომგებიანი. მალთაყვის ბაზის კოსმეტიკური შელამაზება საქმეს ვერ უშველის. ცხოვრება წინ წავიდა, უცხოელებს ფული აქვთ და რაც შეიძლება მეტ კომფორტს ითხოვენ. მაგალითად, სან ჯერვესიოს ბაზაზე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, მთელი წლის განმავლობაში ათასზე მეტი ადამინი ვარჯიშობს, როგორც სპორტსმენი, ისე მოყვარული. ევროპელებისთვის შაბათ-კვირას წყლის თხილამურებით სრიალი განტვირთვის უებარი საშუალებაა. ამიტომაც აშენებენ ახალ-ახალ ბაზებს, ერთი მეორეზე უკეთესებს.
სპორტსმენთა მოსამზადებლადაც თანხას არ იშურებენ. მაგალითად, ბერძნების წლიური ბიუჯეტი 400 ათას ევროს შეადგენდა, იტალიელებისა ორ მილიონ ევროს აჭარბებს.
საქართველოს წყალსათხილამურო ფედერაციას კი წელიწადში 20 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, რაც ერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გასამგზავრებლად თუ იკმარებს.
იმედია, საქართველოში წყალსათხილამურო სპორტს მეტი ყურადღება მიექცევა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან. მოხარული ვიქნები, ამ სახეობის ასაღორძინებლად სერიოზული ნაბიჯები თუ გადაიდგმება.
რომან მელია: "საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარება პრიორიტეტული უნდა გახდეს. ეს კი თავისთავად გულისხმობს წყლის სახეობების განვითარებას. მით უმეტეს, რომ საქართველოში ამ მხრივ ამოუწურავი რესურსი გვაქვს. როგორც თოვლიანი ტრასები მომრავლდა საქართველოში, ასევე მასობრივი უნდა გავხადოთ წყლის თხილამურები. რიგსონების გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა ბაზების მოწყობა შეიძლება ბათუმის ცენტრში, კერძოდ, მოსწავლეთა პარკში, ასევე, ბაზალეთზე, რუსთავში, ლისისა და კუს ტბებზე. უკატარღოდ, რიგსონების დახმარებით უკვე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებიც იმართება. ბაზების მოსაწყობად გაღებული თანხა საქართველოს ერთი-ორად დაუბრუნდება. აღარაფერს ვამბობ სპორტსმენთა მომზადებაზე. ამ საქმეში კი გენადი გურალიას, რომელიც 12 წელიწადია, უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ შეჯიბრებებზე მუდამ საქართველოს სახელით გამოდის, ფასდაუდები სამსახურის გაწევა შეუძლია".
დავით ნამგალაური: "მართლაც, სეზონი ისე არ გავა, გურალიამ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს სახელით სხვადასხვა სინჯის რამდენიმე მედალი არ მოიპოვოს. წყალთხილამურობა ლამაზი სპორტია და დიდი სურვილი გვაქვს, იგი ავაღორძინოთ. ჩვენი თაობისთვის პრიორიტეტულია ზღვისპირა ზოლის, საერთოდ, ტურიზმის განვითარება. ფოთში წყალსათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად პირველ ნაბიჯებს 2011 წელს გადავდგამთ, მომდევნო წელს კი აქ საერთაშორისო ტურნირის გამართვაზეც ვიზრუნებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წყალთხილამურობაში მეტი ახალგაზრდა ჩავაბათ, მით უმეტეს, რომ ამ სპორტის სახეობის მოყვარულები საქართველოში მრავლად არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
.