ბატუტზე მხტომელები ეროვნული პირველობის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
წელს 9-15 აპრილს სანკტ-პეტერბურგი ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში ქართველი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.

პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი, ლონდონის თამაშების ლიცენზიატი ლუბა გოლოვინა, მსოფლიოს თასების მრავალგზის ფინალისტი თენგიზ კოშკაძე და ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი თამარ კაკაშვილი უფროსებში გამოვლენ, ხოლო 18-წლამდელებში საქართველოს სპორტულ ღირსებას 12-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა, ნანა გოგაშვილი და ზურაბ ნოზაძე დაიცავენ.

სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრების წევრები 24 მარტს ბატუტზე მხტომელთა ეროვნულ ჩემპიონატში (მთავარი მსაჯი რუსუდან ხოფერია) გამოცდიან ძალებს. ეს შეჯიბრება, რომელშიც დედაქალაქის, ქუთაისისა და აჭარის 45 წარმომადგენელი
ჩაება, 23 მარტს თბილისის ტანვარჯიშულ სახეობათა დარბაზში დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს სარბიელი სპორტის ოსტატობის კანდიდატისა და პირველი თანრიგის პროგრამებით მოასპარეზებს დაეთმოთ. კანდიდატ ვაჟებში ეულად გამოდიოდა გიორგი ავლოხაშვილი, რადგან ხუთმა სპორტსმენმა ავადმყოფობის გამო მონაწილეობა ვერ შეძლო, გოგონებში კი პირველი-მესამე ადგილები, შესაბამისად, თბილისელებმა - ნატალია ჩადუნელმა (71,34), ნუცა ჭკუასელმა (69,43) და ნათია მწითურმა (45,16) გაინაწილეს.

I თანრიგის პროგრამით: ვაჟები. 1. ონისე თვალავაძე (42,0), 2. თორნიკე ბარბაქაძე (39,4), 3. გურამ გიორგიძე (სამივე - ქუთაისი, 38,7). გოგონები. 1. დიანა ფოთელიძე (48,8), 2. ქრისტინე სალნიკოვა (ორივე - აჭარა, 44,3), 3. ბარბარა ბაღათურია (ქუთაისი, 28,1).

- სასიამოვნოა, რომ შეჯიბრებაში პერიფერიებიდან კარგად მომზადებული გოგო-ბიჭები ჩაებნენ, - გვითხრა ბატუტზე მხტომელთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა. - ჩვენი სახეობის გეოგრაფია თანდათან იზრდება.

ფედერაციის პრეზიდენტის - მერაბ ჩიქობავას ხელშეწყობით ხაშურში სპორტსკოლასა და ბატუტზე ხტომების სექციას სათავეში ჩაუდგა საერთაშორისო სპორტის ოსტატი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ზაქარია აბრამაშვილი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შვიდი წელიწადი იმუშავა მწვრთნელად.

ერთი ჯგუფი უკვე მუშაობს რუსთავში, სპორტის ოსტატის, გამოცდილი მწვრთნელის ელგუჯა ტატიაშვილის ხელმძღვანელობით. რუსთავს ბატუტზე ხტომაში კარგი ტრადიცია აქვს, რასაც აღორძინება სჭირდება. ორივე ქალაქიდან სპორტსმენებს მალე შეჯიბრებებშიც ვიხილავთ.

24 მარტს პირველობისთვის იბრძოლებენ ლუბა გოლოვინა, ანა ოდიშვილი, ნანა გოგაშვილი, თეონა ჯანჯღავა, ზურაბ ნოზაძე, ასევე, თენგიზ კოშკაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა დანელ-ნელა იბრუნებს უწინდელ ფორმას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ფედერაცია 25 მარტიდან დუშეთში თორმეტდღიან საწვრთნელ შეკრებას მოგვიწყობს, რაც კონტინენტის პირველობისთვის უკეთ მოსამზადებლად დაგვეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული