გამოვლინდნენ ახალგაზრდებს შორის მრავალჭიდში გამარჯვებული და პრიზიორები; ასევე, უფროსებში, ცალკეული საგნების მიხედვით, სამივე სინჯის მედლების მფლობელები.
ასპარეზობის შემდეგ შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მერაბ ჩიქობავას.
- საინტერესო შეჯიბრება იყო. ჩემპიონატს დაძაბულობა შემატა ნიჭიერი ტანმოვარჯიშის, ელვირა ზუკაკიშვილის მონაწილეობამ. ეს გოგონა უწინ რუსეთის სახელით გამოდიოდა, მაგრამ ახლახან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავს.
გვქონდა ერთი სიახლეც - მეტი ობიექტური მსაჯობისთვის ლატვიიდან ცნობილი
აქ მრავალჭიდში ჩემპიონობა, როგორც იცით, გაბრიელა ხვედელიძემ მოიპოვა. მეორე-მესამე ადგილებზე სოფიო ფარულავა და სალომე ფაჟავა გავიდნენ. სამივე სპორტსმენი წლეულს 1-3 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.
ამათგან ხვედელიძე ორ საგანში, ფარულავა და ფაჟავა კი თითოში იბრძოლებენ მედლებისთვის. სამივეზე დიდ იმედებს ვამყარებთ როგორც ცალკეულ საგნებში, ისე გუნდურში. მართალია, ჩვენს გოგონებს მხატვრულ ტანვარჯიშში მდიდარი ტრადიციების ქვეყნების - რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, ბელარუსის წარმომადგენლებთან მოუწევთ პაექრობა, მაგრამ გვჯერა, რომ გვასახელებენ.
- თბილისში 12-13 მაისს საერთაშორისო ტურნირის ჩატარება გადაგიწყვეტიათ...
- ჯერ კიდევ ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელად არჩევამდე ვოცნებობდი მხატვრულ ტანვარჯიშში დიდი საერთაშორისო ტურნირის გამართვას. აი, ახლა ოდნავი საშუალება მოგვეცა და არ გვინდა, შანსი ხელიდან გავუშვათ. მოგეხსენებათ, წლეულს ოლიმპიური თამაშებია და იქ მონაწილე ქვეყნები საკუთარი პრობლემებით არიან დატვირთულნი. ამის მიუხედავად, 12-მა ფედერაციამ მაინც გამოგვიგზავნა თანხმობა.
80-ამდე სპორტსმენი გვეწვევა. ტანვარჯიშის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციას ვთხოვეთ, ამ შეჯიბრებაზე თავისი ექსპერტი გამოგვიგზავნოს. ძალიან გვინდა, რომ "თბილისის თასი" სამომავლოდ ფიგ-ის კალენდარში შევიდეს. ბელარუსი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი მარინა ლობაჩი გვეწვევა.
საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლის დიდი სურვილი აქვს რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სახელოვანი ტანმოვარჯიშეების აღმზრდელ ირინა ვინერს, რაც მან პირად საუბარშიც დაგვიდასტურა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოიცლის, რადგან ოლიმპიური თამაშები კარსაა მომდგარი.
თბილისის თასზე გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდება მრავალჭიდში, ცალკეულ საგნებსა და ჯგუფურ ვარჯიშში. ამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარება ჩვენში მხატვრული ტანვარჯიშის შემდგომ აღმავლობას შეუწყობს ხელს.
- საქართველოს ბატუტზე მხტომელები ამჟამად დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მათ შესახებ რას იტყვით?
- ტრავმების შემდეგ ბატუტს დაუბრუნდნენ და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ლუბა გოლოვინა და თენგიზ კოშკაძე. ისინი საკმაოდ კარგ სპორტულ ფორმაში არიან და ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 10 აპრილიდან სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებს, მათგან წარმატებებს ველით. ნევისპირა ქალაქში მოსინჯავენ ძალებს, ასევე, თამარ კაკაშვილი (უფროსებში), ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა, ნანა გოგაშვილი და ზურაბ ნოზაძე (ახალგაზრდებში).
გულშემატკივრებს, ალბათ, ახსოვთ, რომ შარშან ბრიტანულ ბირმინგემში მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგაშვილმა და კაკაშვილმა სინქრონულ ხტომებში 18-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი დაიმსახურეს, თეონა ჯანჯღავამ და ანა ოდიშვილმა მე-4 ადგილი დაიკავეს და ბრინჯაომდე მცირედი დააკლდათ.
ინდივიდუალურ ხტომებში 12-წლიანთა შორის 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ოდიშვილი საკვალიფიკაციო ხტომების შემდეგ ბირმინგემშიც პირველი იყო, მაგრამ ფინალში დათმო პოზიციები და მე-4 ადგილს დასჯერდა. ნოზაძემ მე-6 ადგილი დაიკავა. ასე რომ, ჩვენს ბატუტზე მხტომელებს აქვთ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის პოტენციალი.
თუმცა, საწყენად ნურავის დარჩება და, ამჯერად განსაკუთრებით გოლოვინას შედეგები გვაინტერესებს - მან ხომ ლონდონის თამაშებზე ჩვენი ქვეყნის სპორტული ღირსება უნდა დაიცვას. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იგი კოშკაძესთან ერთად პეკინში მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოვა. იქ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებთან, ანუ უშუალო კონკურენტებთან პაექრობაში გამოსცდის ძალებს, საშეჯიბრო გამოცდილებას შეიძენს.
- ერთიც მინდა გკითხოთ: ტანვარჯიშის სახეობებისთვის სპორტული დარბაზის მშენებლობის საკითხი თუ გადაწყდა?
- ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს მდგარა. საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებით, წლეულს საპროექტო სამუშაოები დასრულდება. ახლაც სპეციალურ კომისიასთან ერთად ტრაბზონს მივემგზავრები, სადაც შარშან ევროპის ახალგაზრდების ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა. გავეცნობით იქაურ სპორტულ ინფრასტრუქტურას. მათი გათვალისწინებით, 2015 წლის თბილისური ფესტივალისთვის ბაზების აშენების საბოლოო პროექტებს განსახილველად მაისის ბოლოსთვის წარვადგენთ. მშენებლობა კი გაისად დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"