სპორტული დრამატიზმი სპორტულ ტანვარჯიშში

AutoSharing Option
ვაჟთა გუნდურ შეჯიბრებაში ძირითადი ფავორიტები აზიელები - პეკინის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მფლობელები - ჩინეთისა და იაპონიის ნაკრებები იყვნენ. თუმცა კვალიფიკაციაში ნაჩვენები შედეგების გამო ამ ორი ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაში ბევრს შეეპარა ეჭვი.

კვალიფიკაცია აშშ-ის ნაკრებმა მოიგო. მათ რუსებს დამაჯერებლად, თითქმის სამი ქულით აჯობეს. მესამე საფეხურზე კი დიდი ბრიტანეთის ნაკრები გავიდა. ფინალში მასპინძლებმა ამ ადგილის შენარჩუნება შეძლეს.

ფავორიტები კი საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე ადგილს ვერ ასცდნენ. იაპონიის ნაკრები კოეი უჩიმურამ დააღალატა - ის ტაიჭიდან ჩამოვარდა და ამომავალი მზის ქვეყნის შვილები მხოლოდ მეხუთე
ადგილს დასჯერდნენ. იგივე შეცდომა უჩიმურამ ფინალშიც დაუშვა, რამაც "ნორს გრინვიჩ არენაზე" საკმაოდ უჩვეულო და ცოტა არ იყოს, უხერხული ვითარება შექმნა.

მსაჯებმა იაპონელის გამოსვლას, ცხადია, დაბალი შეფასება მისცეს. შედეგად, პირველ ადგილზე გასულ ჩინეთის ნაკრებს კვალში დიდი ბრიტანეთი ჩაუდგა, ბრინჯაოს მედლები კი უკრაინას ერგო. იაპონია მეოთხეზე დარჩა. ეს განლაგება საშეჯიბრო ციფერბლატზე დიდხანს არ დაუყოვნებიათ.

იაპონელებმა პროტესტი შეიტანეს, რის განხილვასაც რამდენიმე წუთი დასჭირდა. საბოლოოდ კი მათ ვერცხლის მედლები არგუნეს, ბრიტანელები ბრინჯაოს დასჯერდნენ. ამ ამბის გამოცხადებას, ცხადია, მაყურებელთა გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა, მაგრამ მსაჯების ეს გადაწყვეტილება უკვე საბოლოო იყო.

ჩემპიონი კი სრულიად დამსახურებულად ჩინეთის ნაკრები გახდა. საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, რომელშიც ამ გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა, ჩინელებმა ფინალში თითქმის უშეცდომოდ, მინიმალური დანაკარგებით იასპარეზეს და დაამტკიცეს, რომ ოთხი წლის წინათ პეკინში მიღწეული წარმატება სრულიად კანონზომიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჩინელთა გუნდში პეკინის ტრიუმფის ორი მონაწილე გამოდიოდა: ზუ კაი და იბინ ჩენი. მათთან ერთად, ოლიმპიური ოქროს მედლები პირველად მოიპოვეს ჟე ფენმა, ვეიან გუომ და ჩენლონ ჟანგმა.

შესანიშნავად იასპარეზეს ბრიტანელებმაც, რომელთა გამოსვლასაც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს პრინცები უილიამი და ჰარი. მასპინძელთა გუნდმა სტოკჰოლმში 1912 წელს გამართული ოლიმპიური თამაშების შემდეგ სპორტის ამ სახეობაში პირველად მოიპოვა მედალი.

კაცები
მრავალჭიდი. გუნდური
1. ჩინეთი 275.997
(იბინ ჩენი, ჟე ფენი, ვეიან გუო, ჩენლონ ჟანგი, კაი ზუო)
2. იაპონია 271.952
(რიოჰეი კატო, კაზუჰიტო ტანაკა, იუსუკე ტანაკა, კოეი უჩიმურა, კოჯი იამამურო)
3. ბრიტანეთი 271.711
(სემ ოლდჰემი, დანიელ პურვისი, ლუის სმიტი, კრისტიან ტომასი, მაქს უიტლოკი)
4. უკრაინა 271.526
5. აშშ 269.952
6. რუსეთი 269.603
7. გერმანია 268.019
8. საფრანგეთი 265.441

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული