ვერა შტელბაუმსი უმაღლესი დონის ოსტატებს ჯერ კიდევ საბჭოეთის ხანაში ზრდიდა. მის ხელში უამრავ ბრწყინვალე ტანმოვარჯიშეს გაუვლია, თუმცა ამ უბადლო მწვრთნელის ყველაზე დიდი მიღწევა ახლა უკვე ორგზის ოლიმპიური, მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ევგენია კანაევას აღზრდაა.
"კანაიმ", როგორც მას მოფერებით ეძახიან მეგობრები, დღიდან მისი ასპარეზზე გამოჩენისა, მხოლოდ პირველობისთვის იბრძვის და აღწევს კიდეც. ასე იყო ამჯერადაც.
მრავალჭიდში
საკმაოდ ჩამორჩნენ დანარჩენი ტანმოვარჯიშეები თავად დიმიტრიევასაც - იმდენად, რომ მშვიდად შეეძლო შეჯიბრება ბოლომდე მიეყვანა და ვერცხლის მედალს დაუფლებოდა. საბოლოოდ მისი მონაგარი 114,500 ქულა იყო.
გაცხარებული ბრძოლა გაჩაღდა ბრინჯაოს მედლისთვის. აქ პრეტენდენტი ერთბაშად სამი გახლდათ: სამხრეთკორეელი ჯაე იონ სონი, აზერბაიჯანელი ალია გარაევა და ბელარუსი ლუბოვ ჩარკაშინა. კორეელმა მესამე საგნით, გურზებით ვარჯიშისას უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც, ფაქტობრივად, მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მესამეადგილოსნის ვინაობა მხოლოდ ბოლო საგნით ვარჯიშის შემდეგ გაირკვა. ბაფთით ჩარკაშინამაც და გარაევამაც შესანიშნავად იასპარეზეს, თუმცა მსაჯებმა უპირატესობა მაინც ბელორუს სპორტსმენს მიანიჭეს და ბრინჯაოც მას დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ტანმოვარჯიშე ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სპორტიდან წასვლას აპირებს. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩარკაშინა დაიხარა და ხალიჩას გამომშვიდობების ნიშნად აკოცა.
"ყველაფერი კარგად გავაკეთე. მიხარია, რომ ეს შევძელი. ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთ ოქროს მედალზეც ვერ ვიოცნებებდი. ახლა კი ერთბაშად ორი მაქვს" - თქვა ევგენია კანაევამ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.
* * *
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსებს ვერავინ გაუწია კონკურენცია ჯგუფურ ვარჯიშშიც. უკვე პირველივე დისციპლინის შემდეგ ნათელი იყო, რომ ისინი ოქროს მედალს არავის დაუთმობდნენ. რუსეთის ნაკრებმა საბოლოოდ 57,000 ქულა დააგროვა და კვარცლხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ამდენად, მთავარი ბრძოლა ვერცხლის მედალისთვის გახურდა. ფავორიტები იტალიისა და ბელარუსის ნაკრებები იყვნენ, რომლებიც დანარჩენებს თითქმის ერთი თავით სჯობდნენ. მეორე ადგილის ბედი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა.
ორი რგოლითა და სამი ბაფთით ვარჯიშისას იტალიელმა ელიზა ბლანჩიმ ბაფთა ვერ დაიჭირა. შედეგად იტალიის ნაკრებს 55,450 ქულა დაუგროვდა. ბელორუსებმა კი მთელი ვარჯიში ერთი ამოსუნთქვით, სერიოზული შეცდომების გარეშე განვლეს, მეტოქეს 0,050 ქულით გაუსწრეს და პეკინში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ვერცხლზე გაცვალეს.
მრავალჭიდი
ინდივიდუალური
1. ევგენია კანაევა (რუს)
2. დარია დმიტრიევა (რუს)
3. ლიუბოვ ჩარკაშინა (ბლრ)
4. ალია გარაევა (აზე)
5. იეონ-ჟაე სონი (ს. კორ)
6. ალინა მაქსიმენკო (უკრ)
გუნდური
1. რუსეთი
2. ბელარუსი
3. იტალია
4. ესპანეთი
5. უკრაინა
6. ბულგარეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"