სალომე ფაჟავას ტრავმამ ისევ შეახსენა თავი

AutoSharing Option
ამას წინათ საფრანგეთმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან პრის უმასპინძლა, ხოლო იტალიაში მსოფლიოს თასის ეტაპი გაიმართა. ორივე შეჯიბრებაში უნდა ეასპარეზა რიოს ოლიმპიადის ლიცენზიატ სალომე ფაჟავას (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე), მაგრამ იგი სარბიელზე არ გასულა.

თუ რა მიზეზით, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ელისო ბედოშვილი.

- წლეულს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა მოსკოვის გრან პრიზე სალომემ ფეხი იღრძო, - გვითხრა მან. - ტრავმის ხარისხის დასადგენად და სამკურნალოდ იგი იქვე დარჩა.

უანგაროდ დაგვეხმარა რუსეთის მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ფედერაციის
პრეზიდენტი ირინა ვინერი-უსმანოვა. საუკეთესო სპეციალისტებთან მიიყვანა სალომე. 9 მარტისთვის ფაჟავა თბილისში დაბრუნდა და ჩვეული რიტმით განვაგრძეთ წვრთნა. მარტის მიწურულს საფრანგეთში რომ გავემგზავრეთ, ზედ გრან პრის წინ მას ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. გართულებების ასაცილებლად შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი ვთქვით.

სალომეს არც იტალიაში მსოფლიოს თასზე უასპარეზია. სამაგიეროდ, ნათელა ბოლატაევამ მოსინჯა ძალები. შარშანდელთან ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა. 63 მონაწილეს შორის 24-ე ადგილი დაიკავა. ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა ისიც კი დაწერა, საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოჩნდაო.

იტალიაში ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირზე ბელა კობალაძის შეგირდები - თამუნა ხელაძე და ქეთი არბოლიშვილი გამოვიდნენ. სტაბილურად იასპარეზეს და, რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატისთვის კარგი გამოცდილება შეიძინეს.

- როგორ ფიქრობთ, სალომე როდიდან შეძლებს შეჯიბრებებში მონაწილეობას?
- როგორც გითხარით, ჩვენ ვარჯიში არ შეგვიწყვეტია, მაგრამ რთულ ხტომებს ვერიდებით, რადგან იარა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოშუშებული. თანდათან დატვირთვებს გავზრდით მკურნალობის პარალელურად.

უახლოეს ასპარეზობამდე მთელი თვე გვაქვს წინ: 5 მაისს ჩეხეთი, 13 მაისს კი რუმინეთი მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან პრის უმასპინძლებს. სალომე ფორმას თუ აღიდგენს, ორივე ტურნირზე გამოვა.

მთავარია, ევროპის ჩემპიონატისთვის იყოს მზად. ეს შეჯიბრება კი 13-19 ივნისს ისრაელში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული