სალომე ფაჟავამ ჩეხეთში გამართულ მსოფლიოს გრან პრიზე გურზებით ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავს მხატვრულად ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე), რომელმაც ბოლო შეჯიბრებებში ელიტის რვა საუკეთესოში დაიმკვიდრა ადგილი.

წლის დასაწყისში მას უწინდელმა ტრავმამ შეახსენა თავი, მაგრამ ახლა იარები მოიშუშა და ნელ-ნელა ჩვეულ სპორტულ ფორმას იბრუნებს. დასტურად მსოფლიო გრან პრიც გამოდგება, რომელსაც ჩეხურმა ბრნომ უმასპინძლა.

მრავალჭიდში სალომემ 70.700 ქულას მოუყარა თავი და მეექვსე ადგილზე გავიდა. ქართველ ტანმოვარჯიშეს მსოფლიოს ჩემპიონმა მარგარიტა მამუნმა (რუსეთი, 77.100), მსოფლიოს და ევროპის პრიზიორმა მელტინა სტანიუტამ (ბელორუსი, 74.600), დიანა ავერინამ
(რუსეთი, 72.850), ვიქტორია ფილანოვსკიმ (ისრაელი, 72.100) და არინა ავერინამ (რუსეთი, 71.250) გაუსწრეს.

სამაგიეროდ, ფაჟავამ ცალკეული საგნებით ვარჯიშში იყოჩაღა: გურზებით 18.600 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. პირველი-მეორე ადგილები მარგარიტა მამუნმა (18.950) და მელიტინა სტანიუტამ (18.700) დაიკავეს.

ქართველი მხატვრულად ტანმოვარჯიშე ახლოს იყო კვარცხლბეკთან რგოლით ვარჯიშშიც, მაგრამ ფინალში მესამეადგილოსან სტანიუტას (18.850) 0.250 ქულით ჩამორჩა და მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა. ოქრო და ვერცხლი აქ რუსებმა - მარგარიტა მამუნმა (19.350) და დინა ავერინამ (18.900) გაინაწილეს.

ფაჟავამ ავსტრიელ ნიკოლ რუპრეჩტისთან ბურთით ვარჯიშში 17.700-17.700 ქულით IV-V ადგილები გაიყო.

კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. მარგარიტა მამუნი (19.450), 2. მელიტინა სტანიუტა (19.050), 3. ვიქტორია ფილანოვსკი (18.450).

ლენტით ვარჯიშში სალომემ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეცდომა დაუშვა და ფინალში ვერ მოხვდა.

სალომე მწვრთნელებთან ერთად ბრნოდან ბუდაპეშტს მიაშურებს, სადაც ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთი გრან პრი გაიმართება. მაისის მიწურულს კი ფაჟავა ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული