ქართველთა დუეტი ევროპულ ოქტეტში

AutoSharing Option
ტურინში (იტალია) გრძელდება წყალმხტომელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან - ჭოლა ჭანტურია, შოთა კორახაშვილი და სალომე ჯუღელიც მონაწილეობენ.

საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, წყალმხტომელთა ნაკრების მწვრთნელ ირაკლი ბართაიას ხელმძღვანელობით ქართველი სპორტსმენები ამ შეჯიბრებისთვის 21 თებერვლიდან მინსკში ემზადებოდნენ ბელარუსის ნაკრების წევრებთან და შეჯიბრებაზეც ერთად გაემზავრნენ.

სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 363 და 311,05 ქულა მოაგროვეს და 29 მონაწილეს შორის, შესაბამისად, მე-15 და 23-ე ადგილებზე გავიდნენ, რითაც, ცხადია, ფინალში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვეს. ამ დისციპლინაში კონტინენტის ჩემპიონობა
გერმანელმა პატრიკ ჰაუზდინგმა დაიმსახურა (499, 40 ქულა), ხოლო მეორე-მესამე ადგილები რუსებმა - ილია ზახაროვმა (493,85) და ევგენი კუზნეცოვმა (482,35) დაიკავეს.

გუშინ ჩვენმა სპორტსმენებმა სინქრონულ ხტომებში მოსინჯეს ძალები 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში და წარმატებითაც: უძლიერეს წყვილებთან პაექრობისას ჭანტურია და კორახაშვილი 363,06 ქულით საკვალიფიკაციოდან ფინალში გავიდნენ, რითაც შარშანდელი შედეგი (მე-9 ადგილი) გააუმჯობესეს. გადამწყვეტ ეტაპზე მათ 376,62 ქულა მოაგროვეს და საბოლოოდ მე-8 ადგილზე გავიდნენ. თუნდაც ეს მცირედი წინსვლა ჩვენს ბიჭებს ძალების რწმენას შემატებს, რაც მათთვის აუცილებელია, რადგან, სპეციალისტთა აზრით, ჭანტურიას და კორახაშვილს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის რეალური შანსი აქვთ როგორც ინდივიდუალურ, ისე სინქრონულ ხტომებში.

ამ ბოლო დისციპლინაში ოლიმპიადის საგზური ტურინშივე გაიფორმეს ევგენი კუზნეცოვმა და ილია ზახაროვმა (რუსეთი), რომლებმაც 454,68 ქულით ყველას აჯობეს (კონტინენტის 2011 წლის პირველობაზე ლიცენზიები მხოლოდ ჩემპიონებზე გაიცემა). გამარჯვებულებს 13,23 ქულით ჩამორჩნენ გერმანელები - პატრიკ ჰაუზდინგი და შტეფან ფეკი, რომლებიც ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. 425,37 ქულით მესამე დაგილი ფრანგებს - მატიუ როსესა და დამიენ გელის ხვდათ.

ერთმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში გამოდიოდა სალომე ჯუღელი, რომელსაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზით დიდი ხანი გაუცდა და შარშან შემოდგომიდან განაახლა ვარჯიში. ეტყობა, ოპტიმალური ფორმის აღდგენა ჯერ ვერ მოახერხა, რადგან ტურინში 27 მონაწილეს შორის 179,5 ქულით მხოლოდ 26-ე იყო. შაპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ტანია კაგნოტო (იტალია, 312,05), 2. ნადეჟდა ბაჟინა (რუსეთი, 288,75), 3. ანა ლინდბერგი (შვედეთი, 287,80).

ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი წყალმხტომელები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც 16-24 ივლისს შანხაიში გაიმართება. იქ ინდივიდუალურ ხტომებში 12 საგზური გათამაშდება, სინქრონულში კი 3 საუკეთესო წყვილი მიიღებს ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების უფლებას. დანარჩენი ლიცენზიები 2012 წლის მსოფლიოს თასზე გაიცემა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული