ჩინეთის ოთხიდან ოთხი

AutoSharing Option
საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე გრძელდება ჩინელთა დომინირება - მასპინძლებს წყალში ხტომაში ოთხიდან ოთხი ოქრო აქვთ მოგებული.

გუშინ, შანხაიში მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა - კაცებს შორის ერთმეტრიანი ტრამპლინი ადგილობრივმა ლი შისინმა მოიგო. ვერცხლის მედალიც ჩინელის - ჰე მინიუს საკუთრება გახდა, ბრინჯაო კი გერმანელმა პაველ როზენბერგმა მიიღო.

ამის შემდეგ ქალების ჯერი დადგა - ისინი 10-მეტრიანი კოშკურადან სინქრონულ ხტომებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ჩინელებმა - ვან ჰაომ და ჩენ რუოლინმა ჯამში 362,58 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევრებს, ავსტრალიელებს ალექსანდრა კროაკსა და მელისა ვუს თითქმის 40
ქულით გაუსწრეს. მესამე ადგილი აქაც გერმანის ნაკრებს ერგო. ბრინჯაო მოიპოვეს კრისტინ შტოიერმა და ნორა სუბშინსკიმ - 316,29 ქულა.

* * *
მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე ორგზის გამარჯვებული ჰყავს. ეს გახლავთ სიქრონულ ცურვაში რუსეთის ნაკრების ლიდერი ნატალია იშჩენკო. ორი დღის წინ მან ოქრო მოიგო სოლო გამოსვლებისთვის, ახლა კი სვეტლანა რომაშინასთან ერთად დუეტების ასპარეზობაში მოიპოვა გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის იშჩენკო მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი გახდა, რომაშინასთვის კი ეს მერვე ოქრო იყო მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ამ წყვილს 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზეც აქვს ჩემპიონობა მოპოვებული.

დუეტებში მეორე ადგილზე გავიდა ჩინელთა წყვილი ჰუან სიუეჩენისა და ლიუ ოუს შემადგენლობით, მესამეზე იყვნენ ესპანელები ონე კარბონელი და ანდრეა ფუენტესი.

შანხაიში მიმდინარე ჩემპიონატში მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა და ჯერჯერობით პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ჩინელი და რუსი სპორტსმენები ადიან. მასპინძლებს ოთხი ოქრო აქვთ მოგებული, რუსებს - ორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული