მე-12 შედეგი მსოფლიოზე

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, ჩინური შანხაი საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ დიდ ფორუმზე გუშინ ქართველმა სპორტსმენებმაც მოსინჯეს ძალები სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში.

ჭოლა ჭანტურიას და შოთა კორახაშვილს მსგავს შეჯიბრებაზე დებიუტი ორი წლის წინათ ჰქონდათ რომში. მაშინ ჩვენი დუეტი მე-17 ადგილზე გავიდა. ამჯერად ქართველმა წყალმხტომელებმა ხუთი საფეხურით წინ წაიწიეს.

- ბოლო ხტომის წინ ქართველი ბიჭები მე-15 ადგილზე იყვნენ, - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ, რომელსაც შანხაიში შევეხმიანეთ. - გადამწყვეტი ნახტომისთვის ჭოლამ და შოთამ შეძლეს ძალების მობილიზება და ორი
ხრახნით ორ-ნახევარ მალაყში 72,5 ქულა დაიმსახურეს, საბოლოოდ 354,93 ქულას მოუყარეს თავი და ფინალში გავიდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტებს - საბერძნეთის, კუბისა და ჰოლანდიის წარმომადგენლებს ვაჯობეთ. ფინალში არბიტრების არაობიექტურობა რომ არა, ორი-სამი ადგილით მაინც დავწინაურდებოდით. საბოლოოდ კი 365,13 ქულით მე-12 ადგილზე გავედით და 38 სარეიტინგო ქულაც შევიმატეთ...

სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში მედლები ასე განაწილდა: 1. კაი ქინი, იუთონ ლიო (ჩინეთი, 463,98), 2. ილია ზახაროვი, ევგენი კუზნეცოვი (რუსეთი, 451,89), 3. იაჰელ კასტილო, ჯულიან სანჩესი (მექსიკა, 437,61).

ხვალ ჭანტურია და კორახაშვილი 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომებში შეეჯიბრებიან მეტოქეებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული