უნივერსიადის ჯერიც დადგა

AutoSharing Option
დღეს სპორტის სამინისტროში ქართველ სპორტსმენთა მსოფლიოს უნივერსიადაზე საზეიმო გაცილების ცერემონიალი გაიმართება.

ჩინურ შენ ჟენში სხვებთან ერთად ჩვენი წყალმხტომელები -ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილიც იასპარეზებენ. ალბათ გახსოვთ, რომ ამას წინათ ჭოლა და შოთამ შანხაიში (ჩინეთი) საწყლოსნო სახეობა მსოფლიოს ჩემპიონატში მოსინჯეს ძალები. მაშინ ქართველმა დუეტმა სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში ფინალში გააღწია და მე-12 ადგილი დაიკავა.

-წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მე-8 ადგილი გვერგო, ჩინეთშიც ბებერი კონტინენტის წარმომადგენლებს შორის მერვენი ვიყავით, -გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, წყალმხტომელთა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ.

-ბოლო ხტომის წინ
მხოლოდ მე-15 საფეხური გვეკავა. სწორედ ის გადამწყვეტი ცდა აღმოჩნდა ჩვენთვის იღბლიანი -სამ ქვეყანას გავუსწარით, მათ შორის საბერძნეთს 40 ქულით, რომელმაც იტალიის გრანპრიზე გვაჯობა.

შანხაიში სინქრონულ ხტომებში ჩინელებმა, რუსებმა და მექსიკელებმა 2012 წლის ოლიმპიადის საგზურები მოიპოვეს. დარჩენილი 4 ლიცენზია გაისად ბრიტანეთის დედაქალაქში მსოფლიოს თასზე გათამაშდება. იქ ჩვენთან ერთად წინა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორეადგილოსნები -ამერიკელები, სამგზის ევროპის ჩემპიონები და პეკინის ოლიმპიადის მესმაე პრიზიორი უკრაინელები, ასევე, ფრანგები, კანადელები, ავსტრალიელები, იტალიელები, ნორვეგიელები, იაპონელები და ჰოლანდიელები იბრძოლებენ. თითქმის შეუძლებელია საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა.

სამაგიეროდ, უკეთესი შანსი გვაქვს ინდივიდუალურ ხტომებში, სადაც 30 საგზური თამაშდება. 12 ლიცენზია ჩინეთში გაიცა, 18 გაისად ლოდონში გათამაშდება. ჭოლა ჭანტურიამ წლეულს ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატზე 381 ქულა მოაგროვა. მსოფლიოს თასზე ასეთი შედეგით ოლიმპიადის საგზურის მოპოვება შეუძლია. ყველაფერს უფრო კონკრეტულად მსოფლიოს უნივერსიადის შემდეგ დავგეგმავთ. ახლა კი მთავარია, შენ ჟენში წარმატებით ვიასპარეზოთ.

-თქვენი შეჯიბრება როდისაა დაგეგმილი?
-უნივერსიადაზე როგორც სინქრონული, ისე ინდივიდუალურ დისციპლინებში ვიასპარეზებთ. 16 აგვისტოს სინქრონულშიც გამოვალთ სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში, ხოლო 17-ში პირადი პირველობის დიდი მარათონი დაიწყება: დილით შესარჩევი შეჯიბრებაა, რომელშიც სავარაუდოდ 40-მდე მონაწილე იქნება, შუადღისას 18 საუკეთესო ნახევარფინალში განაგრძობს პაექრობას და იქ შეირჩევა ის 12 ფინალისტი, რომლებიც საღამოს მედლებისთვის იბრძოლებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვაკის საცურაო აუზში ვვარჯიშობთ.

ვცდილობთ, ის ხარვეზები აღმოვფხვრათ, რაც შანხაიში გვქონდა, განსაკუთრებით ინდივიდუალურ ხტომებში. აი, სინქრონულში კი წლის საუკეთესო შედეგისთვის ძალ-ღონეს არდავზოგავთ -ვეცდებით, 380 ქულას გადავაჭარბოთ. ევროპის ჩემპიონატზე 37 ქულა მოვაგროვეთ, რაც ჩვენთვის ზღვარი არ არის. სინქრონულში უძლიერესი შემადგენლობა ეყოლებათ ჩინელებს, რომლებიც მხოლოდ ოქროსთვის იბრძოლებენ.

უკრაინელები, კერძოდ, ევროპის სამგზის ჩემპიონები -ილია კვაშა და ალექსეი პრიგოროვი მედლების კანდიდატები არიან. მით უმეტეს, რომ მათ ჩინეთი კარგად აქვთ დაცდილი -სამი წლის წინათ პეკინში ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავეს. ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენთვის პირველ ექვსეულში მოხვედრა სრულიად რეალურია, თუმცაღა ეს როდი ნიშნავს, რომ უფრო მაღალი ადგილებისთვის არ ვიბრძოლებთ. ჩვენი ბიჭების დღევანდელი მომზადების დონე ამის საფუძველს გვაძლევს. რაც შეეხება ინდივიდუალურ დისციპლინას, იქ ჭანტურიას ფინალი და კორახაშვილის ნახევარფინალი გამორიცხული არ არის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული