საგზურების ბედი ლონდონში გადაწყდება

AutoSharing Option
ჩინეთმა წლეულს ორ მნიშვნელოვან შეჯიბრებას უმასპინძლა - საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატსა და მსოფლიო უნივერსიადას, რომელთა პროგრამებშიც წყალხტომებიც შედიოდა. სინქრონული ხტომებში მსოფლიოზე ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა მე-12, ხოლო უნივერსიადაზე მე-5 ადგილი დაიკავეს.

- შენჟენში სტუდენტური ფორუმი თავისი სიძლიერით ბევრად აღემატებოდა ორი წლის წინათ ბელგრადში გამართულ მსგავს შეჯიბრებას, - გვითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ. - ჩინეთში ბევრმა სახელოვანმა სპორტსმენმა იასპარეზა მაგალითად, წყალხტომაში ექვსი ოლიმპიური და სამი მსოფლიოს ჩემპიონი იბრძო
და საპრიზო ადგილებისთვის.

სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში პირველ ადგილზე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ჯინ კაი და ლინ ჯინი გავიდნენ. ჩვენმა ბიჭებმა 371,67 ქულით მე-5 ადგილი დაიკავეს: ბრინჯაოს მედალოსან იაპონელებს, რომლებიც აზიის ვიცე-ჩემპიონები არიან, 2,73 ქულით, ხოლო მეოთხეადგილოსან ამერიკელებს 2,49 ქულით ჩამორჩნენ.

ის, რომ შენჟენიდან უმედლოდ დავბრუნდით, ეს გარკვეულწილად არბიტრების არაობიექტურობის ბრალია: სინქრონულ ხტომებს 11-დან 7 აზიელი მსაჯობდა. ალბათ, ამის შედეგი იყო, რომ იაპონელებმა, რომლებმაც ერთი ხტომა საერთოდ ჩააგდეს და შეუფასებელი უნდა დარჩენილიყვნენ, ქულების გარკვეული რაოდენობა მაინც მიიღეს და გაგვისწრეს კიდეც. თუმცა ყველაფრის არბიტრებისთვის გადაბრალებაც არ ივარგებს.

ჭოლას და შოთას პირველი-მეორე ხტომა უკეთ რომ შეესრულებინათ, ბრინჯაოს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ყოველივეს მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ბიჭებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკეთ ოლიმპიადაზე იასპარეზეს და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ნორმატივი მეოთხედ შეასრულეს, ტურნირზე ევროპელებს გაუსწრეს - ოთხგზის ევროპის ჩემპიონები - უკრაინელი კვაშა და პრიგოროვიც კი ჩამოიტოვეს. ასე რომ მომავალს იმედიანად ვუყურებთ.

- ოლიმპიადის საგზურებზე რას იტყვით?
- ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე სინქრონულში 4 და ინდივიდუალურ ხტომებში 12 ლიცენზია გათამაშდა. დარჩენილი საგზურებისთვის უშეღავათო პაექრობები იქნება გაისად 20-26 თებერვალს ლონდონში. სინქრონულში მხოლოდ 4 ადგილია ვაკანტური, რომლებზეც პრეტენზიას 12 წყვილი აცხადებს, მათ შორის ჩვენი დუეტი.

ინდივიდუალურში კი 25 ქვეყნის წარმომადგენლები 18 საგზურისთვის იბრძოლებენ. გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, ჭანტურიამ 2012 წლის თამაშებში მონაწილეობის უფლება უნდა მოიპოვოს, გადამწყვეტი პაექრობებისთვის მზადებას ვაკის დახურულ აუზში 10 სექტემბერს დავიწყებთ. დეკემბრის შუა რიცხვებში კიევის საერთაშორისო ტურნირზე მოვსინჯავთ ძალებს. გაისად თებერვლის პირველ დეკადაში კი ინგლისს გავემგზავრებით და მსოფლიოს თასის წინ იქ გავივლით საწვრთნელ შეკრებას. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ლონდონიდან ხელცარიელი არ დავბრუნდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული