ბიჭებს წინსვლა ეტყობათ

AutoSharing Option
შარშან იტალიაში წყალმხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე ჭოლა ჭანტურიამ 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მე-18 ადგილი დაიკავა. ეს იყო მისი დებიუტი უფროსებში. ამ დღეებში კი მსგავს შეჯიბრებაზე მეორედ მოსინჯა ძალები. შეჯიბრებას ბუდაპეშტმა უმასპინძლა. მედლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის 31 წარმომადგენელი იბრძოდა. ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 378,40 ქულა მოაგროვა და ფინალში მე-11 შედეგით შევიდა.

_ უძლიერესთა პაექრობაში 4 ნახტომის შემდეგ მე-7 ადგილზე ვიყავი, _ მითხრა ჭოლამ. _ მაგრამ მე-5 ნახტომი ცუდად შევასრულე და 381
ქულით საბოლოოდ მე-9 ადგილი დავიკავე. მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის წარმატებაა, რადგან დიდებში ასეთი
შედეგისთვის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში არასდროს მიმიღწევია. 1997 წლიდან ვვარჯიშობ წყალხტომაში მამა-შვილ ალექსანდრე და ირაკლი ბართაიების ხელმძღვანელობით. 2005 წლამდე შემოდგომიდან ზაფხულამდე რვა თვის განმავლობაში ბატუტზე ხტომაში ვმეცადინეობდი ფორმის შესანარჩუნებლად. მას შემდეგ, რაც ვაკის ზამთრის საცურაო აუზი გაიხსნა, სავარჯიშო პირობები გაგვიუმჯობესდა. თუმცა უცხოეთში ტურნირებზე ადაპტაცია გვიჭირს, რადგან, იქ პაექრობები უმთავრესად ღია აუზში ეწყობა. კიდევ კარგი, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით ამ ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე დღით ადრე გავემგზავრეთ და შოთა კორახაშვილთან ერთად იქ ექვსდღიანი შეკრებაც გავიარე, რაც ძალიან გამოგვადგა. ცუდია ისიც, რომ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე იშვიათად გამოვდივართ და მსაჯებიც ნაკლებად გვიცნობენ. არადა, ამ ასპექტსაც დიდი ყურადღება ექცევა ტურნირებზე...

სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომა 463 ქულით გერმანელმა პატრიკ ჰაუზდინგმა მოიგო, რომელმაც ბუდაპეშტში ორი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მეორეზე გავიდა რუსი ილია ზახაროვი (458). ბრინჯაოც მის თანამემამულე ევგენი კუზნეცოვს (455) ერგო. კორახაშვილი 23-ე ადგილით დაკმაყოფილდა. შოთამ სინქრონულ ხტომებშიც დაუშვა შეცდომა, რის გამოც ქართველთა დუეტმა მეათე ადგილი დაიკავა და ფინალში გასასვლელად ჰოლანდიელებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა. ჩვენმა ბიჭებმა უნგრეთის დედაქალაქში 344 ქულა მოაგროვეს, არადა, ამ შეჯიბრებამდე ორი კვირით ადრე მსოფლიოს გრან-პრიზე მადრიდში 382 ქულას მოუყარეს თავი. ერთგვარი ცოდვა არბიტრებმაც დაიდეს კისერზე. არც არის გასაკვირი _ წყალმხტომელთა მთავარი მსაჯი ხომ ნიდერლანდელი ფრანს კონენბურგი გახლდათ.
_ ყველაფერს მსაჯობას ვერ დავაბრალებთ, _ მითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ. _ კორახაშვილს მე-5 ხტომა ნორმალურად რომ შეესრულებინა, დამატებით 15 ქულას მაინც მივიღებდით, რაც ფინალში შესასვლელად საკმარისი იქნებოდა. ყოველივეს მიუხედავად, უკმაყოფილო მაინც არ ვარ. ბიჭებს წინსვლა ეტყობათ. ასპარეზობის შემდეგ იტალიური წყალხტომის ლეგენდამ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კლაუს დიბიასმა მკითხა, რა რესურსები გაქვთ საქართველოში, რომ თქვენმა ჭანტურიამ ჩვენს ტომაზო მაიკონისა და მიჩელე ბენედეტის (ისინი შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან) რომ აჯობაო. რომ ავუხსენი, ერთი აუზი გვაქვს, ორი მწვრთნელი ვართ და სხვადასხვა ასაკში სულ 15 სპორტსმენი გვყავს-მეთქი, კაცმა გაოცებისგან კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. სამომავლოდ სათანადო დაფინანსება თუ გვექნება, ბევრ სხვასაც გავაკვირვებთ...

გაისად 17-31 ივლისს ქართველი წყალმხტომელები შანხაიში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, სადაც ინდივიდუალურში 12 და სინქრონულში 34 ლიცენზია გათამაშდება, დანარჩენი საგზურები (22 _ ინდივიდუალურში, 3 _ სინქრონულში) 2012 წლის 20-26 თებერვალს ლონდონში მსოფლიოს თასზე განაწილდება. იმედია, ქართველი წყალმხტომელები საუკეთესოთა შორის მოხვდებიან.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული