წყალხტომაში უსაგზუროდ დავრჩით

AutoSharing Option
ლონდონში დამთავრდა წყალმხტომელმა ბოლო სალიცენზიო მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელშიც 48 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირზე 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების 19 საგზური უნდა გათამაშებულიყო (სულ 34 სპორტსმენი იასპარეზებს). შარშან შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატში 12-მა მხტომელმა დაიბევა ადგილები, სამი საგზური კი კონტინენტების ჩემპიონებს ერგოთ.

ლონდონში 3-მეტრიან ტრამპლინზე 63 სპორტსმენი იბრძოდა მთავარი პრიზისთვის. მათ შორის ისინიც, რომლებსაც საოლიმპიადედ თავი ქუდში აქვთ. საკვალიფიკაციოდან ნახევარფინალში 18 მხტომელი გავიდა, შვიდი - საგზურიანი. სამწუხაროდ, ჭოლა ჭანტურია ნახევარფინალს მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ ლიცენზიისთვის ბრძოლის შანსი ტურნირის ბოლო
დღეს მიეცა, როცა სავარაუდო რვა ვაკანტურ ადგილს 34 კონკურენტი ეცილებოდა ერთმანეთს.

- ჭოლა ჭანტურიამ გადამწყვეტი ასპარეზობა კარგად დაიწყო - ოთხი ნახტომის შემდეგ 271,4 ქულით მე-6 პოზიციაზე იყო. მეგონა, ბოლო ორ ნახტომში წინსვლა თუ არა, მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ჭოლამ ეს ნახტომები უკეთ შეასრულა, ვიდრე წინა შეჯიბრებებში. სამწუხაროდ, სხვაგვარად განსაჯეს მთავარმა არბიტრმა და მისმა ხელქვეითებმა. ჭანტურიამ საბოლოოდ 390 ქულით IX ადგილი დაიკავა. VIII ადგილზე გასულმა ბერძენმა მანოს ალექსანდროსმა ჩვენებურს 7 ქულით გაასწრო, მეშვიდეადგილოსანმა ფრანგმა დემიან სელიმ - 11 ქულით.

ჰოლანდიელი იორიკ დე ბრულინი 410 ქულით IV იყო. არადა, ნიდერლანდელმა მე-2 ნახტომისას ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა, ათეულში, საერთოდ, ვერ უნდა მოხვედრილიყო. ცნობისთვის: ჭოლამ ჰოლანდიელსა და ბერძენ სპორტსმენსაც შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატზეც აჯობა, ევროპის პირველობაზეც და ორიოდე კვირის წინათ როსტოკის საერთაშორისო ტურნირზეც.

სამწუხაროა, რომ ჭანტურია 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გაემგზავრება. არაობიექტიური მსაჯობის გამო ოთხწლიანი გარჯა მას წყალში ჩაეყარა - ამბობს საქართველოს წყალმხტომელთა ნაკრების მწვრთნელი, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ირაკლი ბართაია.

ვერაფერს გეტყვით - პროფესიონალმა და ორთაბრძოლის თვითმხილველმა უკეთ უწყის. ფაქტი კი ის არის, რომ უსაგზუროდ დავრჩით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული