ამერიკა ელიტას დაუბრუნდა

AutoSharing Option
ჩინელმა წყალში მხტომელებმა რვა შესაძლებლიდან ექვსი ოქროთი დაასრულეს ლონდონის ოლიმპიადა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ჩააგდეს ზაფხულის წლევანდელი თამაშები.

ჩინეთის ნაკრებს ის შედეგი ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე და შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე აჩვენა - რვა ოქროს მოგება.

სინქრონულ ხტომებში ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ ჩინელები ზუსტად იცავდნენ სამედლო გრაფიკს, მაგრამ ინდივიდუალურ ხტომებში მამაკაცებმა ჩააგდეს ოლიმპიადა. ჯერ სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ოქრო დაუთმეს რუს ილია ზახაროვს, ბოლო დისციპლინაში - 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში კი სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ამერიკელმა დევიდ ბუდიამ.

ოლიმპიადის წინ ამ სახეობაში ყველა წინასწარმეტყველებდა ჩინელი ბო კიუსა და ბრიტანელი ტომ დელეის დუელს. ისინი მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან.

მათი პირველი დაპირისპირება 10 მეტრიდან სინქრონულ ხტომაში შედგა და ის ჩინეთმა მოიგო. მეორე დუელში კი ამერიკელი ჩაერია.

არადა, ბუდია საკვალიფიკაციო შეჯიბრში არ ბრწყინავდა და ნახევარფინალში მე-18 შედეგით გადავიდა, თუმცა თანდათან გამოასწორა თავისი ნახტომები და ისე მოხდა, რომ ფინალში, ბოლო ცდის წინ, 0,15 ქულას უგებდა ჩინელსა და ბრიტანელს.

თუმცა, ცხადი იყო, რომ ოქროს მედალს კიუ და ბუდია გაითამაშებდნენ, რადგან დელეის ბოლო ცდაზე სირთულის დაბალი კოეფიციენტი ჰქონდა არჩეული.

ნერვულ დაძაბულობას უკეთ ამერიკელი გაუმკლავდა და საბოლოოდ დაახლოებით ქულანახევარი მოუგო ჩინელს, რომელიც ბოლო ორი წელია, არ აგებდა არცერთ დიდ ტურნირს.

ბედიას ტრიუმფს ამერიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქმე ისაა, რომ აშშ-ის ნაკრებს ბოლო ოქრო ოლიმპიურ თამაშებზე ზუსტად 20 წლის წინ ჰქონდა მოპოვებული, როცა სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში მარკ ლენზიმ გაიმარჯვა.

სხვათა შორის, ბუდიასთვის ეს არის მეორე მედალი ლონდონის თამაშებზე. მანამდე სინქრონულ ხტომებში მან ნიკოლას მაკრორისთან ერთად ბრინჯაო მოიგო.

კაცები
10 მ
1. დევიდ ბუდია (აშშ) 568.65
2. ბო კიუ (ჩინ) 566.85
3. ტომას დელეი (ბრიტ) 556.95
4. ვიქტორ მინიბაევი (რუს) 527.80
5. ხოსე გუერა (მექ) 527.70
6. იუე ლინი (ჩინ) 527.30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული