წყალში ხტომა: მელიქიძე, გუჯაბიძე და სიჭინავა შვეიცარიის ტურნირზე გამოვლენ

AutoSharing Option
ფოტო: მარცხნიდან - ალექსანდრე გუჯაბიძე, ჭოლა ჭანტურია, თამარ სიჭინავა, სანდრო მელიქიძე

სამი წლის წინათ ქართველ წყალმხტომელ ჭოლა ჭანტურიას ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად მცირედი დააკლდა.

მსგავსი რამ რიოს თამაშებისთვისაც რომ არ განმეორდეს, სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის უკეთ მოსამზადებლად ჭანტურია მექსიკაში გაემგზავრება.

როგორც საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი ბართაიამ გვითხრა, ქართველი სპორტსმენი ექვსი თვე გვადალახარის კლუბში ივარჯიშებს ცნობილი სპეციალისტის - ივან ბაუტიკა ვარგასის ხელმძღვანელობით, რომელსაც ოლიმპიადებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორები ჰყავს მომზადებული.

- ჭოლა მექსიკიდან 10 ივლისს დაბრუნდება, -
აღნიშნა ირაკლი ბართაიამ. - მერე სხვა ქართველ წყალმხტომელებთან ერთად მოსკოვში გაივლის 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას და ყაზანს მივაშურებთ, სადაც წყალთა სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

იქ 2016 წლის ოლიმპიადის 12 საგზური გათამაშდება, ხოლო გაისად, თებერვალში რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს სალიცენზიო ტურნირს. ბრაზილიაში პირველ-მეთვრამეტე ადგილებზე გასულნი მიიღებენ თამაშებში გამოსვლის უფლებას. ჭანტურიას დიდი შანსი აქვს, 34 საუკეთესოში მოხვდეს, მსოფლიო რეიტინგით დღეს იგი მეთექვსმეტეა, ევროპაში კი - მერვე.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე, 3-5 აპრილს მექსიკის ქალაქ ლეონში მსოფლიო გრან პრი ჩატარდება. იქ ჭანტურიასთან ერთად ალექსანდრე გუჯაბიძეც იასპარეზებს. ისინი სინქრონულ ხტომებში მოსინჯავენ ძალებს.

მსოფლიოს ჩემპიონატსა და სალიცენზიო ტურნირზე რიოს საგზურისთვისაც იბრძოლებენ, თუმცა ეს გაცილებით რთული იქნება, რადგან სინქრონულში მხოლოდ შვიდი ლიცენზია თამაშდება.

მექსიკაში გამგზავრებამდე, გუჯაბიძე 27 იანვარს შვეიცარიაში საერთაშორისო ტურნირზე გამოვა.

ამავე შეჯიბრებაში ჩაებმება ახალი პროგრამით სანდრო მელიქიძე, ასევე, თამარ სიჭინავა, რომელიც 19-წლამდელებში 3-მეტრიანი ტრამპლინიდან და 10-მეტრიანი კოშკურიდან იხტუნავებს.

მელიქიძე და სიჭინავა 2 თებერვლიდან ჰოლანდიაში ეინდჰოვენის თასისთვისაც იბრძოლებენ.

ტიტების ქვეყანაში იასპარეზებენ 14-წლამდელებში - ირაკლი ნანაძე და ლუკა ათანელიშვილი, ხოლო 16-წლამდელებში - თორნიკე ონიკაშვილი, რომელიც ზაფხულში ევროპელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

წლევანდელი სეზონი დაძაბული იქნება თამარ სიჭინავასთვისაც, რომელიც მარტში მინსკის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლის წვრთნას, მაისში ხორვატიის საერთაშორისო ტურნირზე გამოვა და მერე დრეზდენში ბაქოს პირველი ევროპული თამაშებისთვის მოემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Tsarmatebebi
geodiver
00:36 21-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული