საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანთან, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ ირაკლი ბართაიასთან საუბარი 2010 წლის შედეგების მიმოხილვით დავიწყეთ.
- გასული სეზონი
გაგვახარა 19 წლის შოთა კორახაშვილმა, რომელმაც სპორტულ კარიერაში პირველად მოაგროვა 360 ქულა და მე-8 ადგილი დაიკავა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან საგრძნობლად გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებლები, სტაბილურობას ინარჩუნებს.
ჭანტურიას მსგავსად, მასაც გავუზარდეთ ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი. ახალი პროგრამის დახვეწის შემდეგ კორახაშვილსაც შეეძლება, ლონდონის საგზურისთვის იბრძოლოს. გვყავს კიდევ ერთი კანდიდატი - სალომე ჯუღელი, რომელმაც უფროსებში შარშან პირველად გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები. ორი ახალი ხტომა გვაქვს დასახვეწი, საშეჯიბრო გამოცდილებაც უნდა შეიძინოს. თუ წლეულს ამას მოახერხებს, 2012 წლის მსოფლიოს თასზე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს საგზურის მოსაპოვებლად მეტოქეობას გაუწევს.
გვყავს იმედისმომცემი ახალგაზრდებიც, რომლებმაც შარშან არაერთ ტურნირზე ისახელეს თავი. დარწმუნებული ვარ, რომ აკაკი ივანიშვილი, თეონა ყაჭეიშვილი, ალექსანდრე გუჯაბიძე, თამარ სიჭინავა და სანდრო მელიქიძე სულ მალე უფრო თამამად იტყვიან თავიანთ სათქმელს საერთაშორისო სარბიელზე.
- წლევანდელი შეჯიბრებებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას რომელს ანიჭებთ?
- უპირველესად ევროპის ჩემპიონატი მინდა გამოვყო, რომელსაც ტურინი უმასპინძლებს გაზაფხულზე. ამ ასპარეზობისთვის მზადება სექტემბერში დავიწყეთ და სამ ეტაპად დავყავით. პირველი ეტაპი კიევის ტურნირით დამთავრდა. მწირი დაფინანსების მიუხედავად, ყველაფერი ვიღონეთ, დასახული მიზნისთვის მიგვეღწია. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის თანადგომით რამდენიმე შეჯიბრებაზე გავემგზავრეთ, საშეჯიბრო გამოცდილებაც შევიძინეთ და უძლიერეს სპორტსმენებთან ჭიდილში გამოვცადეთ ახალი ვარჯიშები. ვაკის საცურაო აუზის ხელმძღვანელობამაც დიდად შეგვიწყო ხელი საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, რომ ნაყოფიერად გვევარჯიშა. კონსულტაციებს გვიწევდა წყალხტომაში ორგზის ევროპის ჩემპიონი გიორგი ჩოგოვაძე. ყოველივე ამის შედეგი იყო, რომ კიევში ჭანტურიამ და კორახაშვილმა შესანიშნავად იასპარეზეს.
მზადების მეორე ეტაპი თებერვლის შუა რიცხვებამდე გასტანს. 14-21 თებერვალს მადრიდის გრან-პრით დასრულდება. ამ ტურნირის შემდეგ, ალბათ, მინსკში გავემგზავრებით ბელარუსებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე, იქიდან კი ტურინს მივაშურებთ და ევროპის ჩემპიონატში ჩავებმებით.
კონტინენტის პირველობის შემდეგ მზადების ახალი ეტაპი დაიწყება სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც შანხაი უმასპინძლებს.
- იქ ლონდონის საგზურები როგორ განაწილდება?
- საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და საწყლოსნო სახეობათა მსოფლიო ფედერაციას სალიცენზიო ნორმატივები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. საამისოდ სამი ვარიანტი განიხილება.
ყველაზე რთულშიც კი საგზურების მოპოვების რეალურ კანდიდატებად ვრჩებით.
ვფიქრობ, პირველი ეტაპი მსოფლიოს ჩემპონატი იქნება.
საერთოდ, ლიცენზიებისთვის 62 ქვეყანა იბრძვის. ბოლო თორმეტი წლის მონაცემებით ოლიმპიადაზე 25-27 ქვეყნის წარმომადგენლები ხვდებიან. მათ შორის ამჯერად ჩვენც მოვიაზრებით. ალბათ, იმედებს გავამართლებთ. სინქრონულ ხტომებში ჭანტურიას და კორახაშვილის წყვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა. ჩვენ შეგვიძლია ამ პოზიციის შენარჩუნება და ოლიმპიადაზე მოხვედრა, რადგან წინასწარი მონაცემებით ლონდონში ალბათ ამდენი დუეტი გამოვა.
აი, ინდივიდუალურ ხტომებში კი 30-34 საგზური გაიცემა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო კიევში რამდენიმე ძლიერ მეტოქეს აჯობა, კორახაშვილმაც საგრძნობი პროგრესი განიცადა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საგზურების მოპოვება არ გაგვიჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ახალ სეზონში ჩვენი ორიენტირი 2012 წლის ოლიმპიადა იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.