ევროპა მარცხით დავიწყეთ

AutoSharing Option

გუშინ იტალიურ ბრეშიაში პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. სასტარტო  ცეცხლის ხაზზე დღეს ახალგაზრდები დადგნენ, თუმცა ჩვენებიდან მხოლოდ თენგიზ იმნაიშვილმა იასპარეზა. სამწუხაროდ, ძალზე ცუდად - 531 ქულით ბოლო, 38-ე ადგილზე გავიდა. ის მთელი 13 ქულით ჩამორჩა მის წინ მდგომ სლოვაკ იან კოპინეკს.

 

მრგვალ სტენდზე სროლაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ თამაზ იმნაიშვილის ვაჟი არც ისე დიდი ხანია, რაც ტყვიის სროლაში ვარჯიშობს და ჯერ გამოცდილება აკლია. ვიქონიოთ იმედი, რომ მომავალში ვითარება საგრძნობლად გამოსწორდება და ბევრად უკეთეს შედეგებს მიაღწევს.

შეჯიბრება რუსმა ნიკოლაი კილინმა

მოიგო. მან 579 ქულით დაასრულა შესარჩევი ეტაპი. ამდენივე დააგროვა უკრაინელმა დენის კუშნიროვმაც, მომდევნო ადგილებს კი ბელარუსი ალექსეი ჰორბაჩი და ჩეხი ინდრიკს დუბოვი ინაწილებდნენ 576-576 ქულით. ფინალში კილინი ისევ შეუდარებელი იყო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააკეთა - 103,0, რითაც საგრძნობლად ჩამოიტოვა მეორე შედეგის მქონე თურქი ომერ აბდულაჰ ალიმოღლუ - 100,2 და მესამე მაჩვენებლიანი ჰორბაჩი - 100,1. დუბოვმა 98,5 გააკეთა, თუმცა ის 99,7-იან ჩერნოგორიელ სტეფან კადჯენოვიჩსაც ჩამორჩა და ფინალში მხოლოდ მეხუთე ადგილი აღმოაჩნდა, კუშნიროვმა კი 93,5 გააკეთა და მედლის მოპოვების ყოველგვარი შანსი დაკარგა.

 

საკვალიფიკაციოში დაკარგულის ანაზღაურება ვერც თურქმა და ჩერნოგორიელმა შეძლეს, თუმცა ეს ჩეხისა და ბელარუსის სტაბილური გამოსვლის გამოც მოხდა. საბოლოოდ კილინმა ჯამში 682,0 ქულა დააგროვა და დამსახურებულად ირგუნა ოქროს მედალი. ჰორბაჩს 676,1 დაუგროვდა და თუმცა რუსს კი ჩამორჩა საგრძნობლად, მეორეზე მაინც დამკვიდრდა. დუბოვმა  674, 5 ქულით ბრინჯაო ირგუნა.

დღეს ჩემპიონატი ისევ ახალგაზრდების შეჯიბრებით გაგრძელდება და მასში ჩვენი გოგოების ნაკრებიც ჩაებმება - ნინო ფანჩულიძე, ანა გაგილაძე და თეონა იაშვილი. ჩვენები გუნდურ ტურნირშიც გამოვლენ. ხვალიდან შეჯიბრებაში უკვე უფროსები ჩაებმებიან - ხვალ ვაჟები ისვრიან, ხოლო ჩვენგან ლევან ქადაგიძე გამოვა, ზეგ კი ჩვენი მთავარია იმედი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ისვრის.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული