არის - ნინოსგან პირველი ლიცენზია!!!

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური ლიცენზიების სათვალავი გაიხსნა. როგორც წინა წლებში, პირველი საგზური ამჯერადაც ნინო სალუქვაძემ მოიპოვა - ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორიოდე საათის წინ სიდნეიში მსოფლიოს თასი მოიგო, რაც ამ ტურნირის სუპერფინალის საგზურის მოპოვებასთან ერთად, ოლიმპიური ლიცენზიის დაუფლებასაც ნიშნავს. წლევანდელ სეზონში ეს მსოფლიოს თასის პირველი ეტაპია და სალუქვაძისთვის პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა.

ჩვენებურმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შედეგი აჩვენა - 385 ქულა, თუმცა ფინალში მეხუთე შედეგით შევიდა, რადგან 386 ქულა ერთბაშად ოთხმა მსროლელმა გააკეთა. გადამწყვეტი ფინალური სერია გამოდგა, სადაც
სალუქვაძემ ჩინებულად ისროლა და 100,5 დააგროვა. ჯამში მას 485,4 ქულა გამოუვიდა 2,5-ით აჯობა მეორეზე გასულ ფინელ მირა სუჰონენს (484,0). ბრინჯაო უკრაინელმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა მოიპოვა - 483,6. ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც ამ სამეულმა მოიპოვა.

სალუქვაძეს სიდნეიში დავუკავშირდით და წარმატება მივულოცეთ. აი, როგორ შეაფასა მან თავისი გამოსვლა. "ახლა ვხუმრობ, ამხელა გზაზე ტყუილად ხომ არ ჩამოვიდოდი-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში, მართლა ძნელი ტურნირი იყო - ამ სიშორეზე გადმოფრენა, სიცხე, იქით ფინალში მეხუთე შედეგით შევედი... წარმატება კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ საქართველოში არ გვაქვს შედეგები. აქ რომ მოვუყვე უცხოელებს, როგორ პირობებში ვვარჯიშობთ, არ დამიჯერებენ. თუმცა მადლობა ღმერთს, ლიცენზია მოვიპოვე და ახლა შემიძლია, ლონდონის ოლიმპიადისთვის მშვიდად მოვემზადო.

ტურნირამდე 385 ქულაც კი მეეჭვებოდა, რადგან ვარჯიშებზე სროლები არ მიმდიოდა. აქაც უმეტესობა ახლო 9-იანი იყო, მაგრამ ორჯერ 8-იანიც გავაკეთე, სულ ბოლო გასროლაზე ცხრიანი გავარტყი... ესენი რომ არა, ცოტა მეტი ქულა მექნებოდა. ფინალში უფრო ზუსტად ვისროლე, თუმცა ფინელი მირა სუჰონენიც ფეხდაფეხ მომსდევდა. ოღონდ მას უკვე ჰქონდა ლიცენზია. მთლიანობაში, შედეგით კმაყოფილი ვარ - ამ ეტაპზე მთავარი საზრუნავი ლიცენზია იყო".
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაილოცოს ნინო შენი გამზრდელი,შენ დროს აჯობე,მაგარი ხარ!
kopala
08:18 24-03-2011
0
ნინო, ძალიან მაგარი ადამიანი და სპორტსმენი ხარ! ველით ისევ გამარჯვებებს და წარმატებებს. შენ ყველაფერი შეგიძლია! ეგ ერთი და სხვა მრავალი!

რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ბარემ ორგანიზებული ჯგუფი ხო გაქვთ შექმნილი და თქვენთვის ადვილი იქნება ამის გაკეთება. არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? დაიწყეთ და ძალიან ბევრი ხალხი შემოგიერთდებით, თორე სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "გულშემატკივარი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად.
გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!
dato
23:44 23-03-2011
0

სიახლეები პოპულარული