მსროლელებმა გეგმები შეცვალეს

AutoSharing Option
ჩვენმა ტყვიის მსროლელებმა გეგმები შეცვალეს - უახლოეს დღეებში, 14-23 მაისს ამერიკულ ფორტ ბენინგში უნდა ეასპარეზათ მსოფლიოს თასზე, მაგრამ მისი გამოტოვება გადაწყვიტეს, დაზოგილი ფულით კი გერმანიაში შეკრებას გაივლიან.

კაცმა რომ თქვას, ახლა მათ შეკრება უფრო სჭირდებათ, ვიდრე - ისეთი რანგის შეჯიბრება, როგორიც მსოფლიოს თასია. ეს რომ იყოს ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატი, მაშინ წასვლა საჭირო იქნებოდა, მაგრამ ამ თასებიდან რისი მიღებაც შეიძლებოდა, უკვე მაქსიმუმი მივიღეთ - ნინო სალუქვაძემ პირველივე ეტაპი მოიგო სიდნეიში, რითაც ლონდონის ოლიმპიადაზე და მსოფლიოს თასის სუპერფინალშიც გამოსვლის უფლებაც მოიპოვა.
ამერიკაში კიდეც რომ გაემარჯვა, ბევრს ვერაფერს შესძენდა. მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ ლონდონი მის კარიერაში მეშვიდე თამაშები იქნება - სალუქვაძე ამ მხრივ რეკორდსმენია არა მხოლოდ ქართული სპორტის ისტორიაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ტყვიის სროლაში ქალთა შორის.

მოკლედ, სალუქვაძეს ახლა შეჯიბრებაზე მეტად შეკრება სჭირდება, რათა მშვიდად მოემზადოს ლონდონის ოლიმპიადისთვის და ბოლომდე შეასრულოს დასახული გეგმები. მართალია, ეს ტურნირი ახალგაზრდებისთვის კარგი გამოცდა იქნებოდა, მაგრამ ჯერ ერთი, უფულობის გამო ამერიკაში დიდი გუნდის გაგზავნა არც იგეგმებოდა, მეორეც _ სალუქვაძის გარდა, ჩვენებიდან არც ლიცენზიის მოპოვების კანდიდატია ვინმე.

ერთი სიტყვით, ფორტ ბენინგური ასპარეზობა სალუქვაძისთვის წმინდა სპორტულ მნიშვნელობას კარგავდა, შორეული მგზავრობა კი მოქანცავდა. ამიტომ არაა გასაკვირი, ამ გაუმართლებელ ჯაფაზე უარი თუ თქვა და სამომავლო კალენდარი ბევრად უფრო პრაქტიკულად განჭვრიტა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს თასის წლევანდელი სეზონის ბოლო, მეოთხე ეტაპი ივნისში მიუნხენში იმართება, მის დაწყებამდე კი გერმანიაში გაივლის შეკრებას. საამისოდ ის კვლავაც ნაცნობ მისამართზე გაემგზავრება - დორტმუნდის სიახლოვეს, ქალაქ ბასუმში, სადაც ადრეც არაერთხელ გაუვლია შეკრება. იქ საქართველოდან წასული არტურ გევორქიანი მუშაობს მწვრთნელად და ერთობლივი ვარჯიშების ორგანიზებაშიც ის ეხმარება. არტურს იქ დიდი ავტორიტეტი გააჩნია და ყველა ორგანიზაციულ საკითხს იოლად აგვარებს. როგორც ჩვენები ამბობენ, ბაზა ჩინებულია, არის ღია სასროლეთიც და საუკეთესო პირობებია სავარჯიშოდ.

ამჯერად სალუქვაძესთან ერთად გერმანიაში ლევან ქადაგიძეც გაემგზავრება, სხვების გაგზავნა კი, სამწუხაროდ, არ ხერხდება. არადა, ახალგაზრდებისთვის შეკრება ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც დაოსტატების საშუალება, მაგრამ მეტი მონაწილის გასაგზავნად ფული არაა. ძალზე საწყენია მით უფრო, იმ ფონზე, რომ წლეულს ახალგაზრდა გოგოებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს. იმავე ტურნირზე სხვა ახალგაზრდებმაც საკმაოდ კარგად ისროლეს და დაამტკიცეს, რომ სალუქვაძისთვის ღირსეული პარტნიორობის გაწევა შეუძლიათ, ეს კი გუნდურ ჩათვალში მედლების მოპოვების გარანტიაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული