ქადაგიძით დაიწყო

AutoSharing Option
მიუნხენში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, რომელშიც ქართული ტრიოდან ჯერ მხოლოდ ლევან ქადაგიძე ჩაება. მან ძალები სპორტული პისტოლეტით სროლაში მოსინჯა, რაც მისთვის შედარებით ახალი დისციპლინაა. ჩვენებურმა გუშინ იასპარეზა, 544 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპი 70 მონაწილეს შორის 54-ე ადგილზე დაამთავრა.

სამწუხაროდ, მას ცალკეულ სერიებში გაუჭირდა 100-ქულიან ზღვართან მიახლოება - სამში 90-იან მიჯნასაც ჩამორჩა. განსაკუთრებით, პირველ სამ სერიაში, როცა 90 ქულა პირველ სერიაში გააკეთა, მერე კი 87 (მისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი) და 89 ქულა დააგროვა. შედარებით უკეთ ისროლა მეორე ნახევარში. ყოველ
შემთხვევაში, ყველაზე უკეთესი შედეგი - 95 ქულა მეოთხე სერიაში ჰქონდა. მერე ისევ გააუარესა მაჩვენებელი - 89 ქულა, თუმცა მეექვსე სერიაში ცოტა უკეთ გაისარჯა, 94 დააგროვა და საერთო მაჩვენებელიც რამდენადმე გამოასწორა.

ქადაგიძე ხვალ პნევმატური პისტოლეტით ისვრის და ამით მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობასაც დაამთავრებს, მერე კი ახალგაზრდა გოგონათა ტურნირის მონაწილე ნინო ფანჩულიძის ჯერი დადგება - ის მხოლოდ სპორტულით ისვრის, რასაც 5 აგვისტოს გააკეთებს. მაგრამ ჩვენი მთავარი ყურადღება ნინო სალუქვაძისკენაა მიპყრობილი, რომელიც 8 აგვისტოს სპორტული პისტოლეტით იასპარეზებს, მეორე დღეს კი პნევმატურში ეცდება წარმატების მიღწევას. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის საგზურებიც თამაშდება - ხუთ-ხუთი ორივე დისციპლინაში.

ეს რაც შეეხებოდათ ტყვიის მსროლელებს, დღეს კი ჩემპიონატში მესტენდურებიც ჩაებმებიან. თავდაპირველად - მაია გუბიევა, ვაჟთა ნაკრები - დავით ქვათაძე, გივი შენგელია და პავლე ლაკია კი 6 აგვისტოს ისვრის.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული