ტურნირი აქამდე უტიტულო თურქმა იუსუფ დიკეცმა მოიგო, რომელმაც სომეხ ნორაირ ბახტამიანთან ერთად 586 ქულით გაიმარჯვა შესარჩევ შეჯიბრებაში. ფინალში სომეხმა ცუდად ისროლა, თურქი კი მესამე იყო და საბოლოოდ 687,3-ით ჩემპიონიც გახდა. სროლასთან ერთად ცეკვის მოყვარული 37 წლის მსროლელი სამხედროთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ მსოფლიოს თასებსა თუ უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებებში ხუთეულშიც კი ათასში ერთხელ თუ მოხვდებოდა, თორემ მედალზე ლაპარაკიც ზედმეტია. სამაგიეროდ, ახლა ეს დანაკლისი რამდენადმე შეივსო.
როგორც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, ვერცხლის მედალი ამჯერადაც სერბ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსან ანდრია ზლატიჩს ერგო - 686,9, მესამეზე კი 22 წლის კორეელი, აზიის თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი დაემუნ ლეე გავიდა 684,3-ით. როგორც ხედავთ, ასაკის მიუხედავად, მას უკვე მოეპოვება წარმატებები და პეკინის ოლიმპიადაზეც მოუსწრია გამოსვლა.
დღეს ასევე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სალუქვაძე გამოვა. ამით მიუნხენის ტურნირიც დასრულდება, ხოლო მსოფლიოს თასის წლევანდელ გათამაშებაში ერთადერთი, თუმცა უმთავრესი შეჯიბრება დარჩება - სუპერფინალი, რომელიც 18-24 სექტემბერს პოლონურ ვროცლავში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სალუქვაძეს იქ გამოსვლა განაღდებული აქვს, როგორც - ლონდონის ოლიმპიადაზე, რადგან მოიგო მსოფლიოს თასის სულ პირველი - სიდნეიში გამართული ტურნირი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"