სალუქვაძემ პირველი სამი სერია ერთნაირი მაჩვენებლით
ტურნირის 138 მონაწილეს შორის 378 ქულა მსროლელთა ათკაციანმა ჯგუფმა დააგროვა. სალუქვაძის გარდა, ცნობილთაგან ამ ჯგუფში გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური პრიზიორი მუნკბაიარ დორჯსურენი და წლეულს საკმაოდ ძლიერად მოასპარეზე ახალგაზრდა რუსი ლიუბოვ იასკევიჩიც მოხვდნენ. საბოლოოდ სალუქვაძემ რამდენიმესთან აქაც წააგო დამატებით სროლებში, თუმცა მოგებაც რა ბედენა - 39-ე ადგილს მაინც ვერ ასცდებოდა, რაც მისთვის ასევე შეუფერებელი შედეგია.
თვითონ ტურნირიც საკმაოდ ალოგიკური გამოდგა - მსოფლიოს ჩემპიონი გახდა არა რომელიმე ტიტულოვანი სპორტსმენი, არამედ აქამდე სრულიად უცნობი სერბი ზორანა არუნოვიჩი. ამ დროს მისი სახელოვანი თანამემამულე, ოლიმპიური და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იასნა სეკარიჩი 21-ე, უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი მე-20, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა მე-17, წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა, ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა 24-ე, მონღოლი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი გუნდეგმაა ოტრიადი 31-ე ადგილზე გავიდნენ, თუმცა დიდად ვერც სხვა ფავორიტებმა ივარგეს.
ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელად საკვალიფიკაციო ეტაპი ფინელმა მირა სუჰონენმა მოიგო 386 ქულით - აქამდე ვერც ეს გოგო ახერხებდა ფინალში რეგულარულად გასვლას. 385-385 ქულა დააგროვეს არუნოვიჩმა და ბელარუსიდან ავსტრალიაში გადასულმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს პრიზიორმა ლოლიტა იევლევსკაიამ. 384 ქულაც ორმა მსროლელმა დააგროვა - ბელარუსმა მსოფლიოს პრიზიორმა ვიქტორია ჩაიკამ და კიდევ ერთმა აქამდე უცნობმა მსროლელმა, ამერიკელმა სანდრა უპტაგრაფტმა. ფინალური ოქტეტი 383-ქულიანმა ტრიომ შეავსო - ჩეხმა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვამ, ჩინელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვენჯუნ გუომ და მისმა ახალბედა თანამემამულე იულინგ სუმ. ფინალური სერია ყველაზე კარგად არუნოვიჩმა ჩაატარა - 101,8 ქულა, ჯამში 486,8 ქულა დააგროვა და, როგორც მერე გაირკვა, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ფინალში მეორე შედეგი ჩაიკამ აჩვენა - 101.0 და 485,0 საბოლოოდ. ზუსტად 100,0 მონაგრა იევლევსკაიამ და მასაც 485,0 დაუგროვდა. მათ შორის დაინიშნა დამატებითი სროლები ვერცხლის მედლისთვის, სადაც ავსტრალიელმა იმარჯვა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც გახდა, ჩაიკა კი მეორედ დაეუფლა მსოფლიოს ბრინჯაოს. ამ სამეულთან ერთად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიები ლენკა მარუსკოვამ და სუჰონენმა მოიპოვეს.
დღეს სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტით ისვრის. ვიქონიოთ იმედი, რომ ნინო შეძლებს რეაბილიტაციას. დღესვე იასპარეზებენ მესტენდური ვაჟებიც - დავით ქვათაძე, გივი შენგელია და პავლე ლაკია.