ვეღარც მესტენდურებმა ივარგეს

AutoSharing Option
მიუნხენში დღეს დამთავრდება ტყვიის მსროლელთა 50-ე მსოფლიოს პირველობა, თუმცა ჩვენთვის ის გუშინ დასრულდა - მესტენდური ვაჟების გამოსვლით. მათ ასპარეზობა ორშაბათს დაიწყეს და სამი სერია ისროლეს, დანარჩენი ორი კი გუშინ მოილიეს.

ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ გივი შენგელია გამოვიდა - 117 ქულა და 45-ე ადგილი. ქართული ტრიოდან პირველი დღის ლიდერმა დავით ქვათაძემ ამჯერად შედეგები გააურესა, 115 ქულას მოუყარა თავი და 70-ზე გადაინაცვლა. თავის მხრივ, მასაც ორი ქულით ჩამორჩა პავლე ლაკია - 113 ქულა და 87-ე ადგილი.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები პირველ დღესაც 20-ე
იყო და საბოლოოდაც იგივე ადგილზე დარჩა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს საიუბილეო ჩემპიონატი ჩვენთვის ლამის სამგლოვიარო გამოდგა, იმდენად ცუდად გამოვედით. იქ არათუ მედალი, ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიაც ვერ მოვიპოვეთ და ახლა საამისოდ მსოფლიოს თასებზე უნდა ვიბრძოლოთ.
ამ ტურნირით ჩვენთვის წლევანდელი სეზონიც ლამის დამთავრდა. წინ მხოლოდ მსოფლიოს სუპერთასია ტყვიის სროლაში, რომელიც 24-29 ოქტომბერს ისევ მიუნხენში გაიმართება. იქ ჩვენებურთაგან მხოლოდ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე იასპარეზებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული