ფინალს ქულით დავშორდით

AutoSharing Option
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს ბელგრადში მიმდინარე სპორტული პისტოლეტიდან მსროლელთა ევროპის პირველობაზე ერთადერთი ქულა დააკლდა ფინალში შესასვლელად.

მოწინავე ოქტეტში გამსვლელი ამჯერად 580 ქულა აღმოჩნდა, ჩვენებურმა კი 579 დააგროვა. ამდენივე აღმოაჩნდათ ბულგარელ ორგზის ოლიმპიურ და ევროპის შვიდგზის ჩემპიონ მარია გროზდევასა და რუს ანა მასტიანინას, მაგრამ ჩვენებურმა მათ დამატებით სერიაში აჯობა და მეცხრე ადგილზე დარჩა.

ტურნირი კი ფრიად უცნაურად წარიმართა. მაშინ, როცა ფინალს მიღმა დარჩნენ იგივე სალუქვაძე, გროზდევა, ჩეხი მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ლენკა მარუსკოვა, მასპინძელთა ფავორიტი, ევროპის, მსოფლიოსა და
ოლიმპიური ჩემპიონი იასნა სეკარიჩი და ამ სახეობის ლამის მთელი ელიტა, საკვალიფიკაციო ტურნირი შვეიცარიელმა ჰაიდი დიჩელმიმ მოიგო 587 ქულით. იგი სულ სამი სეზონია, რაც უმაღლესი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობს, მაგრამ აქამდე თავი არაფრით გამოუჩენია, ახლა კი, დავასწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონი გახდა.

თუმცა ალბათ, შესარჩევი ეტაპის შემდეგ ბევრი მაინც ფიქრობდა, რომ ფინალის დაძაბულობას ვერ გაუძლებდა და ოქროს სხვა დაეპატრონებოდა იმის მიუხედავად, რომ მდევრებს 3 ქულით უსწრებდა. მდევარიც ანგარიშგასაწევი ჰყავდა - 584-იანი უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი. ასეთივე მაჩვენებლით ფინალში მესამე ნომრით შევიდა ფრანგი ევროპის წლევანდელი გამარჯვებული პნევმატურ პისტოლეტში სელინ გობერვილი.

583 ქულა რუსულმა დუეტმა დააგროვა - წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა სპორტულ იარაღზე კირა კლიმოვამ და დებიუტანტმა გალინა ორლოვსკაიამ. 582-ით დაამთავრა საკვალიფიკაციოში გამოსვლა ფრანგმა სტეფანიე ტიროდემ, 581-ით - ბულგარელმა ანტოანეტა ბონევამ, ფინალში ბოლო მონაწილედ კი 580-იანი სერბი მსოფლიოს წლევანდელი გამარჯვებული ზორანა არუნოვიჩი შევიდა.

ფინალში შვეიცარიელმა კიდევ ერთხელ გააოცა ყველა, რადგან საკმაოდ კარგად ისროლა - 201.2 დააგროვა. მართალია, ეს ფინალის მხოლოდ მესამე შედეგი აღმოჩნდა, მაგრამ კოსტევიჩმა და გობერვილმა ცუდად ისროლეს და საგრძნობლად ჩამორჩნენ. დიჩელმის კლიმოვამ (204,8) და ტიროდემ (203.4) გადაუსწრეს, თუმცა ისინი ოქროს მედალში მაინც ვერ შეეცილნენ. დიჩელმიმ ჯამში 788,2 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ვერცხლი კლიმოვამ მოიპოვა 787,8-ით, ბრინჯაო - ტიროდემ 785,4-ით.

ამდენად, სალუქვაძისთვის ევროპის წლევანდელი პირველობები წარუმატებელი გამოდგა, რადგან მედალი ვერც პნევმატურიდან სროლაში მოიპოვა. ბელგრადულმა შეჯიბრებამ კიდევ ერთი ტენდენცია დაადასტურა, რაც უფრო თვალშისაცემი შარშანდელი სეზონიდან გახდა - სპორტის ამ სახეობაში ახალი თაობა წამოვიდა, ძველებს კი სულ უფრო უჭირთ მათთან გამკლავება. ვნახოთ, თაობათა ამ ბრძოლაში ვინ აჯობებს ოლიმპიადაზე - ის ხომ ნერვების ომია, სადაც უპირატესობა გამოცდილთა მხარესაა.

ბელგრადში წარუმატებლად გამოვიდა ლევან ქადაგიძეც - 542 ქულით 67 მონაწილეს შორის 47-ზე გავიდა. აქ ჩემპიონი სერბი მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსანი ანდრია ზლატიჩი გახდა 661,4 ქულით, რომლისთვისაც ეს მეორე ევროპული ოქროა. მეორეზე რუსთა ახალგაზრდა ვარსკვლავი, 23 წლის მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ლეონიდ ეკიმოვი გავიდა 659,9-ით, ბრინჯაო კი 658,5-ქულიანმა პორტუგალიელმა ევროპის ჩემპიონმა, 47 წლის ჟოაო კოსტამ მოიპოვა, რომელსაც კვარცხლბეკზე 33 წლის ზლატიჩი იმდენად არა, მაგრამ რუსი კი ნამდვილად შვილად შეეფერებოდა.

ევროპის ჩემპიონატზე ახლა მესტენდურ ვაჟთა ნაკრების გამოსვლა დაგვრჩა საქომაგო - ისინი 12 აგვისტოს ისვრიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული