ესენი არიან დავით ქვათაძე, გივი შენგელია და მოსკოვში მცხოვრები პავლე ლაკია. ისინი ცეცხლის ხაზზე 12 აგვისტოს დადგებიან, ხვალ კი მრგვალ სტენდზე მაია გუბიევა ისვრის. ბელგრადში ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, თუმცა ჩვენებისგან ამ ეტაპზე მისი მოპოვება არარეალური გვეჩვენება.
ვიდრე მესტენდურები მსოფლიოზე იბრძვიან, ტყვიის სროლაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე თბილისში
თავდაპირველი გეგმით ეს შეჯიბრება ოქტომბრის ბოლოს მიუნხენში უნდა გამართულიყო, მაგრამ სექტემბერში გადმოიტანეს და ჩატარების ადგილიც შეუცვალეს - 18-დან 24-ის ჩათვლით პოლონურ ვროცლავში გაიმართება.
სალუქვაძე ორივე დისციპლინაშია მიწვეული - სპორტულშიც და პნევმატურშიც. სუპერთასზე მონაწილეობა მან მარტში სიდნეიში, მსოფლიოს თასის რიგით პირველსავე ტურნირში გაინაღდა, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა.
ამით ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა და კარიერაში მეშვიდედ გამოვა თამაშებზე, რაც მსოფლიოს რეკორდია. მართალია, მაშინ სპორტულში წააგო, მაგრამ მსოფლიოს სუპერთასზე ამ დისციპლინაშიც მიიწვიეს, როგორც წარმატებული მსროლელი, თუმცა თავისი უნიკალური შედეგით ის უკვე ამ წოდებაზეც ამაღლდა და თამამად შეიძლება ლეგენდა ეწოდოს.
მით უფრო, ოლიმპიადებსა თუ სხვა რანგის ტურნირებზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მიდის და ზურგს მედლების იმდენად მდიდარი კოლექცია უმაგრებს, ბარე ათს არ მოუგროვდება - არის სამივე სინჯის ოლიმპიური და მსოფლიოს პირველობების მედლის მფლობელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, 9-ჯერ მოუგია მსოფლიოს სუპერთასი (ამ ნომინაციაში უახლოესი მდევრები 3-3 ჯილდოთი ჩამორჩებიან), 17-ჯერ მოუგია მსოფლიოს თასის სხვადასხვა ეტაპები, 19-ჯერ დაუმყარებია მსოფლიოს რეკორდი... ასეთი სპორტსმენი მსოფლიოს სპორტს ბევრი მართლაც არ მოეპოვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"