ნინო სალუქვაძის ვერცხლი და შანსი

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძეს სულ ცოტა დააკლდა, მეათედ მოეპოვებინა მსოფლიოს სუპერთასი - პოლონურ ვროცლავში მიმდინარე ტურნირში ჩვენი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი 787,8 ქულით მეორეზე გავიდა.

თუმცა ეს მცირე დანაკლისი სატურნირო განლაგებიდან ჩანს, თორემ ქულებს თუ გადავხედავთ, ჩვენებმაც და სხვებმაც გამარჯვების შანსი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ დაკარგეს, იმდენად ჩამორჩნენ ოლიმპიადის ვერცხლის და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ჩეხ ლენკა მარუსკოვას, რომელმაც შესარჩევი მარუსკოვამ 588 ქულით მოიგო, მეორეზე 583-იანი ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა გავიდა, სალუქვაძე კი მესამე იყო 582-ით.

სალუქვაძე შესარჩევის პირველ ნახევარში ყველაზე
ცუდად მეორე სერიაში გამოვიდა, როცა 96 ქულა დააგროვა, პირველსა და მესამე სერიებში კი 98-98 აჩვენა.

სამწუხაროდ, სწრაფ სროლებში კიდევ უფრო მოუკლო - პირველ ორ სერიაში 95 და 96 დააგროვა. ბოლოს კი გაარტყა ყველა სულ ათიანში, ერთის გარდა და 99 ქულაც მოაგროვა, მაგრამ ჩეხს კი ჩამორჩა გვარიანად. ამხელა უპირატესობის აღმოფხვრა იმთავითვე შეუძლებელი ჩანდა და სალუქვაძის მთავარ საზრუნავად პრიზიორთა შორის მოხვედრა რჩებოდა, რადგან მდევრები კვალში ედგნენ - 581 ქულა ჰქონდათ მონღოლ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ გუნდებმა ოტრიადსა და რუს მსოფლიოს ჩემპიონ კირა კლიმოვას, 580 - ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ინ ჩენს, 579 - ბულარელ ანტოანეტა ბონევას.

ამ მჭიდროდ განლაგებულ ჯგუფს შედარებით დიდი სხვაობით ჩამორჩა ბოლო სამეული - უკრაინელმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ოლენა კოტევიჩმა მხოლოდ 576 ქულა დააგროვა, ათეულის ორი უტიტულო მონაწილე კი კიდევ უფრო ცუდად გამოვიდა - ჩინელმა ჯინ იუანმა 568 ქულით დაასრულა გამოსვლა, ინდოელმა რაჰი სარნობატიმ - 560.

საბედნიეროდ, ფინალი სალუქვაძემ მაღალ დონეზე ჩაატარა - 205,8 ქულა დააგროვა და 202,4-ქულიან მარუსკოვასაც კი აჯობა, თუმცა ჩამორჩა ჩინელ ჩენს, რომელმაც 206,9 გააკეთა. ფინალი თავიდან კარგად კი დაიწყო, მაგრამ ბოლო ნახევარში ცოტა მოუკლო - პირველ ორ სერიაში ათივე ტყვია ათიანის ზონაში მოარტყა, მეორე ნახევრის ათი ცდიდან კი 4-ჯერ გაარტყა ცხრიანში. საბოლოოდ მარსკოვამ ჯამში 790,4 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა, სალუქვაძეს 787,8 დაუგროვდა და ვერცხლი ირგუნა, მესამეზე კი ჩენი გავიდა 786,9-ით.

სალუქვაძეს ისევ რჩება მსოფლიოს სუპერთასის მეათედ მოპოვების შანსი, რადგან 23 სექტემბერს პნევმატური პისტოლეტიდანაც ისვრის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიოს სუპერთასის მფლობელობითაც რეკორდსმენია და ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივაც - გაისად ლონდონში თავის მეშვიდე თამაშებაში გამოვა.

ირაკლი თავაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
უდიდეს პატივს ვცემ ნინო სალუქვაძეს:)) ამდენი წლის განმავლობაში ისეთი სტაბილური გამოსვლა ყველა ტურნირზე, როგორც ნინო გამოდის, მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ! დარწმუნებული ვარ ლონდონის ოლიმპიადაზეც ვიმაყებთ ნინო სალუქვაძის გამოსვლით!
karlsoni
21:22 20-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული