სალუქვაძემ თავიდანვე სუსტად დაიწყო ასპარეზობა - შესარჩევში მხოლოდ 383 ქულა დააგროვა, რაც ცხრა მონაწილეს შორის მეშვიდე მაჩვენებელი აღმოჩნდა. ამას ფინალში 98,4 ქულა დაუმატა და ჯამში 481,4 დაუგროვდა. საკვალიფიკაციოს პირველ სერიაში მან 95 ქულა დააგროვა, მომდევნო სამი კი ერთნაირი შედეგით - 96-ით დასრულა. ფინალში 10 გასროლიდან ნახევარი კი მოარტყა ათიანის ნიშნულს, მაგრამ ერთხელ 8,8-ც
ჩემპიონი ანუ სუპერთასის მფლობელი უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი გახდა. მან 389 ქულით მოიგო საკვალიფიკაციო ტურნირი და ფინალშიც საკმაოდ კარგად ისროლა - მონაგარს 99,5 დაუმატა, საერთო მაჩვენებელი კი 488,5 დაუგროვდა. ვერცხლი უტიტულო ჩინელმა სუნ ქიმ ირგუნა, რომელმაც კორეულ ჩანჯოუში გამართული მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპის მოგებით გაინაღდა სუპერფინალის საგზური. მან შესარჩევში მოპოვებულ 386 ქულას ფინალში 100,0 დაუმატა და მეორე ადგილი 486,0-ით მოიპოვა. მესამე ბელარუსიდან ავსტრალიაში გათხოვილმა ლოლიტა იევლევსკაიამ მოიპოვა. მისი გამოსვლა ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან საკვალიფიკაციოში იმანაც 383 ქულა დააგროვა და სალუქვაძეს დამატებით სერიაში ჩამორჩა კიდეც. სამაგიეროდ, ფინალში ყველაზე უკეთ ისროლა - 100.9 დააგროვა, ჯამში კი 483,9 გამოუვიდა. ამით ოქრო-ვერცხლს ვერ შეწვდა, მაგრამ მესამეზე კი გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ სალუქვაძემ ვროცლავში სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლი მოიპოვა, თუმცა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება ანუ სუპერთასის მეათედ მოპოვება ვერ შეძლო. ამ შეჯიბრებით მან წლევანდელი სეზონიც დაამთავრა, რომელიც მთლოანობაში, მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
მართალია, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მედლის მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და სუპერთასთა რაოდენობის გარდა, ტყვიის სროლაში რეკორდსმენი ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივაც იქნება - თავის მეშვიდე თამაშებზე გამოვა.