ოლიმპიური ჩემპიონის ტყვიით სროლაში ნინო სალუქვაძის კურიოზები

AutoSharing Option
ქართველებს ვაჟკაცი ქალები ისტორიულად გვყავდა, ნინო სალუქვაძე კი წინაპრების ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც "ტყვიას ტყვიაში სვამს". არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჩუბინია.

დღეს ნინო "ლელოს" სტუმარია (თუმცა სტუმარიც არ ეთქმის). იგი სიამოვნებით იხსენებს წარსულის მხიარულ ისტორიებს.

სად არის სალუქვაძე
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი როდესაც უკვე მრავალ ასპარეზობაში ვმონაწილეობდი და როგორც ხშირად ხდება, სპორტის გამო ხანდახან გაკვეთილების გაცდენაც მიწევდა. დირექციაში ეს იცოდნენ და ხელს მიწყობდნენ. ერთმა მასწავლებელმა თურმე არ იცოდა ამის შესახებ და სიის კითხვის დროს უკითხავს:
- ნინო სალუქვაძე
სად არის?
გატრუნულა მთელი კლასი (არ უნდათ "ჩამიშვან").
- სად არის ნინო სალუქვაძე? - ისევ უკითხავს.
ისევ სიჩუმე... უცბად ერთი ჩემი კლასელი წამომდგარა:
- მე ვიცი მასწ.
- აბა თქვი, სად არის სალუქვაძე?
- ლელოში, მასწ.
- როგორ თუ ლელოში?
მოსწავლეს ჩანთიდან გაზეთი "ლელო" ამოუღია და ჩემი სურათი კლასში უჩვენებია - იარაღით ხელში.
კლასში ასეთი კითხვა მის მერე აღარ დასმულა.

იღბალი
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ იღბლიანი ვარ.

იღბალია ის, რომ 15-16 წლის უკვე პრესტიჟული სპორტსმენი გახლდით.

1991 წელია. საქართველოში "არეულობა" მწიფდება. მე და ჩემი მწვრთნელი მამიკო კიევიდან საქართველოში ვბრუნდებით, მაგრამ თვითმფრინავზე აეროპორტში არც ერთი ბილეთი არაა. არაფერი ჭრის.
- შენ აქ დამიცადე - მითხრა მამამ. - იქნებ რაიმე მოვახერხო. დამტოვა სკამზე და წავიდა სალაროებისკენ.
ვზივარ, ფეხთან სპორტული იარაღებით გაძეძგილი ორი ჩანთა მიდევს. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ორი შავსათვალიანი მამაკაცი საეჭვოდ მაკვირდება. ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებიან. არ მესიამოვნა. ბოლოს ჩემთან მოვიდნენ, უშიშროების საბუთი მაჩვენეს და ჩემი ვინაობით დაინტერესდნენ. რომ ავუხსენი ვინც ვიყავი, ძალიან გაეხარდათ. წავიდნენ და ხუთ წუთში ორი ბილეთი მომიტანეს სოხუმამდე. მალე მამაჩემიც მოვიდა. მის გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სანუკვარი ბილეთები დავახვედრე მე, რომელიც საერთოდ არ მოვცილებივარ სკამს და ჩანთებს. იღბალია, აბა რა.

ჩამოვფრინდით სოხუმში. მეორე დღემდე თბილისის რეისი არაა. ღამის გასათევი არ გვაქვს. სოხუმში მხოლოდ ერთი ნათესავი მყავდა და... აგერ არ ზის აეროპორტში!? ცოლ-შვილს ელოდებოდა მოსკოვის რეისზე. ღამის გასათევიც ვიშოვნეთ. არაა იღბალი?

თბილისის აეროპორტში ჩვენმა თანამემამულე ბიჭებმა სტაცეს ხელი ჩემს ჩანთებს და ტაქსის გაჩერებამდე მიიტანეს. იღბალია ისიც, რომ არ იცოდნენ რა ეწყო ჩანთებში, თორემ ტრადიციულად იარაღის მოტრფიალე ქართველი მამაკაცები აუცილებლად მთხოვდნენ - ერთი მაინც გვაჩუქეო.


"ლა თოფია, ლა თოფი!?"
იღბლიანი რომ ვარ უკვე დაგარწმუნეთ, თუ რატომ შეიძლებოდა ეთხოვათ "იარაღი მაჩუქეო" - ამასაც ერთი ამბით ვუპასუხებ:
მე და მამა ერთ დღეს მანქანით მივდივართ საწვრთნელ ტირში. საბარგულში 4-5 ცალი სპორტული იარაღი გვიდევს. გაგვაჩერა პოლიციამ. მოგვეახლა ერთი ჩასუქებული პოლიციელი და ჯიქურ გვეუბნება:
- თუ არ შეწუხდებით "ბაგაჟნიკი" გახსენით (აქცენტზე ვატყობ - მეგრელია).
- რაშია საქმე? - იქით ეკითხება მამა.
- გახსენით "ბაგაჟნიკი", რომ გეუბნებით არ გაიგეთ თქვენ?
გადავიდა მამა და გახსნა საბარგული.
- ტიტუუუ! - აღმოხდა მსუქანას ამდენი იარაღის დანახვაზე - რასაა რო ხედავს ჩემი თვალები! ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ხართ მოქალაქეებო? არ გაინძრეთ ადგილებიდან და გაქცევა არ გაბედოს რომელიმე თქვენთაგანმა თორემ ჩემს ტყვიას ვერ გაექცევით! დააძრო რაცია და ცენტრში აპირებს შეატყობინოს ტერორისტული ბანდა დავაკავე - მომეშველეთო, მაგრამ მამამ არ აცალა:
- რა ტერორისტები, რის ტერორისტები თუ ძმა ხარ, სალუქვაძეები ვართ, მამა-შვილი. ნინო სალუქვაძე არ გაგიგონია არასდროს?
პოლიციელი წამით დაფიქრდა.
- ხოხ, ნინო სალაუქვაძე როგორ არ გამიგია, მაგრად რო ისვრის ფიშტოს, ის არაა?
- დიახ - გამოიცანი - გაეცინა მამას.
- ხოხ, რომელია ნინო? სადაა?
- ცხადია, მე არ ვარ, ეგერ ზის მანქანაში. ინსპექტორი ჩემს ფანჯარასთან მოვიდა და დამაცქერდა:
- ცოცხალი ხარ? (უნდოდა ეთქვა - ცოცხალი ნინო ვნახეო).
- კი, ჯერჯერობით... გამეცინა მეც.
დიდი ბოდიში, უნდა მაპატიოთ ეს პატარა  "აშიბკა- ნედარაზუმენიე". მერე მამას მიუბრუნდა და სრულიად მოურიდებლად:
- ერთი ცალი იარაღი მაჩუქოთ სამახსოვროდ, იქნებოდეს იქნება.
- რას მეუბნები კაცო, ეს სპორტული ინვენტარია - უხსნის მამა.
- ხოხ... ინვენტარი უძახე შენ და კაი კია!
- აბა, წავედით ჩვენ - აჩქარდა მამაჩემი.
- მოიცა, თუ გიყვარდე, რა გეჩქარება. მაშინ მომყიდე მაინც ერთი ცალი.
- კარგი ერთი, რას მემასხრები, პოლიციელი კაცი, რა უნდა მოგყიდო. ასეთი რამე გეშლება?
ყველანაირად და აშკარად გაწბილებული პოლიციელი დანებებას არ აპირებს.
- კაი, არ მჩუქნი არ მჩუქნი. მომყიდე-თქვა და არ შობი. ე, ის, გაბრჭყვიალებული იარაღი როა, ცოტა ხნით ხელში მაინც დამაკავებინე, სატრაბახოდ მექნება, დედა, რა კაი იარაღია კაცო!
მამა უკვე მანქანაში იჯდა და მივდიოდით. "ლა თოფია, ლა თოფი!" - თქვა მამაჩემმა და ორ ხმაში გადავიხარხარეთ "უდიპლომო სასიძოს" გახსენებაზე.


სტოპ! - ბრმა ვარ
ამერიკაში მკაცრი კანონებია. კანონის სიმკაცრე მარტო და მხოლოდ კრიმინალების შევიწროებაში არ გამოიხატება. ქუჩაშიც სიმკაცრეა. სიმკაცრეა მძღოლების და ფეხით მოსიარულეთა მიმართაც.

ერთხელაც, ატლანტას ერთ ავენიუზე მივდივართ და ტრასის მეორე მხარეზე გვინდა გადასვლა, არც გადასასვლელი ჩანს. არადა, გვეჩქარება. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ რა?

ორი ქართველი მოკრივე გვახლავს. ერთ-ერთი ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა:
- შავი სათვალე ხომ არ გაქვთ ვინმეს? - გვეკითხება. სასწრაფოდ მოვჩხრიკეთ ჩანთები და შევაჩეჩეთ ხელში სათვალე. გაიკეთა ამ ბიჭმა სათვალე და ააკანკალა ხელ-ფეხი. ჩანაფიქრი სასწრაფოდ გავშიფრეთ. ამოვუდექით იქით-აქედან (ვითომს ბრმაა - მიხვდით ალბათ) და ფრთხილად "შევცურეთ" ტრასაზე დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანების ნაკადში.

ატყდა სიგნალები და რა ატყდააა... მაგრამ უსინათლოებს ყველა ქვეყანაში სცემენ პატივს და შტატებში განსაკუთრებით. ასე კანკალ-კანკალით გადავიყვანეთ ჩვენი "ბრმა" ტრასის მეორე მხარეზე. რას იძახოდნენ ამერიკელი მძღოლები, ან გულში რას "გვიძღვნიდნენ" ნაკლებად გვაინტერესებდა. მაისურები გვეცვა ზურგზე წარწერით "ჯორჯია". ამის დანახვაზე სულ გაგიჟდნენ (ჩვენიანები არიანო). "ჯორჯია!" "ჯორჯია!" ყვირიან აღტაცებულები. გადავედით თუ არა... "ჩაგვავლო" პოლიციამ "ჯორჯიელებს" - ვინ ხართ, რა ხართ?
ავუხსენით ვინც ვიყავით და რაც გვჭირდა. იღბლად ისეთი პოლიციელი შეგვხვდა, ვისაც იუმორი არ ეუცხოებოდა და გვარიანადაც იცინა, მაგრამ რომ გაიგო სსრკ-ს სპორტსმენები ვიყავით, სიცილი სახეზე შეეყინა, თუმცა კაცობას მაინც არ უღალატა, "ჩესტი" აგვიღო და უხმოდ გაგვშორდა.

დაჭერას გადავურჩი
ახლა თბილისს დავუბრუნდეთ.
ერთხელ, ლექციების შემდეგ პროსპექტზე მივსეირნობთ.
- ნინო, - ამიტყდა თანაკურსელი ვაჟა - შენ ხომ მსროლელი ხარ?
- ვარ, აბა არ ვარ?
- საკუთარი იარაღი არ გაქვს?
ახლა, რომ ვუთხრა არაო, ვიცი მის ცნობისმყვარეობას ვერ დავაკმაყოფილებ, გადამეკიდება რატომ არაო. ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე:
- მაქვს, აბა არ მაქვს!
- რა მარკის? - არ მეშვება.
- "სტეჩკინი" - ვუთხარი რაც ენაზე მომადგა.
- კიდო? - (არაფრით არ ჯერა რომ ერთი მექნება).
- კიდევ "პარაბელუმი" მაქვს ჩანთაში და ორი ხელყუმბარაც - დავამატე მეტი დამაჯერებელობისთვის.
- იმიტომ მიყვარს შენს გვერდით სიარული, არავისიც არ მეშინია - მიიხედ-მოიხედა აშკარა სიამაყით და თითქოს ამით დამთავრდა იმ დღეს ის საუბარი. თურმე ჯერ სადა ხარ!
მეორე თუ მესამე დღეა გამოვდივარ დილით სახლიდან, ლექციაზე მიმეჩქარება. ვიგრძენი რომ ვიღაც "საიდუმლოდ" მომყვება ზურგს უკან. ქალურ ინტუიციას არ უღალატია. "მდევარი" მალე დაწინაურდა, ორი-ოთხი ნაბიჯით დამშორდა, მერე მოწყვეტილად შემოტრიალდა და წინ ამესვეტა:
- პოლკოვნიკი ეგაძე - თუ შეიძლება გაჩერდით და პანიკა არ იყოს! დამცეცხლა... "რა უნდა ამ პოლკოვნიკს!?"- რა ხდება? - ვეკითხები მშვიდად.
- გაშიფრული ხართ... წყნარად! საბუთები, თუ შეიძლება.
- რა ვარ?
- გაშიფრული ხართ... საბუთები!
ამოვიღე ყველანაირი საბუთი. დაიწყო კითხვა და უცებ ხმამაღლა წამოიყვირა:
- თფუუუ... შენი დედა ვატირე ჰამლეტა შტერო!!!
- რა ბრძანეთ?
- რა ვბრძანე და - იმ შტერმა ჰამლეტამ (აგენტი ჰყოლია) თქვენზე მითხრა - ტერორისტია ეგ ქალი, "სტეჩკინი", "პარაბელუმი" და ორი ლიმონკა აქვს ჩანთაშიო.
ბოდიში პატივცემულო, ვერ გიცნოთ სახეზე (ვითომ თვითონ ხომ მიცნო, რა!) დამიბრუნა საბუთები და "გაქრა".
ოხ, ვაჟა, ვაჟა! - ვფიქრობდი გულში - შენმა ცნობისმოყვარეობამ კინაღამ ორთაჭალაში ამომაყოფინა თავი.


ვინაა ეს კაცი?!
ყველაზე სასიამოვნოდ მაინც სეულის ოლიმპიური თამაშები მაგონდება. კორეაში რაღაცნაირი ადამიანები არიან. თითქოს თავაზიანები, თითქოს გულღიები. პირზე ღიმილი არ შორდებათ, მაგრამ ერთი "ნაკლი" აქვთ. სსრკ-ს ვერ ეგუებიან. უფრთხიან მათ წარმომადგენლებს, გაურბიან. არ უყვართ, რა! ჩვენს დელეგაციას ისე აჩვენებდნენ ერთმანეთს თითქოს ზოოპარკიდნ გამოპარულები ვყოფილიყავით, მაგრამ მე რატომღაც დიდი პატივისცემით მეპყრობოდნენ, ცხადია, ჩემი სპორტული წარმატებიდან გამომდინარე. მაგრად "დამიძმაკაცდნენ". ჯერ ერთმა მთხოვა ჩემთან ერთად გადაიღე სურათიო და ამომიდგა გვერდში. უარი არ მითქვამს. ახლა მეორეს გაუჩნდა ანალოგიური სურვილი, მერე მესამეს და წავიდაააა. ერთი 20 იქაურ მამაკაც სპორტსმენთან გადავიღე.

დავბრუნდი თბილისში და დედაჩემი ათვალიერებს ამ ფოტოებს. პირველ ფოტოზე კმაყოფილებით გაეღიმა, მეორეზეც... მესამეზე სახე ოდნავ მოეღუშა, მეოთხეზე - უფრო მოიღუშა, მეხუთეზე და მეექვსეზე რომ გადავიდა მღელვარება ვეღარ დამალა:
- ნინო! - მომაყვირა მკაცრად - ამისთვის გაგიშვი სეულში მე შენ? ვინაა გოგო ეს თვალებმოწკურული კაცი?
- რომელზე მეკითხები?
- რომელზე... რომელზე და ამდენი სურათი რომ გადაგიღია იმ კაცთან!
- სხვადასხვა კაცებია დედა-მეთქი. სულ გადაირია - რას ჰქვია სხვადასხვაო?
მაგრამ ყველაფერი რომ ავუხსენი დამშვიდდა.
რატომ გვანან კორელეები ასე ძალიან ერთმანეთს? - დამებადა კითხვა და პასუხს თქვენგან ველი მკითხველო.
დიდი პატივისცემით: ნინო სალუქვაძე

მურმან მერკვილიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული