პირველი სტარტისგან განსხვავებით, ამჯერად ფინალში ვერ შევიდა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, თუმცა საამისოდ მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა. თუ წინა ცდაზე ჩვენმა ლიდერმა 388 ქულა დააგროვა, ამჯერად 383-ს დასჯერდა და XII ადგილზე დარჩა. 5 ქულით ნაკლები აჩვენა ნინო უჩაძემაც - 370 და 59-ზე გავიდა. ტურნირში ამჯერად ბელარუსმა მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანმა ვიქტორია ჩაიკამ მოიგო
ის საკვალიფიკაციოში 388-ით მესამე იყო, მაგრამ ფინალში მეორე შედეგი აჩვენა - 100.4 და ჯამში 488.4 მოუგროვდა. ბრინჯაოს მედალი სერბმა მსოფლიოს ჩემპიონმა ზორანა არუნოვიჩმა მოიპოვა 487.4 ქულით, თუმცა საკვალიფიკაციო სროლების შემდეგ სულაც მეორე იყო 389-ით. მონაპოვარი იმიტომ ვერ შეინარჩუნა, რომ ფინალში მხოლოდ 98.4 ქულა დააგროვა.
ვაჟთა შორის მოასპარეზე ლევან ქადაგიძემ პირველ დღეს 569 ქულა დააგროვა და 52-ე იყო, მეორე დღის მონაგარი კი 567 ქულა და 61-ე ადგილია.
მიუნხენურ სასროლეთზე ჩვენებურთაგან შედეგები გააუმჯობესეს გოგოებმა. მათ ლიდერად კვლავაც ქუთაისელი ნინო ფანჩულიძე მოგვევლინა, რომელმაც კვლავაც პროგრესი განიცადა - გერმანიაში წასვლამდე გამართულ თბილისის ღია პირველობაზე თუ 352 ქულა დააგროვა, გერმანიაში პირველ სტარტზე 364-მდე ავიდა, ახლა კი კიდევ 4 ქულით გააუმჯობესა შედეგი და 368 დააგროვა.
შესაბამისად, ამჯერად 28-ზე გავიდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ჩამორჩება მის პირად რეკორდს. წინა სტარტთან შედარებით, ამჯერად 6-ქულიანი ზრდა ჰქონდა მარიამ ბლუაშვილსაც - 367 და 37-ე ადგილი. ანი გაგილაძემ ამჯერადაც 353 ქულა დააგროვა და 47-ზე გავიდა. ბიჭებში ომარ სანოძე გამოდიოდა, რომელმაც ამჯერად 557 ქულა დააგროვა და 36-ე აღმოჩნდა.
ეს ტურნირი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო, რომელიც 14-20 თებერვალს ფინურ ვირუმაეკიში ტარდება.
ამიტომ ჩვენები ახლა გერმანიაშივე რჩებიან შეკრებაზე, ოღონდ მიუნხენიდან დორტმუნდის სიახლოვეს ქალაქ ბასუმში გადაინაცვლებენ, სადაც თბილისელი არტურ გევორქიანი მუშაობს მწვრთნელად. იქინი იქ ორკვირიან შეკრებას გაივლიან და მერე მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძესთან ერთად ფინეთში გადავლენ. ევროპის ჩემპიონატშიც ზუსტად ის შემადგენლობა იასპარეზებს, რომელმაც მიუნხენში ისროლა.
იმედია, ღია სასროლეთზე გავლილი გერმანული შეკრება მათ შედეგებზე კიდევ უფრო დადებითად იასახება და ევროპის პირველობაზე წარმატებით გამოვლენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"