დაიბადა 01.02.1969 წელს თბილისში. ოლიმპიადის ოქროს (1988), ვერცხლის (1988) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2008). პირად პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონი (1989), მეორე (2002) და მესამე (1986) პრიზიორი. მსოფლიოს 6-გზის
მეშვიდე ოლიმპიადა
მისი შედეგები სტატისტიკაში უკვე ჩამოვთვალეთ, აქ კი დავამატებთ, რომ ის ლონდონში თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე გამოვა. ამ მაჩვენებლით ის საქართველოში აქამდეც რეკორდსმენი იყო, ახლა კი უფრო დიდ სიმაღლეზე ადის, რათა მდევრები რომ რაც შეიძლება, დიდხანს ვერ მისწვდნენ. ცოდვა გამხელილი სჯობს და მის რეკორდებზე ამის შემდეგ უფრო გავამახვილეთ ყურადღება. არადა, გამორჩეული შედეგები შინ თუ გარეთ არც მანამდე აკლდა.
ნინო ერთადერთი ქართველია, ვისაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი მოუპოვებია; მსოფლიოს სუპერთასიც ყველაზე მეტჯერ მოუგია და საკმაოდ დიდი უპირატესობით - სამი ჯილდოთი უსწრებს კონკურენტებს, ხოლო ლონდონის თამაშების შემდეგ ტყვიის სროლაში ქალთა შორის მსოფლიოში ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივაც პირველი იქნება, კაცთა დისციპლინებსაც თუ გავითვალისწინებთ - მეორე... ცხადია, ეს მიღწევები აქამდეც ვიცოდით, თუმცა მან ადრეული ასაკიდანვე იმდენად მიგვაჩვია დიდ შედეგებს, ამას ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდით.
პირიქით - თუ წააგებდა, ეს გვიკვირდა და მავანთ ხშირად დაუმსახურებლადაც გაუკრიტიკებიათ, თუმცა 7 ოლიმპიადა იმდენად გამორჩეული მაჩვენებელია, ფაქტმა თავისთავად იფეთქა.
თავად განსაჯეთ - სიდნეიში, სადაც სალუქვაძემ შარშან მარტში საგზური მოიპოვა, ადგილობრივმა ტელე-ჟურნალისტებმა ინტერვიუსას ინგლისურად საუბარი შეაწყვეტინეს და სთხოვეს, ქართულად ელაპარაკა; შედეგების გამოცხადებისთანავე მასთან საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგარიო ვასკეს რანიე მივიდა და პირადად მიულოცა წარმატება... ნინო ინგლისურადაც თავისუფლად საუბრობს, მაგრამ მისთვის ჟურნალისტებს არასოდეს უთხოვიათ ქართულად ლაპარაკი, თუმცა ლეგენდა ხომ სხვა განზომილებაა.
ქალებიდან სალუქვაძის ოლიმპიური შედეგის გამეორება (და არა გაუმჯობესება) სერბ მსოფლიოს, ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ იასნა სეკარიჩს შეუძლია, ოღონდ მას ჯერ არ აქვს ლიცენზია და ახალ საკუთარი ფედერაციის გულმოწყალების იმედზეა, მისცემენ თუ არა საგზურს.
ოღონდ კონკურენტებიც ძლიერები ჰყავს - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, თან - სულ ახალი თაობა, რაც მის შანსებს ამცირებს. კაცებიდან მას ჯერჯერობით მხოლოდ ლატვიელი აფანასის კუზმინსი უსწრებს 8 თამაშებით, მაგრამ ლიცენზია არც მას აქვს და დიდი შანსია, ლონდონში ვერ წავიდეს.
ნინოც ბავშვობიდან მოდის
ვინც სალუქვაძეს პირადად იცნობს, დამეთანხმება, რომ დღეს მასში ცოტა ძნელი წარმოსადგენია ცელქი და მოუსვენარი გოგო, მაგრამ სწორედ ეს თვისება გახდა ტყვიის სროლაში მისი მოსვლის მიზეზი. ის დედისერთაა და როგორც თანატოლთა უმრავლესობა, მასაც იტაცებდა თოჯინები, ქარგვა-ქსოვა თუ სხვა ქალური გატაცებები, ოღონდ ეს ყველაფერი - სახლში, როცა ეზოდან დაბრუნდებოდა, იქ კი ძირითადად ბიჭებთან ბურთაობა იტაცებდა.
ფეხბურთის გარდა ტანმაღალი ბავშვი კალათბურთსაც კარგად თამაშობდა და სკოლის ნაკრების შემადგენლობაში თბილისის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ერთხელაც მისი სიცელქით გაბეზრებულმა დედამ მეუღლეს, ტყვიის სროლაში სახელოვან მწვრთნელს ვახტანგ სალუქვაძეს სთხოვა, წაიყვანე შენთან სპორტზე, ერთ ადგილას მაინც გაჩერდებაო. მამასაც ჭკუაში დაუჯდა. მით უფრო, რომ მაშინ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპორტსმენები შეღავათებით სარგებლობდნენ.
მამამ იფიქრა, თანრიგი მაინც რომ შეასრულოს, ეგეც კარგი იქნებაო, მოჰკიდა ხელი და ტირში მიიყვანა. მაშინ მას ფიქრადაც არ ჰქონდა, მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი თუ მიჰყავდა სასროლეთზე.
კალათბურთიდან მოსულ ბავშვსაც თავიდან გაუჭირდა ასე ერთფეროვან სპორტთან შეგუება, თუმცა მერე და მერე შეეჩვია, სერიოზული სტიმული გახდა მალევე მოსული პირველი წარმატებებიც და საბოლოოდ შერჩა პისტოლეტის, ფარებისა და იარაღის მამაკაცურ სამყაროს. იქაურობა კი მან ყველაზე ომახიანად 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე შეაზანზარა, როცა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა, ორ დღეში კი პნევმატურში მეორე იყო.
სეულში ის სტატისტის როლში ნამდვილად არ ჩასულა - მას უკვე უმაგრებდა ზურგს 1986 წელს გერმანულ ზულში უფროსებში მოპოვებული მსოფლიოს ბრინჯაო (ჯერ ეს იყო ერთი გმირობა, როცა ახალგაზრდული ასაკის არარუსი წევრი ყოფილი საბჭოთა კავშირის უფროსთა ნაკრებში მოხვდა) და 1987 წელს იმავე სეულში მსოფლიოს თასზე ქულათა მაქსიმუმით დამყარებული ფანტასტიკური რეკორდი.
შედეგებსაც ზღაპრული დევგმირების პროპორციით ზრდიდა - წლობით და თვეობით კი არა, დღეებით უმატებდა და მამისთვის თავდაპირველი სათანრიგო ჩანაფიქრიც მალევე გააცამტვერა, მაგრამ 19 წლის გოგოს ხანმოკლე კარიერაში ასეთ გასროლას ბევრი მაინც არ ელოდა - ოლიმპიადა ხომ თავისებური შეჯიბრებაა, ნერვების თამაში, სადაც ფავორიტები ხშირად მარცხდებიან, მაგრამ სალუქვაძეს სწორედ მტკიცე ნერვიული სისტემა გამოარჩევს.
ეს მან პეკინის ოლიმპიადაზეც დაამტკიცა, როცა საქართველოში მიმდინარე ომის ფონზე შეძლო ის, რაც ჩვენი გუნდის მამაკაცებმა ვერ გააკეთეს და მედალი მოიპოვა. ის წარმატება ერთ-ერთი გამორჩეულია მისთვის. "მე ასე ვიტყვი - ამ მედალმა ყველაფერი დახურა! მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოში ომი იყო და ოლიმპიელებიც ძალიან რთულ დღეში ვიყავით, მაგრამ, ეტყობა, ქართველებს ისტორიულად მოგვდგამს "ჭირსა შიგან გამაგრება" - ჩვენ ხომ მუდამ ენის, ქვეყნის, სარწმუნოების დაცვაში ვიყავით. ჩანს, გენი არ იკარგება და პეკინშიც ასე მოხდა.
შედეგი რომ გამოაცხადეს, ჩემი გვარი კი გავიგონე, მაგრამ არ ვენდე, გამოვედი და ტაბლოს გავხედე. მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნე პრიზიორობა. ბურთს რომ გახეთქავ და დაიჩუტება, ისე დამემართა - ემოციისგან ერთბაშად დავიცალე და ცრემლებიც კი წამომივიდა. არადა, კარიერაში იშვიათად მიტირია".
30 წელიწადი სამიზნესთან
სალუქვაძის სპორტული კარიერა უკვე 30 წელიწადს ითვლის, თუმცა ყველა ოლიმპიადისთვის მზადება ახსოვს უმცირესი დეტალებით. ამ მხრივ არაფერი იცვლება - ახლაც ისეთივე გულმოდგინებით ემზადება, ისეთივე შემართებით, სერიოზულობით და პასუხისმგებლობით. იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ ოლიმპიადა მისთვის უკვე აღარ იქნება იმდენად გამორჩეულ-ამაღლებული ტურნირი, მაგრამ თვითონ ასე არ ამბობს: "ოლიმპიადაზე რამდენჯერაც უნდა გამოხვიდე, ის არც გახუნდება და არც ჩვეულებრივ ტურნირად შეიძლება იქცეს.
ოთხი წელიწადი კი არა, ექვსი თვეა დიდი შუალედი და წინასწარ ვერ იტყვი, როგორ გამოხვალ. აქ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია - სავარჯიშო პირობები, მომზადება, ფორმის პიკში შესვლა და იმ კონკრეტულ მომენტში როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს. თუმცა გამოცდილება მაქვს, რასაც ვიყენებ კიდეც. მახსოვს, სეულში რა დიდი სიხარულით მივდიოდი, ეს ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, თუმცა ახლაც ასე ვარ და არა დათრგუნული. პირიქით - ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება. როგორც ანაბეჭდი არ მეორდება, ასევეა თამასებიც - 6 ოლიმპიადა მოვიარე, მაგრამ არც ერთი არ ჰგავდა წინამორბედს, ყველა სხვანაირი იყო."
დიდ სპორტს რომ დიდი შრომა სჭირდება, ახალი არავისთვისაა, ასეთ დატვირთვას 30 წელიწადი კი არა, კაცები ვერ უძლებენ ბევრად ხანმოკლე ვადით, სალუქვაძე კი კვლავ ლიდერია როგორც ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციაში, ასევე - სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს მასშტაბით. თან სახელოვანი სპორტსმენი არც ცხოვრებას ჩამორჩა - ჰყავს ქმარ-შვილი და კარიერის პარალელურად არც მათ აკლებს ყურადღებას.
ცხადია, ეს არაა იოლი, მაგრამ ნინოსაც და მის ოჯახსაც ყველაზე მეტად მაშინ უჭირდათ, როცა უცხოეთში მიდიოდა შეკრებაზე. ამას უფრო მტკივნეულად უმცროსი შვილი - ცოტნე განიცდიდა, რომელიც დღეს თვითონაც ისვრის, თუმცა მამის გენები რაგბისკენაც ექაჩება.
თანამოსახელე უფროსი შვილი ნინო ნოსტალგიის გასაქარვებლად ზოგჯერ დაჰყავდა კიდეც ამ შეკრებებზე, თუმცა დღეს შვილები გაიზარდნენ და მათაც ისევე ესმით ამ ყველაფრის აუცილებლობა, როგორც ქომაგები მივეჩვიეთ იმას, რომ სალუქვაძე ყოველი ოლიმპიადის შემდეგ მიდის ტირში და ჩვეულებრივად აგრძელებს ვარჯიშს მომდევნო თამაშებზე ფიქრით - ლაპარაკი არაა კარიერის დასრულებაზე და ქომაგებსაც ისე გვგონია, რომ ეს უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს.
თაობათა ეტალონი
სალუქვაძის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ არ აკლია არანაირი ტიტული, დედამიწაზე არ მოუგონიათ სპორტული ჯილდო, რომელიც მის კარიერაში არ იყოს, თუმცა მაინც ძველებური ჟინითა და წარმატებით უმიზნებს პისტოლეტს. არადა, ნაადრევად გაფლანგული ტალანტის, ვარსკვლავური ავადმყოფობით დაღუპული ნიჭის და ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების მოგებით დასაწყისშივე შეწყვეტილი კარიერის რამდენი მაგალითი ვიცით!
სალუქვაძე ამ მხრივ ახალი თაობისთვის ნამდვილი ეტალონია. "ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი სფერო, რასაც შრომა არ სჭირდება. ხომ არსებობენ ქალები, რომლებიც დილიდან საღამომდე მუშაობენ? ასე ვარ მეც. ცხადია, ოჯახი უმთავრესია და 19 საათისთვის, როცა შინ ვბრუნდები, დალაგებას, გაკეთებას მეც იმ სხვა მომუშავე ქალებივით ვასწრებ. ნებისმიერ საქმეში მთვარი ისაა, შენ როგორ დაიხარჯები, როგორ იმუშავებ, თორემ შრომა არავითარ შემთხვევაში არ დაგეკარგება.
მე მიყვარს ჩემი სპორტის სახეობა და თან მინდა, დღეს მოვარჯიშე ახალგაზრდებისთვის, ლოკომოტივი ვიყო, სანამ შევძლებ. ჩვენთან ბაზების მხრივ რა ცუდი მდგომარეობაა, მოგეხსენებათ და თავი რომ დავანებო, ჩაკვდება ეს სახეობა. თან ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ - მგლების გარემოცვაში საჭირო სახეობაა.
ვინც ივარჯიშებს, სროლას ხომ მაინც ისწავლის და ქვეყანას გამოადგება, ხოლო ვინც სპორტში დარჩება, ამით სახეობა იხეირებს. ჩემთვის ფული, მატერიალური მხარე სტიმული არასოდეს ყოფილა და არც რეკორდებზე ვფიქრობ. ჩემთვის კერპი ვიქტორ სანეევია, რომელსაც მე პირადად ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონად აღვიქვამ. მისი სიტყვებია, როგორც კი მედალს მოვიპოვებდი, მაშინვე უჯრაში ვინახავდი და ყველაფერს თავიდან ვიწყებდიო. ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამავეს ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს".
ნინოს ცოტა გული კი სწყდება, რომ სანეევის შედეგი ვერ გაიმეორა და არად აგდებს იმ გარემოებას, რომ სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ერთადერთი ქართველია. ვერცხლი და ბრინჯაოს რას ნიშნავს ასეთს, განა არ ჯობდა, სამივე მედალი ოქრო ყოფილიყო - კითხულობს.
აი, ასეთი განწყობით ემზადება სალუქვაძე ლონდონის თამაშებისთვის. წერილი გამხელილი ცოდვებით დავიწყეთ და ამავეთი დავასრულებთ - პეკინის ოლიმპიადისგან განსხვავებით, დღეს მის შესაძლებლობებს გაცილებით უფრო აფასებენ. პეკინის შემდეგ ბევრმა შეიცვალა მასზე აზრი. იმედია, ლონდონშიც გაგვიმართლებს იმედებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"