მეგი ქადაგიძემ სომხეთიდან თასი საქართველოში წამოიღო

AutoSharing Option
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა დაამთავრა შეკრება ერევანში, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერის, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის საოლიმპიადო მზადების ფარგლებში მოეწყო.

რაკიღა ერევანი ახლოსაა და იქ წასვლა მინიმალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ფედერაციამ სალუქვაძეს სხვებიც გააყოლა, ძირითადად - ახალგაზრდები.

შეკრება ისე დაიგეგმა, რომ მისი დასრულებისას ჩვენები ადგილობრივ ტურნირში გამოვიდნენ - ამ გაზაფხულზე გარდაცვლილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ზინაიდა სიმონიანის თასის ღია გათამაშებაში, რომელიც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩატარდა.

ესეც უფრო ახალგაზრდებზე იყო გათვლილი, რომლებსაც ხშირად არ უწევთ შეჯიბრებებში მონაწილეობა, თორემ სალუქვაძე
იქ არც გამოსულა, რადგან საგანგებო გრაფიკით ემზადებოდა ოლიმპიადისთვის.

სიმონიანის თასზე ქალთა შორის 30, ვაჟებში კი 35 სპორტსმენი გამოდიოდა. ქალებში წარმატებით იასპარეზა მეგი ქადაგიძემ, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო და თასიც საქართველოში წამოიღო.

ვაჟებში ჩემპიონიც და მესამე პრიზიორიც სომეხი მსროლელები გახდნენ, ვერცხლი კი ომარ სანოძემ მოიპოვა. ჩვენებურთაგან ვლადიმერ მაიოროვი მეხუთეზე გავიდა, ლევან ქადაგიძე - მეექვსეზე, თენგიზ იმნაიშვილი - მეთვრამეტეზე.

ჩვენი მსროლელები 4 ივლისს ისევ წავლენ ერევანში შეკრებაზე, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ოთხნი: სალუქვაძეს და ლევან ქადაგიძეს ორი ნიჭიერი და უდაოდ პერსპექტიული ქუთაისელი ახალგაზრდა, ნინო ფანჩულიძე და ლიზი კილაძე გაჰყვებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული