პირველი ოქრო ჩინეთში წავიდა

AutoSharing Option
2012 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი გახდა ჩინელი სილინ იი, რომელმაც ყველას აჯობა პნევმატური შაშხანით 10 მეტრიდან სროლაში.

23 წლის ჩინელი მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერია და დაამტკიცა თავისი კლასი, თუმცა სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა 30 წლის პოლონელ სილვია ბოგაცკასგან. ეს უკანასკნელი რვა ცდის შემდეგ ლიდერი იყო, მაგრამ ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლო, რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

კიდევ ერთი ჩინელი - დან იუ ვიხილეთ პოდიუმზე. რაც შეეხება ამ დისციპლინაში პეკინის თამაშების ჩემპიონს, ჩეხ კატერინა ემონსს, ის ამჯერად მეოთხე ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებულს ოქროს მედალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ გადასცა.

* * *
ქალებს შორის პნევმატური შაშხანით სროლაში ერთი საინტერესო მონაწილე ვიხილეთ - 29 წლის მალაიზიელი ნურ სურიანი 34 კვირის ფეხმძიმე გახლავთ და 34-ე ადგილი დაიკავა 56 მონაწილეს შორის.

ტურნირის შემდეგ სურიანიმ განაცხადა, რომ მისმა გოგონამ გამოსვლის დროს ოთხჯერ დაარტყა ფეხი მუცელში, მაგრამ მალაიზიელმა შეჯიბრი არ შეწყვიტა.

სურიანიმ 2010 წელს ოქროს მედალი მოიგო თანამეგობრობის თამაშებზე, ლონდონის ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად კი განსაკუთრებული ნებართვის აღება მოუწია. სურიანი 31 ივლისს ბრუნდება სამშობლოში.

ნური ლონდონში წარუმატებელ გამოსვლას არ ნანობს. პირიქით, ამბობს, რომ მისი დიდი ხნის ოცნება ასრულდა. ბავშვის დაბადების შემდეგ სურიანი კარიერის გაგრძელებას აპირებს.

* * *
ოლიმპიადის პირველ დღეს ლონდონის სასროლეთზე მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა - მამაკაცებს შორის 10 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში.

კარიერაში ერთი ნაბიჯით წაიწია წინ კორეელმა იონშო იინმა და პეკინის ვერცხლს ლონდონის ოქრო დაუმატა.

ფინალის ეკვატორზე იინი კომფორტულად ლიდერობდა - 4.4 ქულით უგებდა იტალიელ ლუკა ტესკონის, მაგრამ თანდათან გაანიავა ეს უპირატესობა და ბოლო სროლის წინ სხვაობა მხოლოდ 1.3 ქულა იყო. მაგრამ უკანასკნელ ცდაზე კორეელმა 10.8 ქულა აიღო, რამაც მას ოქროს მედალი მოუტანა. სხვათა შორის, იონშო იინი პეკინის ოლიმპიადის ოქროსმედალოსანია 50 მეტრზე პისტოლეტით სროლაში.

საინტერესოა, რომ აქაც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ჩინელი ვეი პანგი მეოთხე ადგილზე გავიდა.

კაცები
პნევმატური პისტოლეტი. 10 მ
1. იონშო იინი (ს. კორ) 688.2
2. ლუკა ტესკონი (იტა) 685.8
3. ანდრია ზლატიჩი (სერ) 685.2
4. ვეი პანგი (ჩინ) 683.7
5. ოლეგ ომელჩუკი (უკრ) 683.6
6. პაბლო კარერა (ესპ) 683.3
7. ჟოაო კოშტა (პორ) 682.3
8. კაი იანსონი (ფინ) 679.1

ქალები
პნევმატური შაშხანა. 10 მ
1. სილინ იი (ჩინ) 502.9
2. სილვია ბოგაცკა (პოლ) 502.2
3. დან იუ (ჩინ) 501.5
4. კატერინა ემონსი (ჩეხ) 500.3
5. ჯეიმი ლინ გრეი (აშშ) 499.7
6. ელაჰე აჰმადი (ირან) 499.1
7. სარა შერერი (აშშ) 499.0
8. დარია ვდოვინა (რუს) 498.5
პნევმატური პისტოლეტი. 10 მ
1. ვენიუნ გუო (ჩინ) 488.1
2. სელინ გობერვილი (საფ) 486.6
3. ოლენა კოსტევიჩი (უკრ) 486.6
4. ლუბოვ იასკევიჩი (რუს) 486.0
5. ვიქტორია ჩაიკა (ბლრ) 485.2
6. იულინ სუ (ჩინ) 484.6
7. ზორანა არუნოვიჩი (სერ) 483.5
8. ლენკა მარუშკოვა (ჩეხ) 482.6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული