ნინო სალუქვაძე სუპერთასზე

AutoSharing Option
ზეგ, გვიან ღამით ქართველი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე მიუნხენში გაფრინდება, სადაც 24-29 ოქტომბერს მსოფლიოს თასის სუპერფინალი ტარდება. სალუქვაძე ამჯერად მხოლოდ ერთ დისციპლინაში გამოვა - სპორტული პისტოლეტით ისვრის, ამ სახეობაში კი შეჯიბრება 27 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენებური ამ დისციპლინაში სუპერთასის შარშანდელი გამარჯვებულია და წლევანდელ ტურნირში გამოსვლის უფლება შარშანვე მიიღო, თუმცა საგზური წლეულსაც მოიპოვა.

ორივე სახეობაში 12-12 მსროლელი გამოვა. აქამდე 8-8 გამოდიოდა, მაგრამ წლეულს მსოფლიოს თასის ეტაპებიდან გასულ რვა სპორტსმენს შარშანდელი გამარჯვებულები და მსოფლიოს ჩემპიონატის (ეს ტურნირი ამ
სახეობაში ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და წლეულს ჩატარდა მიუნხენშივე) სამ-სამი მედალოსანიც დაამატეს. ასე მოიყარა თავი 12 ჩუბინმა. სპორტული პისტოლეტით სროლაში სალუქვაძის მეტოქეები რუსი მსოფლიოს ჩემპიონი კირა კლიმოვა, ჩეხი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ლენკა მარუსკოვა, ავსტრალიელი ოლიმპიადისა და მსოფლიოს პრიზიორი ლოლიტა იევლევსკაია, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა, ფრანგი სელინ გობერვილი, გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი მუნკბაირ დორჯსურენი, ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა, მონღოლი მუნკზულ ჩოგბადრანი, რუსი ანა მასტიანინა, სერბი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი და მისი სახელოვანი თანაგუნდელი, სალუქვაძესავით ყველა ტიტულის მფლობელი იასნა სეკარიჩი. ამათგან ორივე დისციპლინაში, ანუ სპორტულსა და პნევმატურში ერთად მხოლოდ ოთხი გამოვა - იევლევსკაია, ბაიბუსინოვა, კლიმოვა და არუნოვიჩი. ბოლო სამი მსროლელი აქამდე დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ წლეულს კარგად ისროლეს, თუმცა კლიმოვა და არუნოვიჩი არც მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბრწყინავდნენ. აი, იქ კი ორივემ ნამდვილი ფურორი მოახდინა და ძველებს იარაღი დააყრევინა - კლიმოვა სპორტულში გახდა ჩემპიონი, არუნოვიჩმა კი, რომელმაც წლეულს აშკარად დაჩრდილა სეკარიჩი, პნევმატურში გაიმარჯვა, სპორტულში კი ვერცხლი მოიპოვა. ვნახოთ, გააგრძელებენ თუ ვერა ისინი ასეთსავე წარმატებულ გამოსვლას მომდევნო სეზონებში.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე მსოფლიოს სუპერთასის მოპოვებას მერვედ შეეცდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული