მსოფლიოს სუპერთასის შეჯიბრებაში მონაწილეობა ლიმიტირებულია - იწვევენ მხოლოდ მსოფლიოს თასების ცალკეულ ეტაპებზე პირველ-მეორე ადგილებზე გასულ სპორტსმენებს. წლეულს მათ მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსნებიც დაუმატეს და ორივე დისციპლინაში - სპორტულშიც და პნევმატურშიც 12-12 მონაწილე მოგროვდა.
სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 578 ქულით და მეოთხე ადგილით დაასრულა. ეს არაა ცუდი შედეგი, მაგრამ 578 ქულა საკმაოდ ჩამორჩება მის პირად რეკორდს. თუმცა მეოთხეობაც სადავო გაუხდა, რადგან
რაც შეეხება შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულს, ის 582-ქულით წლევანდელი სეზონის კიდევ ერთი მოულოდნელობა, ფრანგი სელინ გობერვილია. მომდევნო ადგილებს 579-579 ქულით გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი მუნკბაიარ დორჯსურენი და ჩეხთა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვა იყოფდნენ. 12 მონაწილიდან ფინალურ ოქტეტში ორი 577-ქულიანი მსროლელიც შევიდა - ბელარუსული წარმოშობის ავსტრალიელი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ლოლიტა იევლევსკაია და სალუქვაძესავით ყველაფრის მომგები სერბი, მისი ოდინდელი მეტოქე და მეგობარი იასნა სეკარიჩი. საკმაოდ სოლიდური კვარტეტი დარჩა ფინალს მიღმა - მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონები, რუსი კირა კლიმოვა და სერბი ზორანა არუნოვიჩი, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა და ამ სეზონში თავგამოჩენილი კიდევ ერთი უცნობი ახალგაზრდა, ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა.
სალუქვაძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა მტკიცე ხასიათი და ფინალში გაიბრწყინა - 205,4 დააგროვა, რაც ძალზე კარგი მაჩვენებელია. როგორც საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, მან განსაკუთრებით კარგად ბოლო სერია ჩაატარა. ამ შედეგით სალუქვაძემ საგრძნობლად ჩამოიტოვა კონკურენტები. ფინალში მეორე შედეგი მარუსკოვას ჰქონდა - 202,9, თუმცა ჯამში ჩვენებურმა 783,4 ქულა დააგროვა, ჩეხმა - 781,9. მესამეზე გობერვილი გავიდა 780,5-ით.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მსოფლიოს თასი კლიმოვამ მოიპოვა, რაც ახალგაზრდა რუსისთვის სეზონში მეორე ჯილდოა აგვისტოში მიუნხენშივე მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლის შემდეგ.
სალუქვაძისთვის ეს წარმატება ერთგვარი კომპენსაციაა არცთუ წარმატებული სეზონის ბოლოს. ჩვენებურმა ვერც ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი, დიდად ვერც მსოფლიოს თასებზე იყოჩაღა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, იმდენად ცუდად გამოვიდა, მსგავსი რამ კარიერის დასაწყისში თუ მოსვლია მხოლოდ. მან სუპერთასის საგზური წლეულს თავისითაც კი მოიპოვა, მაგრამ შარშანაც მოიგო თასი ამავე დისციპლინაში და წლევანდელ შეჯიბრებაში გამოსვლა ჯერ კიდევ მაშინვე დაიბევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"