თანამედროვე ტირი ორ წელიწადში

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძის მორიგი ტრიუმფის შესახებ უკვე იცით - ოლიმპიურმა ჩემპიონმა 27 ოქტომბერს მიუნხენში კარიერაში მეცხრედ მოიპოვა მსოფლიოს სუპერთასი, რითაც კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა კონკურენტებთან - მას კვალში 6-6-თასიანი სერბი იასნა სეკარიჩი და ჩინელი ტაო ლუნა უდგანან.

ჩვენებურმა მიუნხენში კიდევ ერთი საინტერესო გამარჯვება მოიპოვა - ჩემპიონთა ტურნირიც მოიგო, სადაც ფინალში რუსი ტალანტი ლეონიდ ეკიმოვი დაამარცხა. ამ შეჯიბრებაში ცალკეული დისციპლინების გამარჯვებულები გამოდიან, ქალები და კაცები კი ერთად ისვრიან. სალუქვაძემ არც აქ დაუდო ტოლი არავის. ისე მოხდა, რომ ბოლო ეტაპებზე მას რუსთა წინააღმდეგობის
დაძლევა მოუხდა. როგორც თვითონ განაცხადა, მისთვის ეს ერთგვარი ომი, ერთგვარი რევანში იყო ბოლო წლების პოლიტიკური ამბების გამო. "ამ ომს მაინც მოვიგებ-მეთქი, გავიფიქრე და ასე იქნება მომავალშიც", - დაგვპირდა სამშობლოში დაბრუნებული სალუქვაძე.

ის თბილისში შაბათს, გამთენიისას ჩამოვიდა, იმავე დღეს კი საკუთარ ტირში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს უმასპინძლა, რომელმაც მყისვე მოისურვა თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე ტიტულოვან ქართველ სპორტსმენთან შეხვედრა. "გილოცავთ ამ წარმატებას, რომელიც პირველი არაა თქვენთვის, მაგრამ სასიამოვნოა, როგორც ახალი გამარჯვება. მთავარი ისაა, რომ კვლავაც ფორმაში ხართ და საოლიმპიადოდ ძველებურად გვაქვს თქვენი დიდი იმედი. გვჯერა, იქაც იტყვით თქვენს სათქმელს.

აქვე მინდა ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის დიდი წვლილიც აღვნიშნო, რომელიც თავიდანვე აქტიურად ჩაერთო საქმეებში. გაისად მათთან და მერიის სპორტის სამსახურთან ერთად დიდი გეგმები გვაქვს - გვინდა, გავაკეთოთ ტირი, რომლისთვისაც ტერიტორია უკვე შერჩეულია. იქაურობა მერიამ საჩუქრად გადასცა ფედერაციას, მისი კეთილმოწყობის შემდეგ კი ნინოს ძალისხმევით იქ მოემზადებიან ჩვენი პატარები და მომავალში კვლავაც გავზრდით დიდ სპორტსმენებს. მინდა, ნინოს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა ამ გამარჯვებისთვის, რადგან მისი ყოველი მოგება ქვეყნის წარმატებაა" - მიმართა მინისტრმა სალუქვაძეს.

ბაზის მშენებლობის საკითხს ფედერაციის პრეზიდენტი გია უდესიანიც შეეხო, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისთვის პრიორიტეტი ამ ტირის კეთილმოწყობაა და ფედერაციაშიც ამ დაპირებით მოვიდა, ხოლო თუ პირობას ვერ შეასრულებს, პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. მისი თქმით, საქმიანობა უკვე გაჩაღდა - შერჩეულმა სამშენებლო კომპანიამ უკვე დაიწყო საპროექტო სამუშაოები. როგორც უდესიანმა თქვა, ტირი უახლოეს ორ წელიწადში უნდა აშენდეს, რაც ჩვენს ჩუბინებს - ტყვიის მსროლელებსაც და მესტენდურებსაც ყველა პრობლემას გადაუჭრის. თან ლაპარაკია სუპერთანამედროვე ტირზე, რომელიც უახლესი აპარატურით იქნება აღჭურვილი და სადაც შესაძლებელი იქნება ევროპის პირველობების რანგის შეჯიბრებათა ჩატარება. ლაპარაკია იმ ძვირადღირებულ ელექტროფარების შეძენაზეც, ურომლისოდაც დიდი შეჯიბრებები წარმოუდგენელია.

იმედია, ჩვენი ხელისუფლება მაგალითს სომხებისგან აიღებს (მით უფრო - ვარძელაშვილს ამ დღეებში იქაური სპორტის მინისტრის მოადგილე სტუმრობდა), რომლებსაც ერთადერთი ხეირიანი მსროლელი ჰყავთ - ნორაირ ბახტამიანი, მაგრამ ის შედეგებით ახლოსაც ვერ მოვა სალუქვაძესთან. მას ჯერ არც ევროპა მოუგია, ხოლო მსოფლიოსა და ოლიმპიადაზე არცაა ლაპარაკი, მაგრამ იქაურმა ხელისუფლებამ მაინც ააშენა სუპერთანამედროვე ტირი. საამისოდ თანხები ქვეყნის პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო, თუმცა აშენდა არა მარტო ტირი, არამედ მთლიანი კომპლექსი თავისი სასტუმროთი და დასასვენებელ-სავარჯიში-გამაჯანსაღებელი ატრიბუტიკით. იქაური ხელისუფლება ამ ნაბიჯზე იმიტომაც წავიდა, რომ სასროლო სახეობების მნიშვნელობა სპორტის ფარგლებს სცილდება და ქვეყნისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს როგორც მსროლელთა, სნაიპერთა მომზადების საშუალება.

სროლის სახეობების ამ მნიშვნელობაზე შაბათსაც გაამახვილეს ყურადღება და ტირის აშენება, საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ამიტომაც მიიჩნიეს აუცილებლად. "მადლობას მოგახსენებთ მოსვლისა და მოლოცვისთვის. მინდა, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლაც, ამ წუთებშიც ვარჯიშობენ ტირში და მონდომებულნი არიან, მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ" - ასე მოკლე გამოსვლით შემოიფარგლა სალუქვაძე, რომელმაც, როგორც ხედავთ, სხვა საკითხზე უფრო გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდების დახმარება ითხოვა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული