"ლელოს" სტუმარი თამაზ იმნაიშვილი - მესტენდურის ვნებანი

AutoSharing Option
დოსიე
თამაზ იმნაიშვილი
დაიბადა 28.07.1954, თბილისი. სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1981), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1993) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 90) პირად პირველობაში, მრავალგზის პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 78, 80, 81, 84, 85, 87), სამგზის მეორე (1982, 84, 85) და მესამე პრიზიორი (1985) პირად ასპარეზობაში, ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975), სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში. მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი
(1996, 125 ქ-125-იდან). სამი ოლიმპიადის მონაწილე: XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1999, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004), საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1992-იდან). ღირსების ორდენის კავალერი.

* * *
სასტენდო სროლის დღევანდელი სავალალო ვითარების შემხედვარე, ძნელად თუ იფიქრებთ სპორტის ამ სახეობის ეგზომ მდიდარ ისტორიაზე. არადა, ბევრს შეშურდება, ისეთი შედეგები გვაქვს - ევროპისა თუ მსოფლიოს პირველობების ოქროს მედლები, მსოფლიოს თასები, ოლიმპიური მედლები თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტროფეები...

ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, არ არსებობს ტიტული, რომელიც არ მოგვეპოვებინოს, თუმცა არც ეს იყო შორს.

ქართველთაგან მისი მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ჩვენი გაზეთის დღევანდელ სტუმარს ჰქონდა, რომელსაც ზემოხსენებულ მიღწევებშიც დიდი წვლილი მიუძღვის. სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ბოლო წარმატებაც თამაზ იმნაიშვილის სახელს უკავშირდება.

კარიერის ყველაზე დიდ წარმატებებს მრგვალ სტენდზე სროლაში კი მიაღწია, მაგრამ სპორტის ეს სახეობა სულაც არ ყოფილა მისი ერთადერთი გატაცება - იყო ტყვიის სროლა, წყალბურთიც კი, მაგრამ საბოლოოდ გულმა მაინც ღია სივრცისკენ გაუწია, რომელიც ნადირობასთანაც ასოცირდება და თან მოულოდნელობის ეფექტის გამო (არ იცი, თეფში საიდან, როდის გამოფრინდება და მზად უნდა იყოს ამისთვის) განსხვავდება სტატისტიკური სახეობებისგან.

ამ გზაზე მისი მეგზური უფროსი ძმა თენგიზი იყო, რომელიც თავად დადიოდა წყალბურთზეც და სასტენდო სროლაზეც. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც მან მიიყვანა სპორტის ამ სახეობებში.

ასეთი წარმატებების მიუხედავად, რაც ყოველთვის სასიამოვნოდ აგონდება, იმნაიშვილის კარიერაში გულდასაწყვეტი მომენტიც ბევრი იყო. ზოგი იმდენად ცუდი, რომ მსგავსი ათასში ერთს თუ გადახდება.

ამ ყველაფერზე თამაზ იმნაიშვილი თავად გვესაუბრება.

მწვერვალები და ფათერაკები
ჩემი სპორტული კარიერა 1969 წელს დაიწყო და 1991 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე ის ქვეყანა არ დაიშალა. ვარჯიში მიხეილ კუროჩკინთან დავიწყე, რომელიც თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი იყო, იმხანად უკვე ასაკოვანი, მაგრამ ბავშვთა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. მას პირველი დღიდანვე, პირველი გასროლებიდანვე მოვეწონე და დამიტოვა სავარჯიშოდ.

ჩემი კარიერის გამორჩეული შედეგი და მწვერვალი მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალია პირად პირველობაში. საერთოდ, მსოფლიოზე პირადში 4 ჯილდო მოვიპოვე, რაც საქართველოში საუკეთესო შედეგია. დღესაც კი, როცა ამდენი ხნის წასული ვარ სპორტიდან, საერთაშორისო რეიტინგში მედლების რაოდენობით მრგვალ სტენდში მეცხრე ადგილზე ვარ.

ჩემი ოლიმპიური კურიოზები განუმეორებელია, ანალოგი არა აქვს სასტენდო სროლაში. პირველი თამაშები მოსკოვის ოლიმპიადა იყო 1980 წელს. მაშინ სამი დღე ვისროდით და პირველი ორის შემდეგ, როცა შვიდი სერია მოვამთავრეთ, ლიდერი ვიყავი. გვრჩებოდა ბოლო, მერვე სერია და უკვე გავდივარ მიტიშჩის სასროლეთზე, როცა მომიახლოვდა სროლის სახეობების კურატორი, მეხიკოს ოლიმპიადის ჩემპიონი ჩემსავე სახეობაში პეტროვი და მითხრა, თამაზ, დიდხანს ემზადები გასროლისთვის და ცოტა დააჩქარე, იაპონელები წამზომით დაგდევენ უკან და დროს გითვლიანო...

ასეთ რამეს სტარტის წინ არავინ ეუბნება მსროლელს და როგორც მერე მივხვდი, შეგნებულად გააკეთა ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. არასოდეს მსაჯისგან შენიშვნაც არ მიმიღია, მან კი ამ სიტყვებით მომშალა და მწყობრიდან ამომაგდო - კონცენტრაციაზე ფიქრის ნაცვლად უკან ვიხედებოდი და წამზომით ჩასაფრებულ იაპონელებს ვეძებდი, თუმცა, ცხადია, ასეთი არავინ შემინიშნავს.

საბოლოოდ ლიდერმა ერთი ქულა წავაგე, თუმცა ამ ერთ ქულაში ჩემ წინ 8 ადგილი ჩაეტია და მეცხრეზე გავედი, უმედლოდ დავრჩი.

პეტროვს არ უნდოდა, მის შემდეგ ვინმე კიდევ გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი და საბჭოთა კავშირი ისე დასრულდა, მართლაც არავინ გამხდარა. თუმცა მაშინ ამას არავინ მიჯერებდა და მეუბნებოდნენ, გეჩვენებაო. მერე ყველა დარწმუნდა. ლიდერს, რომელიც კარგად ისვრის, არავინ აძლევს შენიშვნებს. ცუდად რომ გამოდიოდეს, აი, მაშინაა დასაშვები რჩევები და მითითებები, თორემ წარმატებისას?

1984 წელს ლოს ანჟელესის ოლიმპიადაზე საყოველთაოდ ცნობილი მიზეზის გამო არ წავსულვართ, 1988 წელს სეულში კი გაუგონარ პრეცედენტს ვემსხვერპლე - არც მაშინ და არც მერე არ მომხდარა, რომ კაცი, რომელიც თავისი შედეგით იმსახურებდა ფინალში გასროლას, ასპარეზობიდან მოეხსნათ. ასეთი რამე შეიძლება მოხდეს მხოლოდ დოპინგის გამოყენების ან სხვა არასპორტული საქციელისთვის... მაშინაც სამი დღე ვისროდით და მე ორი დღის შემდეგ 24 ფინალისტს შორის გავედი. ოქმებიც დაიბეჭდა, ღამე მშვიდად დავიძინე სასტუმროში ისე, რომ შიში არაფრის მქონია, დილით კი მივედი სასროლეთზე, სადაც მეუბნებიან, რომ არ უნდა ვისროლო!

მაშინ საექსპერიმენტოდ მონაწილეებს დაუმატეს 6 ქალი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის საბჭოელი მსოფლიოს ჩემპიონი სვეტლანა დიომინაც, რომელიც ჩვენი ნაკრების სამივე წევრთან ერთად მოხვდა იმ 24-ში. თან დებულება არ ითვალისწინებდა, რა მოხდებოდა მათი ფინალში გასვლის შემთხვევაში ანუ 24 ისროდა თუ 25. არადა, დიომინასთან ერთად იქ ჩინელიც მოხვდა ფინალში. აი, სწორედ ამაზე ატეხეს თურმე რიგმა ქვეყნებმა ერთი ამბავი, საბჭოთა კავშირს მეოთხე მონაწილე რატომ უნდა ჰყავდეს ფინალშიო. საბჭოთა ნაკრების ხელმძღვანელებმა რატომღაც მე მომხსნეს ტურნირიდან და დიომინა დაუშვეს.

ბარსელონას თამაშები ჩემთვის მესამე უნდა ყოფილიყო. იმ ოლიმპიური ციკლის პირველი ლიცენზია მე მოვუტანე საბჭოთა კავშირს - ჰოლანდიაში მსოფლიოს თასი მოვიგე. თუმცა ამასობაში ქვეყანაც დაიშალა და გემახსოვრებათ მაშინდელი მუქარები, მამლუქებისა და მოღალატეების ტიტულებით რომ აშინებდნენ, ვინც იმათი სახელით გამოსვლის სურვილს გამოთქვამდა. ამ ზეწოლის გამო უარი ვთქვი იმ ლიცენზიაზე, თუმცა მოსკოვიდან ხშირად მირეკავდნენ და ჩასვლას მთხოვდნენ, მაგრამ არ მინდოდა, მოღალატე ეწოდებინათ.

საბოლოოდ ის საგზური რუსეთმა წაიღო, როგორც საბჭოეთის სამართალმემკვიდრემ. მოგვიანებით თამაშებში გაერთიანებული გუნდით გამოსვლა კი გადაწყდა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო და ასე დავრჩი იმ თამაშების გარეშე.

1996 წელს ატლანტაში კი გამოვედი, მაგრამ მოუმზადებელი ვიყავი - იმ დროს უკვე ქვეყანაში ძალიან გვიჭირდა და შემთხვევიდან შემთხვევამდე დავდიოდით ტურნირებზე.

ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს მოსკოვში ვიყავი. ის ამბავი იმხელა სტრესი იყო, კინაღამ თავი ჩამოვიხრჩვე, ზურაბ მაჩხანელი სულ უკან დამსდევდა. შეჯიბრებაზე პეტროვი მაჩხანელსაც კი არ უშვებდა ჩემთან, სერიებს შორის პაუზებისას ტრიბუნიდან მამხნევებდა ხოლმე.

სამდღიანი პატიმრობა უსაფუძვლო ბრალდებით
ეს ამბავიც 90-იანების დასაწყისში მოხდა, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას. მაშინ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ კიტოვანი იყო, მე - ვიცე-პრეზიდენტი.

ერთხელაც ღამის 12 საათზე შინ მომადგა სამი პოლიციელი, რომლებმაც პირადობები წარმომიდგინეს და მითხრეს, რომ ნებით გამომეტანა ყველა იარაღი, რაც კი სახლში მქონდა. ასეც მოვიქეცი, ჩაალაგეს იარაღები და ჩემს ფეხმძიმე ცოლს ეუბნებიან, ამას ცოტა ხნით წავიყვანთ და მალევე დავაბრუნებთო. მიზეზს არ გვეუბნებიან.

წამიყვანეს პოლიციის სამმართველოში, შემიყვანეს ჩემი ნაცნობის - თემურ მურღულიას კაბინეტში. მთელი სამი დღე გავატარე იქ, კაბინეტის მეორე ოთახში, სადაც მეძინა და იმავეს მაჭმევდნენ, რასაც თვითონ მიირთმევდნენ, ოღონდ კვლავაც არ მიხსნიდნენ არაფერს. მურღულია მხოლოდ იმას მეუბნებოდა, იყავი აქ, რადგან შენი გარეთ გაშვება არ შეიძლებაო... არც სახლში მარეკინებდნენ, არც ტანსაცმლის გამოცვლის ნებას მაძლევდნენ, თუმცა უკვე სექტემბერი იყო და საკმაოდ ციოდა... საბოლოოდ თქვენმა კოლეგა არჩილ გოგელიამ ატეხა ერთი ამბავი და ბოლოს გამომიშვეს.

ბუნებრივია, წამოსვლისას მიზეზი ვიკითხე და გაირკვა, რომ თურმე ვიღაცამ ჭორი გაავრცელა, თითქოს პრეზიდენტის მოკვლას ვაპირებდი. ეს რომ მითხრეს, სიცილი ამიტყდა, შეგეშალათ, მაგაზე მე არ უნდა დაგეჭირეთ-მეთქი. აბა ვინო, ყურები ცქვიტეს - ალბათ, იფიქრეს, იქნებ რამე მართლაც იცისო, მაგრამ მე ვუთხარი, ვინ და ნინო სალუქვაძე-მეთქი. ამაზე უფრო დაიბნენ, ნინო რატომო. რატომ და გაჩერებულს ეგ ესვრის, თორემ მე ჰაერში უნდა ამიგდოთ, რომ მოვარტყა-მეთქი...

ეს ამბავი მერე თბილისში ანეკდოტად დადიოდა.

ბუნებრივია, კარიერაში ბევრია ასეთი მოსაგონარი... მით უფრო, ისეთ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა - მაჩხანელი, ტარიელ ჟღენტი, თემურ მატოიანი, დავით ქვათაძე და სხვები... სროლაში რომ მივედი, მატოიანი და ჟღენტი უკვე ცნობილი მსროლელები იყვნენ, მე კი ღირსეულად შევუერთდი მათ. მათთან ერთად გავიზარდე და სულ ერთად ვიყავით - სუფრაზე, ტურნირებზე, შეკრებებზე, მივლინებებში, სანადიროდაც ძალიან ხშირად დავდიოდით... მოგვიანებით ქვათაძე, შენგელია და სხვებიც ასევე კარგად შემოგვიერთდნენ გუნდს და, მაგალითად, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებს, სპარტაკიადებს, სხვა შეჯიბრებებს ლამის სულ ვიგებდით, მეორე-მესამე ადგილი არ გვაკმაყოფილებდა.

ნადირობა ყველას ძალიან გვიყვარდა, მაგრამ გარკვეულ წესრიგს ყოველთვის ვიცავდი. თან, ეტყობა, უკვე ასაკმაც იქონია გავლენა და, მაგალითად, გარეულ ღორზე ვინადირებ, დათვზე - უკვე ვერა. არაფერს ვამბობ ჯიხვსა და შველზე. ახალგაზრდობაში მათზე არა, მაგრამ დათვზე მინადირია, თუმცა არასოდეს მომიკლავს, ჩემი ყველაზე დიდი ნანადირევი ტახია.

რამდენჯერმე ჯიხვებზე ვერტმფრენით სანადიროდაც დამპატიჟეს, მაგრამ კატეგორიულად ვიუარე - მე ხომ არ ვესვრი, არც თქვენ დაგანებებთ-მეთქი... საცოდავი ჯიხვი ისედაც სად ადის კლდეებში, ადამიანს რომ დაემალოს და როგორ შეიძლება, იქ ვერტმფრენით დაედევნო! ნადირობას თავისი კულტურა აქვს, ბუნება კი უნდა დავიცვათ. მაგალითად, მწყერზე ნადირობისას 20 ცალის მოკვლაა დასაშვები და არ მესმის, მეტი რატომ უნდა დახოცო, ეს ხომ სრულიად საკმარისია?!

გული მტკივა, ამ ბოლოს მწყერზე სანადიროდ მეგაფონები რომ შემოიღეს ამ პატარა ფრინველს მისატყუებლად და ისე კლავენ.

დღევანდელობა
სამწუხაროდ, 90-იანების დასაწყისში საქართველოში, მთელ ქვეყანაში სასტენდო სროლის ყველა ბაზა განადგურდა. ახლა რუსეთში დასაქმებული ქართველი ბიზნესმენის - ზაზა კაკუბავას ინიციატივით ვარკეთილის სასროლეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ის ტერიტორია ფედერაციას 49-წლიანი იჯარით გადმოგვეცა და განზრახულია 4 სასროლეთის აგება, რომელთაგანაც 3 ერთდროულად იქნება მრგვალი სტენდისაც და სასანგრესიც, სასტუმროს, კვების ბლოკის, იარაღის საწყობების და სხვა ამგვარები აუცილებელი რამეები. მეორე ეტაპზე განზრახულია ტყვიის სროლისთვის ღია სასროლეთის მოწყობაც.

მართალია, ამ ყველაფრისთვის იქაურობა მცირე ტერიტორიაა, მაგრამ მაინც იმ დონის ბაზის გაკეთება იგეგმება, ევროპის პირველობის რანგის ტურნირებს რომ უმასპინძლოს.

ინვენტარს ნელ-ნელა ვიძენთ. ერთი მოედანი უკვე მოეწყო და ჩემი ინფორმაციით, იტალიიდან უკვე წამოვიდა თეფშების სასროლი დანადგარები. ტყვიები და თეფშებიც შევიძინეთ და ჩუბინებიც იქ ვარჯიშობენ. ჯერჯერობით მათი რაოდენობა დიდი არაა და არც შედეგებია მაღალი, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ტურნირებზე უკვე სრული გუნდით დავდივართ, ახალგაზრდებიც დაგვყავს, წინგადადგმული ნაბიჯია. ახლაც - 28-ში გერმანიაში მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ფედერაციის დაფინანსებით დავით ქვათაძე და ნატალია პანასი მიდიან, საკუთარი ხარჯით კი პავლე ლაკია და გივი ქვათაძე მიდიან. ახალგაზრდებში ირაკლი ლომიძე, ჩემი ვაჟი თენგიზ იმნაიშვილი და ლაშა ნარჩემაშვილი იასპარეზებენ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით მასობრიობის გაზრდა ვერ ხერხდება, რადგან არც ბაზაა სათანადო და არც - თოფები. აქ ყველას თავისი იარაღი უნდა ჰქონდეს და ბავშვი სავარჯიშოდ რომ მოვა, თოფი ხომ უნდა მისცე.

ნატალია პანასი
ნატალია პანასი მე გადმოვიყვანე საქართველოში. თავდაპირველად მისი და გავიცანი, რომელიც ასევე მესტენდურია, ინგლისშია გათხოვილი იქაურ მსროლელზე და იმათი სახელით გამოდის. ნატალიას შესახებაც მან მითხრა, ხომ არ გადაიყვან თქვენთანო. მეც ვნახე ვარჯიშზე და მაშინვე მომეწონა.

მიმაჩნია, რომ მისი გადმოყვანა გამართლებულია - ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორია, ამ დონის სპორტსმენის გაზრდას კი რამდენი წელიწადი სჭირდება. თან, კარგი ხასიათი აქვს, მებრძოლია, პროფესიული თვისებებით გამორჩეული, ჩამოყალიბებული პიროვნება.

ბოლო ტურნირებში მას ჰქონდა ჩავარდნაც, მაგრამ კარგადაც ისროლა და მიმაჩნია, რომ მაღალი შესაძლებლობების სპორტსმენია. ოღონდ ბევრი შრომაა საჭირო. ის კვლავაც მოსკოვში ვარჯიშობს საკუთარი დედის მეთვალყურეობით საკუთარი ხარჯით, ჩვენ მხოლოდ შეჯიბრებებზე გამოსვლას ვუფინანსებთ, თუმცა აქ რომ იყოს და ჩემი მეთვალყურეობით ემზადებოდეს, მირჩევნია. სამწუხაროდ, მისი აქ შენახვა ფინანსურად ძვირი დაგვიჯდება და ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ.

P.S. 28 ივლისს თამაზ იმნაიშვილის დაბადების დღეა. "ლელო" ულოცავს მსოფლიოს ჩემპიონს და წარმატებებს უსურვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული