ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ერთადერთი ქართველია, ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი რომ მოუპოვებია; 7 ოლიმპიადის მონაწილე ამ მხრივაც რეკორდსმენია, სროლის მსოფლიოს ისტორიაში კი მეორეა; 19 მსოფლიოს რეკორდის ავტორი 9-ჯერ ფლობდა მსოფლიოს სუპერთასს, რაც ასევე რეკორდია პლანეტისთვის და 3-3-ით უსწრებს მდევრებს; თასის რიგითი ეტაპები კი 17-ჯერ მოუგია!
სახელოვანი ჩუბინი კვლავაც შემართებით აგრძელებს ბრძოლას თავისი მერვე ოლიმპიადისკენ, ამასობაში კი ისევ თავისივე ხარჯით გახსნილ სასროლეთში
წლევანდელი სეზონი სალუქვაძისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა - ევროპის ჩემპიონატებზე უმედლოდ დარჩა, მსოფლიოს თასებზე კი მხოლოდ ერთხელ მოიპოვა ვერცხლი ესპანურ გრანადაში და სუპერფინალში გამოსვლის უფლებაც დაიმსახურა, თუმცა სუპერთასი მეათედ ვერ მოიპოვა.
ეს სეზონი ახალ წესებთან და ახალ იარაღთან შეგუებისა იყო. ინტერვიუც ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.
- რამდენად ხართ კმაყოფილი ამ სეზონში საკუთარი გამოსვლით, რა გეგმებს ისახავდით და რამდენად შეძელით მათი შესრულება?
- მოგეხსენებათ, წლეულს ახალი წესები შემოიღეს, რაც ფინალებს შეეხება, შემცირდა დროც და საკმაოდ რთული იყო ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც ჯერ გამოსაცდელი ვადაა, საბოლოოდ კი მომავალმა სესიამ უნდა დაამტკიცოს. ამ პერიოდში არც რეკორდები გაკეთებულა და ჩატარების სისტემაში ხარვეზებიც გამოიკვეთა, რაც მაინცდამაინც მე შემემთხვა.
კიდევ კარგი, ამას საერთაშორისო ფედერაციის მთელი ხელმძღვანელობა ესწრებოდა, პრეზიდენტ ოლეგარიო ვასკეს რანიას მეთაურობით და საკუთარი თვალით ნახეს. ჩვენი - სპორტსმენებისა და მწვრთნელების აზრით, ეს აბსურდული წესებია. განსაკუთრებით - ნახევარფინალში რომ საკვალიფიკაციოს შედეგები აღარ გადადის და იქ თავიდან იწყება ყველაფერი. თან ჯერ ნახევარფინალია, მერე - ფინალი და დროშიც იწელება შეჯიბრება. ამ წესებით, საკვალიფიკაციოში მაღალი შედეგი არ გჭირდება, საშუალოც საკმარისია ნახევარფინალში მოსახვედრად, იქ კი ყველაფერი ლატარიაა, კლასზე არაა ლაპარაკი - თუ წაგივიდა სროლა, ხომ კარგი!
ეს სპორტი ცირკს დაემსგავსა - არც საინტერესოა და არც სპორტსმენის კვალიფიკაციას აჩვენებს. მაგალითად, კორეულ ჩანჯოუში ინდოელმა რაჰი სარნობატიმ გაიმარჯვა, რომელსაც მერე მთელი 20-25 ქულით ნაკლები შედეგები ჰქონდა. უბრალოდ, იმ ერთხელ მეოთხე მაჩვენებლით შევიდა ნახევარფინალში, იქ კი გაუმართლა.
ხომ შეიძლება, ოქროსთვის ბრძოლის უფლება ვინმე ძალიან ძლიერმა და ახალბედამ მოიპოვოს, რომელსაც შანსი არ ექნება და არც თავს მოიკლავს, ამით კი სპორტული პრინციპი დაირღვევა.
- ანუ ძველი წესები გერჩივნათ, როცა მეტ ქულას ენიჭებოდა უპირატესობა...
- ცხადია. ძირითად შედეგს მნიშვნელობა თუ არ ექნება, მაშინ არც შეჯიბრებას მიექცევა იმხელა ყურადღება. 383-385 ქულა და რეკორდები აღარაა საჭირო უკვე. სხვათა შორის, ვაჟებთან ეს წესები ორი წლის წინ შემოიღეს და ლონდონის ოლიმპიადაზე რუსმა შესარჩევში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. ეს უსამართლობა არაა? ეს ორი სეზონი ვაჟებიც იბრძვიან მათ შესაცვლელად, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
გაისად, სექტემბერში, გრანადაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე განიხილავენ ამ ცვლილებებს და როგორც ამბობენ, ბევრი რამე შეიცვლება, თუმცა შეიძლება რაღაც შესწორებები მანამდეც შეიტანონ.
- თქვენს გამოსვლებზე არაფერი გითქვამთ...
- ველოდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე სპორტული პისტოლეტიდან ფინალში მოვხვდებოდი, მაგრამ რაღაც ფაქტორების გამო ვერ შევძელი, რაზეც გული დამწყდა. იარაღი შევცვალე - იტალიური "პარდინის" ფირმისაა და გამოსაცდელი პერიოდია. საერთოდ, წლეულს ისეთი სეზონია, ბევრი ისვენებს. მაგალითად, უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი ოლიმპიადის შემდეგ თითქმის არც გამოსულა ტურნირებზე - ისვენებს, თავს ამზადებს მომავალი სეზონისთვის და იარაღს აწესრიგებს. ეს აუცილებელია, რადგან ტექნიკა წინ მიიწევს და უნდა მიჰყვე ამ განვითარებას.
- სპორტულში ძველი იარაღი რატომ შეცვალეთ და ახალს როგორ შეეგუეთ?
- ახლა მივდივარ იტალიაში, ქალაქ პიზაში შეკრებაზე, სადაც "პარდინის" ფაბრიკაში უსასყიდლოდ, ყველანაირად მეხმარებიან და ხელს მიწყობენ. თავის ხარჯზე მიგვიწვიეს ორი სპორტსმენი, ჩვენ მხოლოდ ბილეთის ფულს ვიხდით. იქაური ხელოსანი სერბმა მსოფლიოს ჩემპიონმა ზორანა არუნოვიჩმა და სხვებმაც მირჩიეს. ამ იარაღის სახელურს სხვანაირი დახრა აქვს, სხვა კუნთი მუშაობს, რაც ტკივილს იწვევს. ამას მიჩვევა უნდა. პნევმატურში ისევ ძველი ავსტრიულით ვისვრი, კმაყოფილი ვარ.
- ბაზაზე ახალი ხომ არაფერია?
- ამ საქმეს სახელმწიფომ უნდა მიხედოს და გაითავისოს. სხვაგან სპორტის ეს სახეობა იმიტომაა აყვანილი ნაციონალური ინტერესის დონეზე, რომ მოსახლეობა ნებაყოფლობით დადის ტირებში და ვარჯიშობს. ამით მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობაც იზრდება და საჭიროებისას, ჯარშიც გამოიყენებ.
რეზერვისტების მომზადების ის მილიარდიანი პროგრამა რომ იყო, იმის ნაცვლად ყველა რეგიონში სასროლეთები აეშენებინათ, თავისით ივარჯიშებდა ხალხი. სომხეთმა და აზერბაიჯანმა სუპერთანამედროვე ბაზები ააშენეს. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ გვჭირდება თითო მრავალპროფილიანი ბაზა დასავლეთსა და აღმოსავლეთში. ჯერ ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი ქვეყანაში, თორემ არც ერთ სახეობაში, მათ შორის - სტრატეგიულებად აღიარებულშიც კი, საშუალო დონის ბაზებიც არაა.
შედარებით უკეთეს მდგომარეობაში რაგბია და ისიც სახელმწიფო პროგრამით მოწესრიგდა. ჩვენთან გაისად კი დასრულდება ვარკეთილში მშენებარე მესტენდურთა ბაზაზე ღია ტირის მშენებლობა ჩვენთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, მარტიდან უკვე გარეთაც ვისროლოთ. მარტის ბოლოს მსოფლიოს თასის შეჯიბრებაა და სად მოვემზადო?
ინვენტარს რაც შეეხება, იმედიც არ მაქვს, რომ მას შეიძენენ - საკმაოდ ძვირი ჯდება. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ უცხოეთში ჩემი ფაქტორი მუშაობს და ძალიან ბევრს უნდა ჩამოსვლა, თუმცა ვმალავ მოწვევებს. სულ ვეუბნები, ეს წელიც მაცალეთ, იქნებ ცოტა გავფართოვდეთ-მეთქი, მაგრამ არ დაგვადგა საშველი. როგორ შეიძლება, 50-მეტრიანი დისტანციისთვის 40 მეტრზე ემზადებოდე?
- პრობლემების მიუხედავად, ახალი თაობა მაინც მოდის. მათ შორის თქვენი შვილიცაა - ცოტნე მაჭავარიანი. როგორ აფასებთ მის შესაძლებლობებს, დედის გენი უფრო დაჰყვა თუ მორაგბე მამის?
- ნიჭიერი ბავშვები მოდიან. მაგალითად, ქუთაისელი ლიზი კილაძე ჯერ 14 წლისაა. მარიამ ბლუაშვილი, ქეთი შედანია, ივა ჩაკვეტაძე, ცოტნე მაჭავარიანი, მიხეილ სანიკიძე, ვლადიმერ მაიოროვი... იარაღი აქვთ - ამ დონისა მე არ მქონია, მაგრამ მათი სრულფასოვნად მომზადების, შეკრებების მოწყობის საშუალება არ გვაქვს.
ცოტნეს რაც შეეხება, ის რაგბიშიც ვარჯიშობს, მაგრამ ჩვენ არ ვაძალებთ, რომელი სახეობა აირჩიოს. თუმცა მშობლების პრიორიტეტი მაინც სწავლაა, რადგან ვერც რაგბით და ვერც სროლით, ძალიან ტოპ-კლასისა თუ არ ხარ, თავის რჩენა გაუჭირდება. წლეულს მან დამაიმედებელი შედეგები აჩვენა, არც კი ველოდი ამდენს, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"