ამ ორგანიზაციამ 14 ივნისს დაადანაშაულა ტურ დე ფრანსის შვიდგზის ჩემპიონი მთელი რიგი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში: აკრძალული პრეპარატების მიღებიდან დაწყებული, დოპინგის გავრცელებითა და სხვა სპორტსმენების წაქეზებით დამთავრებული.
არმსტრონგი ივნისიდან მოყოლებული ცდილობდა თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ მისი ორი სარჩელი სასამართლომ არ მიიღო და ამერიკელმა ბრძოლა შეწყვიტა.
ამერიკის ანტი-სადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის - ტრევის ტაიგარტის თქმით,
ტაიგარტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც არმსტრონგმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა სასამართლოში ბრძოლას.
ველომრბოლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას არასოდეს გამოუყენებია აკრძალული პრეპარატი და ის დაიღალა სასამართლო გარჩევებით.
"ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ამბობს: "საკმარისია". ჩემთვის ასეთი დღე ახლა დადგა", - განაცხადა არმსტრონგმა.
ლენსს ძვირად უჯდება დანებების გადაწყვეტილება. ტაიგარტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ანტი-სადოპინგო სააგენტო აუქმებს არმსტრონგის ყველა შედეგს, რომელიც 1998 წლის პირველი აგვისტოდან არის დაფიქსირებული. ამერიკელმა ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული 1999-2005 წლებში ზედიზედ მოიგო.
"ეს ნაღვლიანი დღეა ყველასთვის, ვისაც უყვარს სპორტი და ჩვენი სპორტსმენები, - განაცხადა ტაიგარტმა. - ეს არის ტრაგიკული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიჩრდილონ პატიოსანი სპორტსმენები, რომლებიც დოპინგს არ იღებენ.
ეს იქნება მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რათა მათ არასოდეს მიიღონ დოპინგი".
თუმცა არმსტრონგს აქვს შესაძლებლობა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს USADA-ის გადაწყვეტილება. მაგრამ, მეორეს მხრივ, ლენსს არ უნდა ისევ წამოიწყოს საქმის გარჩევა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. მისი აზრით, ყველამ ისედაც კარგად იცის ყველაფერი.
"USADA-ს არ შეუძლია ჩემი პროფესიული გამარჯვებების ჩამორთმევა, ტიტულები კი შეუძლიათ წაიღონ, - განაცხადა ველომრბოლმა. - მე ვიცი, ვინც მოიგო შვიდჯერ ტურ დე ფრანსი, ჩემმა პარტნიორებმა და მეტოქეებმაც იციან, ეს ვინ გააკეთა".
ტურ დე ფრანსზე შვიდი ტრიუმფის გარდა, არმსტრონგს სიდნეის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი, 1993 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ლენსი დიდი სპორტიდან 2011 წელს წავიდა.
თუმცა ეს გამარჯვებების შეიძლება არც ყოფილიყო, ისევე როგორც, თავად არმსტრონგი. ჯერ კიდევ 1996 წელს, ექიმებმა ამერიკელს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - კიბო, საიდანაც მეტასტაზები ფილტვებსა და ტვინზე იყო წასული. ექიმების პროგნოზით, სპორტსმენს გადარჩენის შანსი 20 პროცენტი ჰქონდა.
მაგრამ არმსტრონგმა არამარტო დაამარცხა ეს ავადმყოფობა, არამედ სპორტში დაბრუნდა და ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია. უფრო მეტიც, მოგვიანებით, კარიერის დასრულების შემდეგ, ისევ დაჯდა ველოსიპედზე მხოლოდ იმიტომ, რომ კიბოსთან ბრძოლის პროპაგანდისთვის შეეწყო ხელი. მანვე დააარსა საკუთარი სახელობის ფონდი მძიმედ დაავადებულების დასახმარებლად.
ამიტომაც, აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს ვერდიქტი დიდად არ დააზარალებს ამ სულით მამაც სპორტსმენს. მან თავად შესანიშნავად იცის საკუთარი თავისა და მიღწევების ფასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"