ფაბიან კანჩელარამ ველოსპორტის კლასიკა მოიგო

AutoSharing Option
ბელგიაში გაიმართა სახელგანთქმული ერთდღიანი კლასიკური რბოლა - ფლანდრიის ტური, რომელიც კარიერაში მეორედ მოიგო ცნობილმა შვეიცარიელმა ველომრბოლელმა ფაბიან კანჩელარამ. ეს უკანასკნელი ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ ამ რბოლაში დაეცა ტრასაზე და მძიმე ტრავმა მიიღო.

ფლანდრიის ტური წელს მეასედ გაიმართა. 256-კილომეტრიან დისტანციაზე ველომრბოლელებს 17 პატარა ამაღლების დაძლევა უწევდათ. რბოლის მთავარ ფავორიტად, კანჩელარას გარდა, შარშანდელი გამარჯვებული - ბელგიელი ტომ ბოონენი და სლოვაკი პეტერ საგანი მიიჩნეოდნენ, მაგრამ ბოონენს არ ეწერა ტიტულის შენარჩუნება - ის სტარტიდან მე-19 კილომეტრზე დაეცა და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

დისტანციის
მსვლელობისას იყო გაქცევის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ კანჩელარა ყველა იერიშს იგერიებდა. თუმცა მეოთხე ამაღლებაზე შეუტია გერმანელმა ანდრე გრაიპელმა, რომელმაც ექვსი ველომრბოლელი აიყოლია და ჩამოყალიბდა ლიდერთა ჯგუფი.

ამ შვიდი ველომრბოლელის ლიდერობა ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე დასრულდა, რის შემდეგაც პელოტონმა ერთად განაგრძო სვლა. 14 კილომეტრით ადრე პელოტონიდან გაქცევა სცადა ბელგიელმა იურგენ როელანდტსმა, მაგრამ კანჩელარას კარგი კონტრშეტევა გამოუვიდა და დაწინაურდა. თავის მხრივ, შვეიცარიელის დაწევა სცადა პეტერ საგანმა, მაგრამ მისი მონდომება დაგვიანებული იყო.

საბოლოოდ, კანჩელარამ პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, საგანი კი წუთისა და 26 წამის შემდეგ მივიდა ფინიშთან. მესამეზე გავიდა როელანდტსი.

შემდეგი კლასიკური რბოლა - პარიზი-რუბე 7 აპრილს საფრანგეთში გაიმართება.

ფლანდრიის ტური
1. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია/RadioShack) - 6:05.58; 2. პეტერ საგანი (სლოვაკეთი) - +1.2; 3. იურგენ როელანდტსი (ბელგია) - +1.28; 4. ალექსანდერ კრისტოფი (ნორვეგია) - +1.38; 5. მატიო ლადანუ (საფრანგეთი) - იგივე დრო; 6. ჰაინრიხ ჰაუსლერი (ავსტრია) - იგივე დრო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული