ჯუმბერ ლეჟავას ევრაზიული ველოტური უსასხსრობის გამო გადაიდო

AutoSharing Option
წლეულს 9 მაისს უნდა დაწყებულიყო გინესის მრავალგზის რეკორდსმენის, მსოფლიო ველომოგზაურის, მსოფლიოს მოქალაქისა და სპორტსმენის, გაეროს ბუნების დაცვის ელჩის, სპორტის დამსახურებული მუშაკის - ჯუმბერ ლეჟავას ველოტური J L & EURASIA, მაგრამ უსახსრობის გამო ეს დიდი ღონისძიება გადაიდო.

ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჯუმბერ ლეჟავამ პრესკონფერენცია გამართა.

მსოფლიო მოგზაურმა ილაპარაკა საქართველოში გამართულ ველოტურზე, რომელიც გასულ კვირას წარმატებით დასრულდა.

იგი, ცხადია, დაწვრილებით შეეხო ევრაზიული ველოტურის საორგანიზაციო საკითხებსა და პრობლემებს, თან დასძინა, რომ ველოტური საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
ლოცვა-კურთხევით აუცილებლად გაიმართება.

ეს ღონისძიება ორ წელიწადს გასტანს (მასში 40 000-ზე მეტი ველომოყვარული ჩაებმება) და პროექტის მონაწილენი ევრაზიის 30 ქვეყნის 200-მდე ქალაქსა და ათასობით დასახლებულ პუნქტს გაივლიან.

ველოტურის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და პოპულარიზაცია, ქვეყნებს შორის სპორტული კავშირ-ურთიერთობების გაღრმავება, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კონტაქტების გამტკიცება.

ველოტურის მარშრუტი ასეთია: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ხორვატია, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ბოსნია, ჩერნოგორია, მაკედონია, ალბანეთი, საბერძნეთი და თურქეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული