როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც მოიტყუა, რომ დოპინგი არ მიუღია

AutoSharing Option
1999 წელს, ლენს არმსტრონგმა ტურ დე ფრანსი მოიგო და მთავარი ამერიკელი სუპერვარსკვლავი გახდა.

ბილ კლინტონმა ის ოვალურ კაბინეტში მიიღო - მათ ველოსპორტსა და ონკოლოგიაზე ისაუბრეს.

Nike ლენსისგან მეორე მაიკლ ჯორდანს ქმნიდა, რომელსაც კარიერა ახალი დასრულებული ჰქონდა.

ევროპული რბოლების ორგანიზატორები, უბრალოდ, მონაწილეობისთვის 25 ათას დოლარს უხდიდნენ - ეს სოლიდური ჰონორარია ველოსპორტში.

სააგენტო Reuters-მა ჩაწერა რეკლამა ლენს არმსტრონგის მონაწილეობით და მას თაიმს-სქვერის ყველაზე დიდ ეკრანზე ატრიალებდა. კიბოსთან ბრძოლის სემინარი ლენსის მონაწილეობით ერთი საათი გრძელდებო
და და 100 ათასი დოლარი ღირდა - არსებობდნენ კლინიკები და სპონსორები, რომლებიც ასეთ პირობებს ეთანხმებოდნენ. ამ ღონისძიებებზე არმსტრონგი მეტ-ნაკლებად ბანალურ თემებზე ლაპარაკობდა, რომელთაგანაც ზოგიერთი, მოგვიანებით, Esquire-ის "ცხოვრების წესებში" შევიდა.

"არ მომწონს, რომ ხალხი კიბოს შეეგუა. როცა ვიღაცის 75 წლის ბაბუა სწორი ნაწლავის კიბოთი კვდება, ისინი ამბობენ: "ღმერთმა გაანათლოს, კარგი ცხოვრებით იცხოვრა". არადა, ასე უნდა ეთქვათ: "ჯანდაბა, ბაბუა კიდევ 20 წელიწადს იცოცხლებდა".

ლენსმა კარიერა 2005 წელს დაასრულა, 2009 წელს დაბრუნდა, მაგრამ ძველ დონეზე ვეღარ გავიდა და 2011 წელს, საბოლოოდ ჩამოვიდა ველოსიპედიდან.

ამ თარიღამდე ერთი წლით ადრე, მისმა ყოფილმა პარტნიორმა ფლოიდ ლენდისმა აღიარა, რომ მის გუნდში აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ და პრაქტიკაში ჰქონდათ სისხლის გადასხმა. და ამ ყველაფრის იდეოლოგი სწორედ ლენს არმსტრონგი იყო.

2012 წელს, ლეგენდას დისკვალიფიკაცია მისცეს, თან ყველა ტიტული ჩამოართვეს, რომელიც კიბოს ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

გაუქმდა ტურ დე ფრანსზე შვიდი მოგება და სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, ხოლო სპონსორებმა (Nike, Trek, Giro Helmets და სხვები) იმაზე სწრაფად მიატოვეს, ვიდრე ეს მარია შარაპოვას შემთხვევაში მოხდა.

2013 წლის 17 იანვარს, ლენს არმსტრონგმა შინ სტუმრად მიიწვია ოპრა უინფრი და აღიარა, რომ აკრძალულ პრეპარატებს იყენებდა.

"შეუძლებელია დოპინგის გარეშე ტურ დე ფრანსის შვიდჯერ მოგება. თავად ვიღებდი ამ გადაწყვეტილებებს, თავად დავუშვი ეს შეცდომები და მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველას ნაცვლად ბოდიში მოვიხადო".

მას შემდეგ, სამი წელი გავიდა. და გთავაზობთ ლენსის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს მისი მხილების შემდეგ.

სასამართლო გარჩევა
არმსტრონგს სასამართლოში უჩივლეს ყოფილმა სპონსორებმა და კომპანიებმა, რომლებიც ტურ დე ფრანსზე გამარჯვებისთვის პრემიალურ თანხებს უხდიდნენ. ბრალდებას შეუერთდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო, ასე რომ, ლენსი მალე მიხვდა - საქმე სერიოზულად იყო.

SCA Promotions-მა, რომელმაც ველომრბოლს 12 მილიონი დოლარი გადაუხადა, 10 მილიონი უკან მოითხოვა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მაგრამ დღემდე უცნობია - დააბრუნა თუ არა ეს თანხა არმსტრონგმა. "მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი ჩემთვის დახურულია", - ასე ჟღერს ლენსის ერთადერთი კომენტარი.

გაყიდა სახლი
ოპრასთან შეხვედრის შემდეგ, არმსტრონგმა მოიშორა ვილა, სადაც სკანდალური ინტერვიუ მისცა. მან ეს სახლი ოსტინში 2004 წელს იყიდა (ზუსტი თანხა არ სახელდება), რამდენიმე წელი რემონტს აკეთებდა, შემდეგ კი ის ბიზნესმენ ელ კოლერს მიჰყიდა.

იყიდა სახლი
ყველას ეგონა, რომ ლენსმა ძველი სახლი სპონსორებთან ანგარიშის გასასწორებლად გაყიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას, უბრალოდ, გარემოს შეცვლა უნდოდა. ვილის გაყიდვის შემდეგ, არმსტრონგმა 4.34 მილიონი დოლარი ჩადო 1.4 ჰექტარი ფართობის მამულში, რომელიც ტბის პირას მდებარეობს.

უძრავი ქონების საერთო ფართობია - 1.2 ათასი კვადრატული მეტრი. იქ ოთხი დამოუკიდებელი შენობაა - მთავარი სახლი, სპორტული დარბაზი, საშინაო კინოთეატრი და სამხატვრო სტუდია.

"კარგია ლენს არმსტრონგად ყოფნა", - ასე პასუხობდა ველომრბოლი კითხვაზე - "როგორ გაქვთ საქმე?"

ამ შენაძენიდან ექვსი კვირის თავზე, ლენსმა ეს სახლიც გაყიდა, რათა ნაკლებად მდიდრულ საცხოვრებელში გადასულიყო.

შეეშინდა ახალი სახლის გამო
"თუ მე საქმეს წავაგებ, ჩემს სახლში ამ მაგიდასთან ვეღარ დავსხდებით. საერთოდ არ მექნება სახლი, რადგან 100 მილიონი დოლარი არ გამაჩნია", - ამბობდა 2015 წლის ზაფხულში არმსტრონგი, როცა სასამართლოსთან და ვალებთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ მოგვარებული არ იყო.

მთელი აგვისტო ლენსი ჩვენებებს იძლეოდა, სექტემბერში კი, როგორც ზემოთ ვთქვით, საქმე დახურეს.

ბოდიში მოიხადა
"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა, მხარს მიჭერდა, მიცავდა და საბოლოოდ, მოტყუებული დარჩა. მართლაც ძალიან ვწუხვარ ამის გამო. რომ შემეძლოს მთელს მსოფლიოში თითოეულ გულშემატკივართან მისვლა და პირადად ბოდიშის მოხდა, მე ამას გავაკეთებდი", - თქვა ლენსმა ჟურნალ Cycling Weekly-თვის მიცემულ ინტერვიუში.

გახდა ანტისპორტსმენი
"შესაძლოა, ოპრასთან ეთერში აღიარება სასარგებლო იყო სულისთვის, მაგრამ დადებითი გამოხმაურება არ ჰპოვა მაყურებლებში. ინტერვიუმ მას ცუდი სამსახური გაუწია, ის ქედმაღალი ჩანდა და სულაც არ ეტყობოდა სინანული", - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ საზოგადოებრივი აზრის ექსპერტები კომპანია The Nielsen Company and E-Poll Market Research-დან.

საბოლოოდ, 2013 წელს, არმსტრონგი სათავეში ჩაუდგა ყველაზე არასაყვარელი სპორტსმენების რეიტინგს ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით (მეორე ადგილი - ფეხბურთელი მანტი ტეო, მესამე - გოლფისტი ტაიგერ ვუდსი).

დაკარგა ჯილდო
როგორც ჩანს, ახალი ამბები საფრანგეთამდე დიდი დაგვიანებით აღწევს: არმსტრონგი 2014 წლის მაისში ამოშალეს "საპატიო ლეგიონის ორდენის" კავალერთა სიიდან - მხილებიდან 14 თვის თავზე. ლენსი რაინდი ცხრა წელი იყო - ორდენი მას 2005 წელს მისცეს.

აღიარა ქრთამის მიცემა
1993 წელს, აშშ-ში იმართებოდა რბოლა Million Dollar Race - მილიონიანი საპრიზო ფონდით. ტურნირი სამი ერთდღიანი სტარტისგან შედგებოდა. არმსტრონგი იმ დროისთვის გუნდ Motorola-ს ღირსებას იცავდა. სწორედ მან უზრუნველყო გამარჯვება, როცა Coors Light-ის მრბოლელებს 100 ათასი დოლარი შესთავაზა.

"ფინიშამდე ორი წრით ადრე, მე, ლენსი, ბობი ჯულიჩი და გუნდ Mercatone-ს იტალიელი მრბოლელები ვლიდერობდით. როცა ლენსმა ნიშანი მომცა, შევბრუნდი და მან მარტო გააგრძელა გზა გამარჯვებისკენ", - ამბობდა რობერტო გაჯოლი Coors Light-დან. 2015 წლის ოქტომბერში, ლენსმა დაადასტურა, რომ ეს სიმართლე იყო.

მხარი დაუჭირა კიბოთი დაავადებულს
2015 წლის ივლისში, Tinkoff-Saxo-ს ველომრბოლს ივან ბასოს კვერცხების კიბო აღმოუჩინეს. "ჩემი ფიქრები ბასოსთან არის. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ავადმყოფობასთან ბრძოლაში", - დაწერა "ტვიტერზე" არმსტრონგმა. იმავე თვეში, ბასომ ოპერაცია გადაიტანა, ოქტომბერში კი სრული გამოჯანმრთელებისა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მოიგო გარბენი
"არ მახსოვს, ბოლოს როდის ვიმხიარულე ასე სამი საათი ტანჯვის შემდეგ", - თქვა 44 წლის ლენსმა, როცა 35 კილომეტრი სამ საათსა და 36 წუთში გაირბინა. მან კალიფორნიის შტატში 40-49-წლიანთა კატეგორიაში მოიგო გარბენი ბუნებრივ რელიეფზე.

ორგანიზატორთა რწმუნებით, ყველა დადებითად შეხვდა იმ ფაქტს, რომ შეჯიბრში მონაწილეობა უნდა მიეღო მატყუარას, რომელიც დოპინგზე ჩავარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გთხოვთ ტურ დე ფრასზე დადოთ სერიოზული სტატიები!ძალიან გვაინტერესებს!!!!
alex
10:11 06-07-2016
0

სიახლეები პოპულარული