როგორ დავესწროთ ოლიმპიადას?

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის დაწყებამდე 500 დღეა დარჩენილი და ზაფხულის თამაშებზე დასწრების ნებისმიერ მსურველს ამ კვირიდან შეეძლება ბილეთების შეძენა.

ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია: ექვსი კვირის განმავლობაში - 15 მარტიდან 26 აპრილამდე - შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდ tickets.london2012.com-ზე და დატოვოთ იქ თქვენთვის საინტერესო ბილეთზე განაცხადი.

ბილეთების შეძენის ეს ფორმა ვრცელდება ევროპის კავშირისა და შვეიცარიის მოსახლეობაზე. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბილეთის შეკვეთა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

აჩქარება საჭირო არ არის - მნიშვნელობა არ აქვს ამ ექვსკვირიან პერიოდში რომელ დღეს გაკეთდება განაცხადი. 26
აპრილის შემდეგ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ყველა განაცხადს შეკრებს, დაითვლის და ყველაზე მოთხოვნად ბილეთებზე ერთგვარ ლატარეას ჩაატარებს.


* * *
ბილეთები ოლიმპიადაზე სხვადასხვა ღირებულებისაა და ფასებს შორის სხვაობა საკმარისად დიდია. მაგალითად, მძლეოსნობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დისციპლინაზე - მამაკაცთა 100 მეტრზე გარბენის ფინალზე დასწრება 725 ფუნტი (1160 დოლარი) ეღირება, ხოლო გახსნის ცერემონიაზე საუკეთესო ბილეთების ფასი 2012 ფუნტი იქნება.

ამასთან, ბევრ სახეობაში საწყისი ეტაპების ცოცხლად ხილვა სულ რაღაც 20 ფუნტად იქნება შესაძლებელი.

ლონდონის ოლიმპიადაზე სპორტის 39 სახეობაში 649 სტარტია დანიშნული. სულ გასაღდება 8.8 მილიონი ბილეთი. აქედან 75 პროცენტი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გაიყიდება, 25 პროცენტს დაურიგებენ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, სპონსორებსა და ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანიებს.

საორგანიზაციო კომიტეტში ირწმუნებიან, რომ ბილეთების 90 პროცენტის ფასი 100 ფუნტზე დაბალია, ორი მესამედი - 50 ფუნტზე ნაკლები და 25 პროცენტი - 25 ფუნტზე ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ბილეთები მათი ასაკის მიხედვით ერგებათ, ანუ შვიდი წლის ბავშვს ბილეთი 7 ფუნტი დაუჯდება და ასე შემდეგ. გარკვეული ფასდაკლებებია პენსიონერებისთვის.

მარათონისა და საგზატკეცილო ველორბოლის ხილვა ქუჩებში უფასოდ იქნება შესაძლებელი - ამ შეჯიბრებებში ბილეთები მხოლოდ საფინიშო ეტაპზე გაიყიდება.

გადამყიდველებთან საბრძოლველად საორგანიზაციო კომიტეტმა ერთი ადამიანისთვის ბილეთების მიყიდვაზე რაოდენობის ლიმიტი დააწესა - ვებგვერდზე ზუსტად არის მითითებული მათი მაქსიმალური რიცხვი.

ამავე ვებგვერდზე სპორტის ყველა სახეობა დღეების მიხედვით არის გაწერილი: მითითებულის სტარტის ზუსტი დრო, ადგილი და თითოეულ სპორტულ სესიაზე დასწრების ფასი.

როგორ შეიძლება გადახდა? აქ პირველ პლანზე გამოდის ლონდონის ოლიმპიადის ოფიციალური სპონსორი - კომპანია Visa. ბილეთების შეძენა მხოლოდ ამ საგადასახადო სისტემით იქნება შესაძლებელი. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა ბარათი გაქვთ - საკრედიტო თუ საბედეტო.

როგორ შეიძლება ბილეთების არჩევა? მნიშვნელობა არ აქვს, როდის მისცემთ განაცხადს ბილეთებზე - ეს  2011 წლის 15 მარტიდან 26 აპრილამდე ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი.

უბრალო გულშემატკივარმა აქცენტი უნდა გააკეთოს იმ სესიებზე, სადაც მედალი არ თამაშდება - აქ მოხვედრის უფრო მეტი შანსი იქნება.

შეიძლება აქცენტი გაკეთდეს სპორტის გუნდურ სახეობებზე: ფრენბურთზე, ხელბურთზე, წყალბურთზე, კალათბურთზე, განსაკუთრებით ჯგუფურ ეტაპებზე, სადაც ბილეთებზე დიდი მოთხოვნა არ იქნება. გამონაკლისია ფეხბურთი ან პლაჟის ფრენბურთი.

შედარებით იოლი იქნება ბრიტანეთში ნაკლებად პოპულარულ სახეობებზე - ჭიდაობაზე, ძალოსნობაზე, ფარიკაობაზე, კრივზე, ტყვიის სროლაზე მოხვედრა. ამ მხრივ პრობლემატური უნდა იყოს ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა, ცურვა, ცხენოსნობა და ტანვარჯიში, რომლებშიც ბრიტანელები მედლებს ელიან.

გულშემატკივარმა აუცილებლად უნდა იქონიოს Visa-ს ბარათი: ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე და ყველა ოლიმპიურ ობიექტზე ამ სისტემის მიხედვით იქნება შესაძლებელი გადახდა.
ისინი, ვინც განაცხადებს შეიტანენ, 2011 წლის 24 ივნისამდე შეიტყობენ, რა სახის ბილეთების მფლობელები გახდნენ. ამასთან, თანხა ბარათიდან მოიხსნება 10 მაისიდან 10 ივნისის პერიოდში, ანუ რაღაც მომენტში ბარათიდან ჩამოიჭრება თანხის გარკვეული ოდენობა, მაგრამ ზუსტად რა ბილეთის მფლობელი გახდა გულშემატკივარი, ამას მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გაიგებს.

თუ თქვენ მიიღებთ ბილეთს რაიმე ტურნირზე, მაგრამ მოგვიანებით გაარკვევთ, რომ არ შეგიძლიათ მასზე დასწრება, საორგანიზაციო კომიტეტი თავად დაგარიგებთ, როგორ შეიძლება მისი დაბრუნება. მოგვიანებით მას თავიდან გაყიდიან. თუმცა ეს სერვისი მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ ამოქმედდება.

გაიმართება თუ არა შეჯიბრებები ლონდონის ფარგლებს გარეთ? საფეხბურთო ტურნირი მთელს ბრიტანეთის ტერიტორიაზე იქნება მოდებული: ლონდონის გარდა მატჩები გაიმართება ქოვენთრიში, გლაზგოში, კარდიფში, მანჩესტერსა და ნიუკასლში.

აფროსნობაში შეჯიბრი დორსეტის საგრაფოში - უეიმუტსა და პორტლენდში ჩატარდება, სამთო ველომრბოლები და კანოისტები - ესექსში გამოვლენ, ნიჩბოსნები - ბუკინგემშირში.

როგორ შეიძენენ ბილეთებს ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები გულშემატკივრები? - ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრობთ. რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ლონდონის ოლიმპიადის ვებგვერდზე, სხვა ქვეყნის მცხოვრებებს კი მოუწევთ თავიანთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან ან ავტორიზებულ ოფიციალურ გამყიდველებთან დაკავშირება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული