ჯერჯერობით იქ გამალებული რემონტია - სეოკ-ის ხელმძღვანელობის სურვილით, იქაურობა სუპერთანამედროვე ოფისად უნდა გადაიქცეს, სადაც უცხოელი სტუმრების მიყვანა არ შეგვრცხვება. მიმსვლელი კი იცოცხლეთ, ბლომად იქნება. თან, ფრიად ჩინმაღალი რანგისა და საპატიონი. როგორც იცით, თბილისი 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, მისი საორგანიზაციო კომიტეტი კი სწორედ ამ მისამართზე განთავსდება. მოსამზადებელ ეტაპზე ევროპელ სტუმარს რა
გუშინ მაჩაბლის ქუჩაზე ახალი ოფისის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა მას მეორე, არანაკლები დატვირთვაც ჰქონდა - საზოგადოებას ფესტივალის სპორტული დირექტორიც წარუდგინეს, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი. დასახელდა კიდევ ერთი კონკრეტული პიროვნება - საორგანიზაციო საკითხებში პროექტების მენეჯერი გიორგი ხაჩიძე. ხაბარელი ფესტივალისთვის მზადებას სპორტული კუთხით ანუ გუნდების მომზადების თვალსაზრისით გაუწევს, ხაჩიძის სფერო კი ორგანიზაციული საკითხების ეფექტურად მოგვარებით შემოიფარგლება. ღია ცის ქვეშ გამართულ პრესკონფერენციას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უძღვებოდა. მასთან ერთად იქვე იყვნენ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ჩომახიძე და გენერალური მდივანი არჩილ გეგენავა, შეხვედრას კი იმ 9 სპორტული ფედერაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელიც ფესტივალის პროგრამაშია შეტანილი.
გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რაოდენ მნიშვნელოვანია ფესტივალისთვის მომზადება. გუნდები, რომლებსაც ახლა ჩამოვაყალიბებთ და მოვამზადებთ, მერე ხომ არ დაიშლება, ისევ ისე გააგრძელებენ გამოსვლას და ბევრად უფრო დიდი ტურნირებისთვის მოემზადებიანო, ითქვა. "მონაკოს პრინც ალბერის ჩამოსვლა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია - ის ხომ სოკ-ის წევრიცაა და ამ ფესტივალის მასპინძლობისთვის გამართულ არჩევნებშიც ჩვენ გვიჭერდა მხარს. ვფიქრობ, ამ ოფისში გადმოსვლაც დიდად წაადგება ქართულ ოლიმპიურ მოძრაობას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის სპორტულ დირექტორად შოთა ხაბარელი დაინიშნა, რომელიც ჯერ ცნობილი სპორტსმენი იყო, მერე - ასევე წარმატებული მწვრთნელი. ვიმედოვნებ, ის კარგად გაუწევს კოორდინაციას ჩვენი გუნდების მომზადების პროცესს და ამ ფესტივალზე ღირსეულად გამოვალთ" - განაცხადა ნაცვლიშვილმა. "ჩემი სურვილი იქნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა იმ ფედერაციებისა და გუნდების მთავარ მწვრთნელებთან, რომლებიც ფესტივალზე უნდა გამოვიდნენ. არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მით უფრო, წინ მთელი ოთხი წელიწადია, რაც ნამდვილად არაა მცირე დრო და მჯერა, შევძლებთ ფესტივალისთვის ღირსეულად მომზადებას" - თქვა ხაბარელმა.