ევროპის ოლიმპიური კომიტეტების კომისია კმაყოფილი დარჩა

AutoSharing Option
"სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოლიმპიურ მოძრაობაში ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია"- ეს სიტყვები ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა შარშან იანვარში თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რამდენიმე თვის შემდეგ კი საქართველოს დედაქალაქს 2015 წლისთვის სწორედ აღნიშნული ფესტივალის ჩატარების უფლება მიანიჭეს.

როდესაც ამა თუ იმ ქალაქს ასეთი მასშტაბური სპორტული ფორუმის ჩატარებას დააკისრებენ, დროდადრო შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციიდან სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი ჩამოდის, სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ზოგადად ფესტივალისადმი მზადების მიმდინარეობას აკვირდება.

გუშინ გამთენიისას, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარე,
ბელგიელი გვიდო დებონდტი და უშუალოდ "თბილისი-2015"-ის კოორდინატორი, სლოვაკი ჟოზეფ ლიბა ჩამოვიდნენ და სხვადასხვა სპორტული ბაზები დაათვალიერეს. ევროპელ კომისრებს მასპინძლობას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე, მერიის სპორტის სამსახურის უფროსი მერაბ ჩიქობავა, "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ჩომახიძე და სპორტული დირექტორი შოთა ხაბარელი უწევდნენ.

მათ თბილისის ფესტივალისთვის გათვალისწინებული ყველა სპორტული ობიექტი დაათვალიერეს და ზოგადად კმაყოფილება გამოთქვეს, თუმცა, რა უნდა გამოსწორდეს, ისიც მიგვითითეს. მსგავსი რანგის შეჯიბრისთვის უმთავრესი კომპონენტი სპორტსმენთა საცხოვრებელი, ანუ ოლიმპიური სოფელია, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და ფესტივალის დასრულების შემდეგ სტუდენტთა ქალაქი გახდება. თბილისის ზღვაზე დღეს ოლიმპიური სოფლის მაკეტის პრეზენტაცია შედგა, რომელიც სტუმრებს ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გააცნო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში აღნიშნული ოლიმპიური სოფელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

სეოკ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული