ახალი ოლიმპიური სპონსორი

AutoSharing Option
შეთანხმება ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა, მაგრამ იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი სპონსორი ეყოლება - საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანული ნავთობკომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმი”.

გუშინ კომპანიის წარმომადგენელი, ”ლონდონი-2012”საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი სევე კირიაკოუ სეოკ-ს ესტუმრა, სადაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ უმასპინძლეს. შეხვედრის მთავარი მიზანი პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ჩვენი გუნდის დაფინანსება იყო, თუმცა არც გაისად გასამართი ჩვეულებრივი ოლიმპიადა დავიწყებიათ.

სტუმართა თხოვნით, საბოლოო გარიგება დაახლოებით ორ კვირაში შედგება, თუმცა ძირეულ პრინციპებზე უკვე შეთანხმდნენ - კომპანია ორივე
გუნდს დააფინანსებს, ოღონდ ჩვეულებრივი ოლიმპიადის შემთხვევაში ისინი მხოლოდ დაეხმარებიან ეკიპირების, სპორტული, ყოველდღიური, საპარადო სამოსის თუ ამგვარი სახის ხარჯების გაწევაში, პარაოლიმპიურს კი ბევრად უფრო ფართოდ დააფინანსებენ - ჩაუტარებენ შიდა შეჯიბრებებს, გააგზავნიან სალიცენზიო ტურნირებზე, აუნაზღაურებენ მგზავრობას ლონდონამდე (ეს კომპანია საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია და ბილეთების ფულს ყველას უხდის). იქ, ადგილზე კი ოფიციალურ მიღებას გაუმართავენ.

გუშინდელ შეხვედრაზე ნიადაგი უფრო ხანგრძლივ შეთანხმებასაც მოუსინჯეს - სტუმრებს ”თბილისი-2015” სპონსორობაზე ჩამოუგდეს სიტყვა, რასაც სასიამოვნო გამოეხმაურება მოჰყვა. თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი მაინც უფრო მეორე რიგის გეგმაა, პირველი კი ლონდონის პარაოლიმპიური თუ ჩვეულებრივი ოლიმპიადაა. ხელშეკრულებაც იმ თამაშებამდე იდება, მაგრამ თუ ”თბილისი-2015” სპონსორობასაც მიაღწიეს, თანამშრომლობა უფრო დიდხანს გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული