ექვსი მედლით მეტი

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგით 123-ე სესიამ, რომელიც დღეს აირჩევს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქს, გუშინ კი დელეგატებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - 2014 წელს, სოჭის ზამთრის თამაშების პროგრამაში სამ ახალ დისციპლინას შეიტანენ: სლოუპსტაილი ფრისტაილში, სლოუპსტაილი სნოუბორდში და პარალელური სლალომი ასევე სნოუბორდში.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ სახეობებში მამაკაცებისა და ქალების სტარტები ცალ-ცალკე გაიმართება, სოჭის ოლიმპიადაზე დამატებით მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდება. სულ 2014 წლის ოლიმპიადაზე 98 ჩემპიონს გამოავლენენ. 2010 წელს ვანკუვერში ეს რიცხვი
86-ს უდრიდა.

როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ განაცხადა, სლოუპსტაილმა (შეჯიბრების ტიპი, რომელშიც სნოუბორდისტები და მოთხილამურეები სიმაღლიდან დაშვებისას აკრობატულ ნახტომებს ასრულებენ) ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამ სახეობების პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ის სათხილამურო სპორტის ასოციაციამ. სწორედ ამერიკელები მიიჩნევიან ამ დისციპლინებში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ოლიმპიური კომიტეტი სოჭის პროგრამაში სამთო-სათხილამურო სპორტში გუნდური ტურნირის დამატებას აპირებდა, მაგრამ გუშინ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

გარდა ამისა, სოკ-ის აღმასკომმა დაამტკიცა სპორტის იმ სახეობების სია, რომლებსაც 2020 წლის ზაფხულის თამაშების პროგრამაში შეიტანენ. იქ მოხვდნენ: ბეისბოლი, სოფტბოლი, კარატე, გორგოლაჭებიანი სპორტი, სქვოში, სპორტული მეკლდეურობა, ვეიკბორდინგი და უშუ. ამჯერად უარი უთხრეს სპორტულ ცეკვებს, სერფინგს, ბოულინგსა და ნეტბოლს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული