პიონჩანგმა 2018 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო

AutoSharing Option
2018 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობის უფლება სამხრეთკორეულ პიონჩანგს ერგო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 123-ე სესიაზე. კორეელებმა ორ კონკურენტს - გერმანულ მიუნხენსა და ფრანგულ ანსის დიდი უპირატესობით აჯობეს.

ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი არჩევნების პირველი რაუნდის შემდეგ გახდა ცნობილი. ხმის მიცემის უფლება სოკ-ის 95 წევრს ჰქონდა და აქედან 63 ხმა პიონჩანგმა მიიღო, 25 - მიუნხენმა და მხოლოდ 7 - ანსიმ.

კორეელები ზედიზედ მესამედ ცდილობდნენ თეთრი ოლიმპიადის მასპინძლობის მიღებას - 2010
და 2014 წლის არჩევნები მათ შესაბამისად, ვანკუვერთან და სოჭთან წააგეს. პიონჩანგს წინასაარჩევნო გამოცდილება საკმარისად დაუგროვდა და ამჯერად მაინც დაუმტკიცა ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, რომ დიდი შრომითა და მონდომებით ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

წინასაარჩევნოდ ძალთა თანაფარდობა ასეთი იყო: ალპებში ჩაკარგული პატარა ქალაქი ანსი თავის უპირატესობად ადგილმდებარეობას ასახელებდა. 1992 წელს თამაშები სწორედ ასეთ ქალაქში - ალბერვილში ჩატარდა და მაშინ ფრანგების მიმართ პრეტენზია არ ყოფილა. მეორეს მხრივ, ანსიში ჩასული სოკ-ის დელეგატები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ იქ ჯერ საკმარისად არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა და მთლიანად კურორტიც ნაკლებადაა ცნობილი ტურისტებისთვის. ანსიმ სწორედ ამიტომაც განიზრახა ოლიმპიადის ჩატარება, რომ მომავალში ტურისტული ბიზნესიდან მეტი შემოსავალი ჰქონოდა.

მიუნხენს კონტრასტის იმედი ჰქონდა - მეგაპოლისი რუქაზე ნაკლებად შესამჩნევი დასახლებების წინააღმდეგ. აქ ერთხელ უკვე ჩატარდა ოლიმპიური თამაშები (1972 წელს), ოღონდ ზაფხულის და ის ყველას ისრაელის ნაკრების წევრთა წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტით დაამახსოვრდა. მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა, მაგრამ გერმანიას ოლიმპიადისთვის აღარ უმასპინძლია.

ახლა მართლაც იყო ბრძოლის შანსი. მიუნხენი - ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია, სადაც ყველაფერი მზად არის სპორტსმენების მისაღებად და მათ დასაბინავებლად, რჩებოდა მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გერმანელების იმედად ყოფნა ნებისმიერი ტურნირის ორგანიზებისას შეიძლება, ამიტომაც მიუნხენის განაცხადი პროცენტული მაჩვენებლით კონკურენტებზე მეტად ფასობდა. მაგრამ ხშირად პროგნოზი საბოლოო არჩევანს არ ემთხვევა.

პიონჩანგმა ათეულობით წელი დაკარგა და 2009 წელს ბიატლონის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატარა იმისთვის, რომ ის აღარასოდეს არეოდათ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში.

აქ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს (ანსიზე ნაკლები), არადა, პიონჩანგი უფრო დაბაა, ვიდრე ქალაქი და ეს ადგილი ჩაკარგულია კორეის ჩრდილოეთში, სეულისგან აღმოსავლეთით. შეგახსენებთ, პიონჩანგმა სოჭთან ფინალურ რაუნდში მხოლოდ ოთხი ხმა წააგო, უფრო ადრე ვანკუვერს კი არჩევნების პირველი რაუნდი მოუგო, მაგრამ მეორეში დამარცხდა. ასეთი მტკივნეული ორი მარცხის მიუხედავად, კორეელები არ დანებდნენ და შესაშური სიჯიუტით აშენებდნენ სპორტულ ობიექტებს, წესრიგში მოჰყავდათ ინფრასტრუქტურა. თუმცა ისიც ცხადია, რომ ის სპორტული შენობები, რომლებსაც ათი წლის წინ მომავლის ობიექტებს უწოდებდნენ, ჩვენს დღეებში და მით უმეტეს, 2018 წელს თანამედროვედ აღარ ჩაითვლება. მაგრამ კორეაში არ დანებდნენ და ახალი არგუმენტები მოამზადეს.

ტრადიციულად, არჩევნებს წინ უძღოდა პრეტენდენტი ქალაქების პრეზენტაცია. პირველები სცენაზე მიუნხენის წარმომადგენლები ავიდნენ ქვეყნის პრეზიდენტის კრისტიან ვულფის მეთაურობით. გერმანელთა განაცხადს ხელმძღვანელობდა ლეგენდარული კატარინა ვიტი. მეორენი იყვნენ ფრანგები - ნიკოლა სარკოზის გარეშე, სამაგიეროდ ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი ჩინოვნიკით ჟან-კლოდ კილითა და ფრისტაილის ვარსკვლავით კევინ როლანით.

დაბოლოს, საკუთარი პრეზენტაცია წარმოადგინეს კორეელებმა. მათ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქვეყნის პრეზიდენტი ლი მენ ბაკი, პუბლიკის ყველაზე დიდი ინტერესი კი ფიგურულ სრიალში ვანკუვერის ოლიმპიადის ჩემპიონმა, მომხიბვლელვა იუ ნა კიმმა დაიმსახურა. საბოლოოდ, ახალგაზრდა კიმმა აჯობა გამოცდილ ვიტს.

შემდეგ კი იყო ხმის მიცემის პროცედურა. საკუთარი არჩევანის დაფიქსირების უფლება არ ჰქონდათ გერმანიის, საფრანგეთისა და კორეის წარმომადგენლებს, აგრეთვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჟაკ როგეს.

მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდა: ხმების აბსოლუტური უმრავლესობით პიონჩანგმა სასტიკად დაამარცხა კონკურენტები. ბოლოს მსგავსი რამ 1995 წელს მოხდა, როცა ბუდაპეშტში გამართულ სესიაზე პირველივე ტურში 2002 წლის ზამთრის თამაშების მასპინძელი გახდა სოლტ-ლეიკ-სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული